среда, 22 апреля 2020 г.

გმირის სახელის გადასარჩენად: 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უცნობი ფრაგმენტი


საქართველო-რუსეთის 1921 წლის ომი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და სისხლიანი ეპიზოდია, რომლის შედეგად ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და 70 წლით კვლავ იმპერიის ტყვეობაში მოექცა. ბოლო წლებში, ამ ომს ბევრი მკვლევარი გამოუჩნდა და მემუარებისა თუ საარქივო მასალის საშუალებით ისტორიის ფრაგმენტულად აღდგენაც დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი  საინტერესო ამბავი 1932 წელს დაწერილ მემუარში იქნა აღმოჩენილი და მოგვაწოდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ნინო უგულავა-კრესენშტეინმა, რომელსაც თავის მხრივ, დაეხმარა გერმანელი არქივისტი ალექს ვესელსკი პოტსდამის არქივიდან, სადაც მრავალი მნიშვნელოვანი საბუთი ინახება როგორც საქართველოდან წაღებული, ისე კავკასიის სხვა ქვეყნებიდან. 
ეს საბუთები 1921-დან 1924 წლამდე პერიოდში ინკოგნიტოდ გაჰქონდათ საქართველოდან, რათა ბოლშევიკებს ხელთ არ ეგდოთ. მემუარები ეკუთვნის 1921 წლის ომის მონაწილეს, ქართველ პოლკოვნიკს ზაქარია გიორგის ძე თაბაგარს. ზაქარიას ქვეყანა 1923 წელს, ფარულად დაუტოვებია ფოთიდან. წლების განმავლობაში ის გერმანიაში ცხოვრობდა, ქალაქ ჰაიდელბერგში, შემდეგ კი, ბერლინში გადასულა, სადაც ხელოსნად მუშაობდა. 1932 წელს დაუწერია მემუარები „ჩემი ცხოვრება დაკარგულ სამშობლოში", სადაც თავისი ცხოვრების დეტალების გარდა, 1921 წლის ომის ერთ მეტად გამორჩეულ ფრაგმენტსაც გვაწვდის. 
ალექს ვესელკსი აძლევს ინტერვიუს შვედ ჟურნალისტს
ბუნებრივია მემუარებით ისტორიულ ფაქტზე მსჯელობა რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლკოვნიკ ზაქარია თაბაგარის მემუარებში მოთხრობილ ამ ამბავს ამყარებს ნოე ჟორდანიას უკვე კარგად ნაცნობ მემუარებში მოცემული ცნობა და 1 საარქივო დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივიდან.
ქალაქი ფოთი 1923 წელს. იოზეფ შტეილბერგის ფოტო

 ეს დოკუმენტი, უფრო სწორად მინაწერი, რომელიც თბილისის დატოვებამდეა შედგენილი კანცელარიაში, შემთხვევით, შეუმჩნევლად ჩარჩა ძველ საქაღალდეში და მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, სანამ არქივის თანამშრომელმა ბ.მ-მ არ მიაგნო და გამოსაქვეყნებლად არ მოამზადა (საქმე N1295). მოცემული ცნობების შეჯამებით, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ხატოვან ისტორიას, რომელიც 1921 წლის ომის ბუნდოვანებას ოდნავ მაინც გაფანტავს და მას ღრმა დეტალებიდან დაგვანახებს. 
1921 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის არმია, ქართველი გენერლების მთელი რიგი წარუმატებლობების შემდეგ, უკვე თბილისის სიახლოვეს იყო. მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ, გადაწყვიტა დედაქალაქის გარშემო მოეწყო თავდაცვითი ზოლი და მტერი ამ პოზიციებიდან მოეგერიებინა. მისი მთავარი იმედი ემყარებოდა იმ დროის გამორჩეულ ქართველ საველე სარდალს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს და მის ბატალიონს, რომელიც ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. ბატალიონი კოჯორ-ტაბახმელაზე მოწყობილ სანგრებს იცავდა. 
გენერალი გიორგი კვინიტაძე. ფრანსუა მერენის ფოტო
პირველმა ორმა დღემ წარმატებულად ჩაიარა. ჯარისკაცებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. საბჭოთა რუსეთის არმიის გენერალი ანატოლი გეკერი უკვე მაქსიმალურ ძალებს უყრიდა თავს რათა ბრძოლის ამ უბანზე გაემარჯვა. მაზნიაშვილის ამავე ბატალიონში მსახურობდა მაიორი გოგია შამანაური, რომელსაც მეტსახელად „თეთრ დათვს" ეძახდნენ. ისეთი თეთრი ყოფილა, ყველას უკვირდა კახეთში საიდან დაიბადაო. ისე კი, რუსული სისხლი ჰქონია და გადმოხვეწილი იყო, მაგრამ ვერც ერთი ქართველი აჯობებდა ქართველობაში. გოგია შამანაურზე ამბები დადიოდა, პირველ შეტაკებაზე მარტო რომ დარჩენილა, სხვების თოფებითაც ისროდა და ხმამაღლა ღრიალებდა თურმე. მტერს ეგონა მთელი ბატალიონი აქაა ჩამსხდარიო, რის შემდეგაც უკან დაუხევიათ. ომის დროს როცა ხიშტით წინ მიიწევდა, ყველას ეგონა თეთრი დათვი წითელ დათვს ებრძვისო. 
გოგიას ერთი ძმადნაფიცი თუში ყოლია, ქვისია გოლიათური. რომელიც როგორც გვარის, ისე გამორჩეული სიმამაცის წყალობით, ყველას მართლაც გოლიათი ეგონათ, თუმცა, საარქივო დოკუმენტში, რომელშიც ჯარისკაცების სიმაღლე, წონა და სხვა დეტალებია მოცემული, ჩანს რომ მისი სიმაღლე 1,65 მ არ აჭარბებდა. თურმე გოგიას მისი ნახვის შემდეგ უთქვამს: „ეს ამოდენა გოლიათი რა პატარა ყოფილაო". ამის შემდეგ, ეს ორი კაცი განუყრელი და მაზნიაშვილის ბატალიონის სიამაყე გახდა. ერთმანეთის გარეშე ბრძოლაც არ უნდოდათ. 
მაზნიაშვილის ბატალიონის ჯარისკაცები. ლურჯი ფერით მონიშნულია გოგია შამანაური, წითლით - ქვისია გოლიათური

23 თებერვალს, როდესაც მძიმე ბრძოლების შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე 25 თებერვლისთვის თბილისიდან უკან დახევის გეგმას აწყობდა, მაზნიაშვილის ბატალიონი ატალახებულ სანგარში იყო და დილის ბრძოლებისთვის ემზადებოდა. გათენებამდე, სანამ კვინიტაძის ბრძანება მოვიდოდა, გეკერის გამოგზავნილი სამი ბატალიონი, არტილერიის მხარდაჭერით, კოჯორ-ტაბახმელასკენ დაძრულა იერიშის მოსატანად. გოგია და ქვისია ტყვიას ტყვიაზე ისროდნენ, მაგრამ მარაგი ელვის სისწრაფით თავდებოდა. ბოლო შეტევის დროს, ქვისია ტყვიამფრქვევის ჯერით ჩაცხრილული ძირს დაცემულა. როდესაც გოგიას ეს დაუნახავს, ვეღარ მოუთმენია და კაცს რომელიც მთელი ბატალიონის სიამაყედ ითვლებოდა, თოფი დაუგდია და ბრძოლიდან გაქცეულა. ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია სხვა სამხედროებშიც და საბოლოოდ დააჩქარა გიორგი კვინიტაძისგან თბილისიდან უკან დახევის გეგმის განხორციელება და ეს არა 25 არამედ უკვე 24 თებერვალს მოხდა. 
გენერალი ანატოლი გეკერი
დეზერტირების რისხვა - გენერალი არტემონ ჯიჯიხია

გაქცეული გოგია სხვა დეზერტირებთან ერთად, გორის გზაზე, გენერალ არტემონ ჯიჯიხიას ნაწილს დაუკავებია. ჯიჯიხიას, როგორც ცნობილია, ეზიზღებოდა დეზერტირები. მას მაშინვე დახვრეტა მიუსჯია ყველა მათგანისთვის. მართალია ის პირადად იცნობდა გოგია შამანაურს და მის გმირობას დიდ პატივს სცემდა, მაგრამ ვერ ამოუცვია მათ შორის. მხოლოდ ერთი მოწყალება გაუღია გენერალს. ყველა მათგანისთვის ზიარება მიუღებინებია სიკვდილამდე. როდესაც თოკით შეკრული სამხედროები დასახვრეტად გაუმწკრივებიათ. გოგიას სიმწრით გაუწყვიტავს თოკები, ერთი დაუღრიალია თეთრი დათვივით და გაქცეულა. ჯარისკაცებმა რვაჯერ ესროლეს ზურგში და ყველა ტყვია მიზანს მიწვდომია, მაგრამ გოგია მაინც გადაშვებულა აქაფებულ მდინარეში. ამ ღრიალით, ჯიჯიხია მიმხვდარა რომ წარსული ბრძოლების დიდი გმირი მოუკლავს. „ეს ღრიალი ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს პირველ სანგართან რომ ვნახე როგორ შეაჩერა მარტომ მტერიო" - უთქვამს შემდეგ (იმ დროს ქვისია ჯერ კიდევ მომარაგებაში მუშაობდა). შამანაურის სიკვდილი გენერალს ძალიან უდარდია. მას არ უნდოდა გმირს სახელი დეზერტირობით შელახვოდა, ამიტომ უბრძანებია დახვრეტილთა სიაში, გოგიასთვის სახელი და გვარი შეეცვალათ. 
ომის თითოეული, ასეთი გამორჩეული გმირის ამბავი, დიდი ისტორიის ნაწილია და ჯაჭვის ის აუცილებელი რგოლია, რომლის გარეშეც საქართველოს ისტორია ვერ შედგება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქართველი გმირების შესახებ, თუნდაც დამარცხებული ომებიდან, რომლებშიც მათ თავდაუზოგავად იბრძოლეს სამშობლოსათვის.


უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია





суббота, 17 ноября 2018 г.

ალეპოს წყევლა: გიორგი სააკაძის სიკვდილის საიდუმლოება


გიორგი სააკაძის ბაზალეთის ომში დამარცხების, ოსმალეთში გადახვეწისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, ცნობილზე ცნობილი ამბავია. დიდი მოურავის, როგორც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნების ცხოვრება მრავალი ისტორიკოსისთვის გადაქცეულა კვლევის საგნად, ბევრი მწერლისთვის კი, შთაგონებად. ზოგი მკვლევარისთვის, სააკაძე მოღალატე და მედროვეა, ზოგისთვის კი - გმირი და ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი. ორივე მხარეს აქვს სათანადო არგუმენტები და ცდილობენ სიმართლე დაამტკიცონ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ, თურქეთის სახელმწიფო არქივებში, ისტორიკოსმა ისქენდერ ბექიროღლუმ (რომელიც წარმოშობით ქართველი გახლავთ, თოქათის პროვინციის ნიქსარის რაიონის ერთ-ერთი ქართული სოფლიდან - უსტაჰასანიდან) გიორგი სააკაძის სიკვდილის შესახებ, საინტერესო დოკუმენტებს მიაგნო, ვფიქრობთ, ეს პრობლემა გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს. 
დავიწყოთ თავიდან: 1987 წელს, ალეპოში, ჰაფეზ ალ-ასადის რეჟიმის დროს, ბელგიელმა არქეოლოგმა პოლ ვან ჰიმსტმა, ალეპოს ციტადელის არქეოლოგიური შესწავლისას, აღმოაჩინა ლითონის ყელსაბამი, დისკოთი. დისკოზე, რომელიც ვან ჰიმსტმა განსაზღვრა XVI-XVII საუკუნეების ეგვიპტურ ნაკეთობად, უცხოენოვანი წარწერა იყო, რომელიც თურქებს იეროგლიფები ეგონათ, მაგრამ ჰიმსტი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ძველქართული ანბანი იყო და ასე იკითხებოდა: „დიდება საქართველოს".
'
პოლ ვან ჰიმსტი

 ყელსაბამი 1998 წლამდე ინახებოდა ალეპოს მუზეუმში, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია, სანამ ისქენდერ ბექიროღლუმ მისი კვლევა არ დაიწყო. ისქენდერი ენთუზიაზმით მიუდგა საქმეს. მალე იპოვა კვალი და ამ კვალმა, სწორედ თურქეთის სახელმწიფო არქივებამდე მიიყვანა...
ისქენდერ ბექიროღლუ აქჰეშირში ატარებს სიბერის წლებს

დოკუმენტები შედგება ამ აღმოჩენამდე  უსახელო ოსმალო ისტორიკოსის „აქშეჰირის ისტორიის" ხელნაწერისაგან და შინაარსიდან გამომდინარე თარიღდება 1630-1640 წლებით. ის ეყრდნობა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის უშუალო შემსწრის, ალი-აბდულ შაჰნავაზიანის, ალეპოს ყადის მოგონებებს. ამავე წყაროს ამყარებს ფრანცისკელი მისიონერის, ემილიო დე მილანოს ჩანაწერები, დათარიღებული XVII საუკუნის 30-იანი წლებით. ეს ხელნაწერი 1992 წლამდე ინახებოდა მადრიდის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, სანამ მილანის არქივი არ შეისყიდდა. სწორედ აქ მიაგნო ბექიროღლუმ ამ დოკუმენტს. ჩვენ შემოგთავაზებთ ამ წყაროების თარგმანების შეჯერებულ ვარიანტს, რომელშიც ამბის ძირითადი სათქმელი იკვეთება და ჩანს, თუ რა გახდა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის მიზეზი. 
ემილიო დე მილანო (XIX ს. გრავიურა)

1629 წლის 3 ოქტომბერს, ემილიო დე მილანო, ორ სხვა კათოლიკე პატრთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა. სწორედ აქ უნახავს მას დიდი სამხედრო ბანაკი, სადაც არა ოსმალები, არამედ ქართველები დახვედრიან. 15 ათასი ქართველი, შეჭურვილი საუკეთესოდ, ამხედრებული საუკეთესო ცხენებზე, თავიანთ მეთაურს ელოდნენ. როგორც ერთი ქართველისგან, იონა იბრაჰიმ ათაბეგისგან შეუტყვია ემილიო დე მილანოს, ამ კაცს დიდი მოურავის სახელით მოიხსენიებდნენ. მეომრებს გულზე ერთნაირი ყელსაბამები ჰქონდათ, წერს ემილიო, რომელზეც ქართულ ანბანზე რაღაც ფრაზა იყო ამოტვიფრული. 1 კვირის შემდეგ, დამასკოში გაკეთებულ ხელნაწერში ფრანცისკელი ბერი უკვე ახალ დეტალებს გვატყობინებს. 
ემილიო დე მილანო დამასკოში, 1629 წ. (XVII ს. უცნობი ვენეციელი მხატვრის ნახატი)


გიორგი სააკაძე, დიდი მოურავი 3 ოქტომბერს ჰუსრევ ფაშას სიკვდილით დაუსჯია, რადგან თურმე, 15 ათასი ქართველით, რომელიც ემილიო დე მილანომ რაქასთან ნახა, საქართველოში დაბრუნებას და მის გათავისუფლებას გეგმავდა. ქართლის მეფეს, თეიმურაზს, რომელიც შეშინებულა გიორგი სააკაძის დაბრუნების შესაძლებლობით, მაშინვე შეუტყობინებია ჰუსრევ-ფაშასთვის თუ რა ჰქონდა გულში დიდ მოურავს. 
ჰუსრევ-ფაშა (XIX ს. გრავიურა)

ბექიროღლუს მიერ, დამასკოს არქივში ნაპოვნ ფასდაუდებელ დოკუმენტში - გიორგი სააკაძის მემუარებში, რომელმაც მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე, გიორგის სიტყვები წერია: „და დღე იქმნა მზიანი, ალაპლაპებული მზის სხივები ანათებენ ეგვიპტიდან, ოსმალეთიდან, სპარსეთიდან ნარჩევ ქართველ მამულიშვილებს. ყველას მზის დისკო უნათებს გულს, დიდება საქართველოს". აქ იგულისხმება სწორედ ისეთი ყელსაბამები, როგორიც ვან ჰიმსტმა იპოვა ალეპოს ციტადელში. ასევე არის ერთი საინტერესო დეტალი, საიდანაც ჩანს, რომ სააკაძე მოსალოდნელ ღალატისგან შექმნილ საფრთხეს კარგად იაზრებდა: „ვადგავარ საქმესა ქართლისასა, მეშინის, ყურს უკან გამუდმებით ბრუტუსის ხმისა. ჰოი საქართველოვ, შენ ბეჭებს ისევ ქართველები ამოუდგებიან გაბრწყინებისკენ"...
მაგრამ ბედის ჩარხი ისევ უკუღმა დატრიალდა, ქართველს ქართველმა ისევ უმუხთლა და თეიმურაზ მეფის მოწოდებით, ჰუსრევ ფაშამ, რომელიც შურით აღსავე შეჰყურებდა გიორგის აღზევებას ოსმალეთის კარზე, დიდი მოურავი ალეპოში სიკვდილით დასაჯა. 
ალი-აბდულ შაჰნავაზიანის ზემოთხსენებული მოგონებების მიხედვით, გიორგის თავის მოკვეთის წინ, ისე ხმამაღლა დაუღრიალია: „დიდება საქართველოს", ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანზე ამას ისეთი დიდი ზეგავლენა მოუხდენია, სულთნისთვის წერილი გაუგზავნია, ქართველებს დიდი კაცი მოვუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანი, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადის, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაი და მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო და ჰუსრევ-ფაშასთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია. 
დიდი მოურავი, ქრისტოფორო დე კასტელის ნახატი, XVII ს.

მაგრამ ისტორია ამით არ სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ 1629 წელს, ოქტომბერში, ქალაქი ალეპო ნანგრევებად იქცა. ბევრი ისტორიკოსი ამას ძლიერ მიწისძვრას აბრალებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის მიხედვით, როდესაც რაქასთან დაბანაკებულ 15 ათას ქართველს დიდი მოურავის სიკვდილი აცნობეს, ისინი გაცეცხლებულები ამხედრებულან ცხენებზე და მთელი ძალებით ალეპოსკენ დაძრულან. მიწა იძვროდა მათი ცხენების ფლოქვებქვეშ. იონა იბრაჰიმ ათაბეგს შეუძახია „მზე აღმოსავლეთიდან ისე ანათებს, როგორც საქართველოშიო" და ცხენი რომ გააჭენა გაუფიქრია, მიწაც კი ეხმიანება ძმადნაფიცთა გამარჯვებასო. ქართველ მამულიშვილთა ჯარს იერიშით აუღია ქალაქი, გადაუწვავს, დაუნგრევია და მიწასთან გაუსწორებია. ქალაქთან ერთად დამარხულია ის ყელსაბამები, წარწერით „დიდება საქართველოს", რომლებიც მეომრებს თან ჰქონდათ. მათგან მხოლოდ ერთი ცალია ნაპოვნი, ვან ჰიმსტის მიერ, რომელიც გახდა კიდეც საფუძველი ამ ისტორიის კვლევისა.

ალეპო დღეს

დანარჩენები კი მეომრებს ერთად გადაუდნიათ, დიდი ჯვარი გაუკეთებიათ და სათაყვანო გმირის საფლავზე აღუმართავთ. უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ალეპო ნანგრევებად იყო ქცეული, სანამ XIX საუკუნეში ეს ქალაქი ისევ არ აღადგინეს მაჰმუდ II-ს მმართველობის დროს. თუმცა, დღემდე, დაწყევლილი ქალაქი ომის ქარცეცხლშია გახვეული, რადგან ამ მიწას მართალი კაცის სისხლი აცხია. 

воскресенье, 27 мая 2018 г.

ტელეკომპანია „ობიექტივზე" თამილა აყაშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს


ტელეკომპანია „ობიექტივზე", 26 მაისს, გურამ ნიკოლაიშვილის გადაცემაში, გიორგი აღნიაშვილმა ისაუბრა მსოფლიოში პირველი ქალი გენერლის, თამილა აყაშვილის მოღვაწეობაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას პირველად „რეალური ისტორიის ბლოგმა" ამცნო.

воскресенье, 29 октября 2017 г.

რატომ ცხოვრობს თბილისში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი: უცნობი ფაქტი XX ს. ისტორიიდან


საქართველოს დედაქალაქისა და ისტორიის გარკვეულ პერიოდებში, კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული, სავაჭრო და კულტურული დანიშნულების ქალაქის - თბილისის ისტორია დღეს საკმაოდ ბევრ მკვლევარს იზიდავს შესასწავლად. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ თუ ზუსტად როდის დაარსდა თბილისი, ვინ და როდის ააგო მისი ციტადელი, რა იყო ამ ქალაქის პირველი სახელწოდება და ა.შ. მაგრამ აშკარაა რომ მარქსისტული საისტორიო სკოლის გავლენით, სოციალურ ისტორიას, თბილისის კვლევაში, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. არადა, სოციალურ ისტორიას შეუძლია დაგვანახოს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ზოგადი, პოლიტიკური ისტორიის კვლევით, არ გამოვლინდება. ერთ-ერთი ასეთი დეტალი საქართველოს ეროვნულ არქივში, ძველი დოკუმენტების რუსეთის სახელმწიფო არქივში (Российский государственный архив древних актов - РГАДА) და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის ისტორიაზე მუშაობისას გამოვავლინეთ. ეს დეტალი წყვეტს ქართული ისტორიოგრაფიის დიდ პრობლემას და საქართველოს ისტორიაში ახალ ფურცელს ავსებს. მუშაობისას შექმნილი პრობლემების მოგვარებისთვის, მადლობას ვუხდით ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ვაჟა მირიანაშვილს და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის თემატას სტრატიოტს ბასილი ბულგარაძეს. ქვემოთ მოყვანილი ფაქტები მაქსიმალურად მოკლედ და პოპულარული ენითაა გადმოცემული; უკვე მომზადებული სამეცნიერო ვერსიის გამოქვენება კი მომავალში იგეგმება.
წითელი არმია თბილისში, 1921 წ. 

როგორც იცით, 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის 26 მაისიდან არსებობდა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მსხვერპლი გახდა და დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. მთავრობის წევრები იძულებულები გახდნენ უცხოეთში გადახვეწილიყვნენ. მათ კვალს დაადგნენ უმაღლესი სამხედრო პირებიც. ბოლშევიკები თანდათანობით უსწორდებოდნენ დამოუკიდებლობის მსურველ ქართველ მამულიშვილებს და სასტიკად დევნიდნენ სტუდენტთა იატაკქვეშა, ფარულ ორგანიზაციებს. დაიწყო ქვეყნის  მმართველობის გადაწყობა და აგრარული რეფორმების გატარება. 1922 წელს, კომუნისტურ პარტიაში წამოიჭრა საკითხი - როგორი უნდა ყოფილიყო ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს ორგანიზება, შეენარჩუნებინათ თუ არა ცალკეული რესპუბლიკები ისტორიულ საზღვრებში მცირედი კორექტირებით. ერთ-ერთ ძირითად საკითხად იქცა ქალაქ თბილისის საკითხი. თბილისის საკითხით დაინტერესებულები იყვნენ როგორც იქ მცხოვრები ქართველები, ასევე სომხებიც, რომლებიც ქალაქში თითქმის უმრავლესობას წარმოადგენდნენ (51% ქართველი, 44% სომეხი, 3% რუსი, 2% თათარი). დავა გახანგრძლივდა და 5 მარტიდან 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. ცენტრალური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებით, თბილისი არ მიეკუთვნა არც სომხეთის სსრ-ს არც საქართველოს სსრ-ს, არამედ, შეიქმნა ცალკე, თბილისის სსრ. ეს იქნებოდა ცალკეული საბჭოთა რესპუბლიკა, ქალაქი. ბრძანებას ხელი მოეწერა 12 ნოემბერს უკვე თბილისში იყო. საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა „ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის" დაარსება. სამენოვანი (ქართულად, სომხურად, რუსულად) განცხადება ათი ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და გავრცელდა როგორც თბილისში, ისე ერევანსა და ბაქოში. აღსანიშნავია რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები და რეაქცია მოსახლეობაში. საინტერესოა რომ ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენიათ იოსებ სტალინს, ფილიპე მახარაძესა და სერგო ორჯონიკიძეს. თუმცა, რადგან დოკუმენტების ნაწილი საიდუმლოა ან განადგურებულია, რას საქმიანობდნენ ამ წლებში ისინი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბაქო (XX ს. 20-იანი წლები)
სერგო ორჯონიკიძე

ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის სასწრაფოდ შეუკვეთეს დროშა, გერბი და ბეჭედი, თუმცა ვერც ერთის დამზადება ვერ მოესწრო გარკვეული მოვლენის გამო, რომელსაც ქვემოთ აღვწერთ.
14 ნოემბერს, მას შემდეგ რაც თბილისის საქართველოდან გამოყოფნის შესახებ ხმები უკვე მთელ საქართველოში გავრცელდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი თბილისური ელიტა, რომელშიც მთელ ქვეყანაში ავტორიტეტული პირები, საქართველოს ისტორიული რეგიონების ყველაზე გავლენიანი თავადების შთამომავლები იყვნენ, ორჯერ შეიკრიბნენ და ეს საკითხი განიხილეს. საჭირო იყო სასწრაფოდ მოქმედების დაწყება. როგორც კომუნისტური პარტიის წევრი ზუგდიდიდან, ნომადი ბარქაია წერს 1922 წლის 16 ნოემბრის წერილში სერგო ორჯონიკიძისადმი; ვარლამ წერეთელმა, სილიბისტრო შერვაშიძემ, გიორგი დადიანმა და მევლუდ წიკლაურმა აღელვებული ხალხის დარაზმვა დაიწყეს, თუმცა ეს აშკარად არ იყო სამხედრო ამბოხი, რომლის წინააღმდეგაც წითელ არმიას უნდა ემოქმედა; ამავე დროს კი, მილიცია ვერ ახერხებდა გლეხობის მასობრივი მოძრაობის შეჩერებას.
ნომადი ბარქაია (1929 წ.)
ელიზბარ არაბული (1930-იანი წლები)

 „გლეხობას ეძახიან, ჩავიდეთ, მიწა დავიჭიროთო" (ანტონი კობახიძე, 1922 წ. 16 ნოემბერი), „მთელის სამეგრელოს გლეხნი ზღვად მოემართებიან ტიფლისისკენ" (ნომადი ბარქაია, 1922 წ. 17 ნოემბერი); „მთის ხალხი, ფეხით, ურმით თუ ცხენით, თელავისკენ დაიძრა და იქადნიან ტიფლისს მივალთო" (ელიზბარ არაბული, 1922 წ. 18 ნოემბერი). არაბულის გადმოცემით, მთაში ისეთი მძაფრად იგრძნობოდა აღშფოთება და გულისტკივილი რომ ყველა თბილისზე საუბრობდა, წმინდა გიორგის ხატსაც კი ლამის პატარა თბილისი მიახატეს. განსაკუთრებით გამოუდია თავი მწერალს დავით კლდიაშვილს, რომლის თაოსნობით მთელი იმერეთი დარაზმულა თბილისისკენ, გარდა ქუთაისისა. ქუთაისის მმართველობამ მოახერხა ხალხის შეკავება დროული მოქმედებით და ახალი დაპირებებით, რომ საქართველოდან სსრ-დან თბილისის გასვლის შემდეგ, დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი მიიღებდა. ქუთაისში ყოველთვის არსებობდა გარკვეული შური და უკმაყოფილება ამ მხრივ და მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა რომ დედაქალაქი სწორედ ქუთაისი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ქუთაისელთა უმრავლესობამ იმ დროს უარი განაცხადა თბილისში წასვლაზე.
ქუთაისი, 1922 წ.


ხალხის ორგანიზება მეტნაკლებად მოხერხდა და ისინი თბილისთან ახლოს შეერთნენ. საერთო რიცხვის განსაზღვრა რთულია, თუმცა, სულ მცირე მილიონამდე მაინც აღწევდა, რაზეც РГАДА-ში მოპოვებული ორი საბუთიც მეტყველებს. ამ დროისთვის თბილისში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, მისი გამოყოფა საქართველოს სსრ-დან არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. 120 ათას ადამიანს არ შეეძლო თბილისის მიწის დაჭერა, რომ საბჭოთა რუსეთს ცალკე არ წაეღო. მაგრამ ამას 1,200 000 ადამიანი შეძლებდა. 
1922 წლის 22 ნოემბერს, როდესაც საზღვრების მონიშნვნა დაასრულეს და თბილისის მიწა უკვე უნდა გაეტანათ საქართველოს საზღვრებიდან, აღმოჩნდა რომ მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო, თითქოს მიწას ჯაჭვებით იჭერენო. იმდენი გლეხი იყო შეკრებილი, რომ მიწის თითოეული გოჯი ეჭირათ, თანაც, როგორც გზად მომავალნი, ისე თბილისის მიწაზე მდგომნი, ისინი ცნობილი სიმღერის „თბილისოს" ძველ ვერსიას ერთხმად მღეროდნენ (ამ ისტორიული მოვლენის ინსპირაციით დაიწერა „თბილისოს" შემდგომი, ყველასთვის ნაცნობი ვერსია). რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი მოხერხდა. მოსკოვში სასწრაფოდ შეკრებილმა პარტიულმა ყრილობამ 1922 წლის 25 ნოემბერს, ოფიციალურად გააუქმა ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შექმნა მთელ ქართულ გლეხობასთან დაპირისპირებას და ქვეყანაში მასობრივ არეულობას უდრიდა. ამის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს ვლადიმირ ლენინი (1922 წ. 25 ნოემბერი). თბილისი საქართველოს  სსრ-ს შემადგენლობაში დარჩა.
სვანეთიდან თბილისის გადასარჩენად ჩამოსული ქალები, 1922 წ.
თბილისის ფართობის სწრაფი ზრდა 1922 წელს

იმავე წლის ბოლოს, ქალაქის მოსახლეობის უჩვეულო ზრდა დაფიქსირდა, რამაც თბილისი მილიონიან ქალაქთა სიაში მოახვედრა. ეს დეტალი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად აღნიშნულა სხვადასხვა საბუთებში, რატომღაც ყურადღების გარეშე დარჩა და მოსახლეობის ეს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდა არ დაუკავშირებიათ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან. 
წლები         მოსახლეობის რიცხოვნობა  
1795                       21 559
1850                       49 411
1900                       110 322
1922                       120 105
1923                       1 256 663

როგორც ვხედავთ, ყველა ჩამოსული გლეხი ქალაქში დარჩა და ქალაქის ახალი უბნები დაარსა. ხალხს ეშინოდა ქალაქის დატოვების, რადგან მათ მეხსიერებაში რჩებოდა ის პერიოდი, როდესაც თბილისი საქართველოს სსრ-დან უნდა გამოეყოთ. მათი შთამომავლობის უმეტესობას დაავიწყდა ეს მოვლენა, მაგრამ მათ ისტორიულ მეხსიერებაში დარჩენილია, რომ ქალაქის დატოვება რაღაც უარყოფითთან, ცუდთან ასოცირდება, ამიტომ ხალხი თბილისს აღარ ტოვებს და ქალაქის მოსახლეობა მუდმივად იზრდება. ეს კი, პასუხს გვაძლევს მთავარ შეკითხვაზე - თუ რატომ ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ქალაქ თბილისში. 

понедельник, 9 января 2017 г.

ჩაყინული მომავალი: დარიალის კარის უცნობი ისტორია


დარიალის კარი - უძველესი, იდუმალი უღელტეხილი კავკასიონის მთაგრეხილზე, საქართველოს ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული. ჭირსა თუ ლხინში, დარიალის კარი ყოველთვის აქტუალური რჩებოდა როგორც ქართველთათვის, ისე უცხოელებისთვისაც - ყოველგვარ კავშირს ჩრდილოეთისა და სამხრეთისა ის განსაზღვრავდა. რასაკვირველია ყველამ კარგად იცის როგორ გადაიარა ვახტანგ გორგასალმა ეს კარი, რამდენჯერ შემოსულან იქიდან მოკავშირე სარმატ-ალანები ქართველთა მტრებთან საომრად, როგორ ცდილობდნენ რომაელები, პართიელები თუ სხვანი მის დაპატრონებას, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები და ისტორიკოსები თუ არქეოლოგები, თავიანთ ფუნდამენტურ კვლევებში თითქმის არ ახსენებენ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს დარიალის კარსა და ფარსმან ქველზე, რომელიც რამდენიმე ისტორიულმა წყარომ შემოგვინახა
საკითხის ისტორიოგრაფია
პირველი წყარო, რომელშიც ეს ისტორიაა აღწერილი, ბერძნული წარმომავლობის რომაელი ავტორის, ფლავიუს არიანეს (I-II სს.) თხზულებააზიის სიძველენია". „აზიის სიძველენი" 4 ტომისგან შედგება, ჩვენთვის საინტერესო ამბავი მეორე ტომში გვხვდება. ტექსტი ბერძნულენოვანია და მისი თარგმანი უცხო ენებზე ჯერჯერობით არ არსებობს. ალბათ არიანეს თხზულებიდან უნდა გადაეღო ეს ამბავი ისიდორე სევილიელს (VI-VII სს.), სევილიის არქიეპისკოპოსს, რომელმაც ფარსმანისა და დარიალის კარის ისტორია პირველ ქრისტიანულ, ევროპულ ენციკლოპედიაში შეიტანა. უფრო გვიან, XVII საუკუნეში, ეს ამბავი ხელახლა ამოტივტივდა. ამჯერად ინგლისში, სადაც 1604-1611 წლებში, მეფე ჯეიმსის (ანუ იაკობის დროს) ხელახლა გამოსცეს ბიბლია, ცნობილიმეფე იაკობის ბიბლიის"(King James Bible) სახელით
მეფე იაკობის ბიბლია  (King James Bible) 
სერ იან ტერენს ბოთამი, ჩრდილოეთ ირლანდიის მეცნიერებათა
აკადემიის პრეზიდენტი

მეფე იაკობის ბიბლიის პირველად ვერსიას, მოჰყვებოდა ტექსტობრივი დამატებები, რომელშიც ბევრი ისეთი ამბავი იყო შეტანილი, რაც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა. სწორედ იქაა მეფე ფარსმანისა და დარიალის კარის საიდუმლოც. მეფე ჯეიმსის ბიბლიაზე წვდომის საშუალება მოგვცა ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა თაყვანისმცემელმა, სერ იან ტერენს ბოთამმა, ჩრდილოეთ ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. ჩვენ შევაჯამეთ ყველა ეს ისტორიული წყარო და ამის საფუძველზე აღვადგინეთ ეს უძველესი ისტორია
წყაროების მიხედვით აღდგენილი ისტორია
I-II საუკუნეების მიჯნაზე როდესაც რომი და პართია იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერეს იმპერიებს წარმოადგენდნენ, ქართლის სამეფოში, დიდებული ხელმწიფე - ფარსმან ქველი ზეობდა. ეს იყო განსაკუთრებული ნიჭითა და სიმამაცით დაჯილდოვებული მეფე, რომელიც ცდილობდა კავკასიაში დომინანტ ძალად ექცია თავისი სამეფო. ფარსმანის ინტერესები ხშირად ეჯახებოდა რომისა და პართიის მმართველთა ინტერესებს. განსაკუთრებულად დაიძაბა ვითარება იმპერატორ ადრიანეს იმპერატორობისას (117-138 წწ.), რომელიც ვერ ეგუებოდა ფარსმან მეფის ასე გაძლიერებას და რომის ინტერესების შევიწროებას აღმოსავლეთში. ეს თითქოს პართიის სამეფოსათვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ფარსმანი არც პართიელებს ეგუებოდა და ცდილობდა მათგან ტერიტორიების გამოგლეჯას. პართიის მეფე ოსროესმა (ხოსროს) რამდენჯერმე სცადა იერიში მიეტანა ქართლზე, მაგრამ მისი ურიცხვი ურდოები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ
იმპერატორი ადრიანე

მეფე ოსროეს (ხოსროს) მონეტა

იგივე გზა ელოდათ რომაელებსაც, თუმცა ისინი უბრალოდ ვერც კი ბედავდნენ ქართლზე შეტევას, რადგან ეს შეტევა აუცილებლად მარცხისთვის იქნებოდა განწირული. საქმე ისაა, რომ ფარსმან მეფეს საიდუმლო იარაღი გააჩნდა, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ასეთ ძლიერ იმპერიებთან ბრძოლაშიც კი - ეს იყო დარიალის კარი. დარიალის კარს მიღმა, დიდ და ველურ სტეპებში, რომელიც უზარმაზარ ფართობზე იყო გადაშლილი, ასობით ათასი მომთაბარე ცხოვრობდა (diodorus siculus, I, 15). ეს ველური, თავზეხელაღებული მეომრები მუდამ დამშეულნი და სისხლის მწყურვალნი, ყოველთვის მზად იყვნენ საბრძოლველად, ასაოხრებლად და გასაძარცვად. ერთმანეთთან ხანგრძლივი ომების შემდეგ, ისინი რამდენიმე დიდ ტომად გაერთიანდნენ. სარმატები და ალანები - ასე უწოდებდნენ მათ სხვა ხალხები. სარმატებმა და ალანებმა სამხრეთს დაადგეს თვალი, სამხრეთში, შედარებით დაუცველი, მიწათმოქმედი და მდიდარი ხალხის ხარჯზე ელოდნენ მსუყე ლუკმას. აქ იყო დიდებული ტაძრები, სრა-სასახლეები, ოქროთი მოსირმული იარაღი და უძვირფასესი სამკაულები, რომლითაც მშვენიერი ქალები იყვნენ მორთულები. მაგრამ როგორ უნდა მიეღწიათ სამხრეთამდე, როდესაც გზას უზარმაზარი მთები - კავკასიონის მთაგრეხილი - უჭრიდათ? რასაკვირველია, უნდა ეპოვათ ისეთი ადგილი, სადაც მთების გადალახვა შესაძლებელი იქნებოდა. ასეთი ადგილი კი მხოლოდ ერთი იყო. ერთადერთი უღელტეხილი - დარიალის კარი. არსებობს ცნობები, თითქოს არსებობდა მეორე კარიც - დარუბანდთან, მაგრამ ეს შემდგომში, ძლიერი მიწისძვრებისა და კასპიის ზღვის დონის დაწევის შემდეგ ჩამოყალიბდა, იმ დროში კი მხოლოდ ერთი - დარიალის კარი არსებობდა
ფარსმან ქველი

ქართლის მეფეებს, ფარსმანის დიდებულ წინაპრებს, კარგად ესმოდათ სარმატ-ალანთაგან მომდინარე საფრთხე და გულდასმით იცავდნენ დარიალის კარს. ეს იყო უზარმაზარი, მუხისგან დამზადებული კარიბჭე, რომელიც რკინით იყო მოჭედილი და ისეთი მტკიცე იყო, მის გარღვევას კავკასიონის გადაღმიდან ვერავინ ახერხებდა თუ შიგნიდან მეფე არ გააღებდა. ალან-სარმატებმა გადაწყვიტეს მუდმივად კარის სიახლოვეს ყოფილიყვნენ. მათ თავიანთი კარვები მახლობლად გაშალეს და დასახლდნენ. ეს მომთაბარე ხალხი, ფაქტობრივად დარიალის კარის გამო, მიწათმოქმედად ყალიბდებოდა. ვერც ერთმა მეფემ, ფარსმანამდე, ვერ გაბედა კარი გაეღო მათთვის. მან კი ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი იფიქრა და წინასწარი ზომებიც მიიღო. პართიის მეფის იერიშის მოსაგერიებლად, ფარსმანს აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი და მრავალრიცხოვანი მოკავშირე. როგორც არიანე წერს, ერთხელ არმაზის ციხის მცველებს ჩაეძინათ და როდესაც მეფე თავის მცველებთან ერთად კარს მიადგა, საკმაო ხანი მოუხდა ლოდინი, სანამ გაუღებდნენ. ამ დროს გაახსენდა მას დარიალის კარი და მის გადაღმა მცხოვრები ალან-სარმატები და გადაწყვიტა მათთან მოლაპარაკება. მთავარი იყო ამ ყველაფერს ქართლის სამეფო არ დაეზარალებინა (King James Bible, addition 4, 56)

   ალან-სარმატი მხედრები 

ფარსმანმა კარი გააღებინა, რომ ალან-სარმატთა მეფე მოეწვია მოსალაპარაკებლად. როგორც კი კარი ცოტაზე გააღო, მაშინვე შემოვარდნენ სარმატები. მათგან პირველი იყო მეფე უსრუ (ბერძნულ წყაროებში უსრუოსი, ლათინურად Usruoes). ის ისეთი სისწრაფით დარბოდა რომ ხშირად ეფიქრებოდა- ცაში არ ავიჭრაო, რისთვისაც ხალხმა უსრუ ფეხმარდი შეარქვა. უსრუსთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ორი მეფე შეთანხმდა რომ პართიელებს ერთად შეებრძოლებოდნენ. ფარსმანმა გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ უსრუ ბრძოლაში დაეცა. მას შემდეგ, მისი ძე, ყაბალ II შურისგების სურვილით იყო აღვსილი და თავის დროს ელოდა (Isidore of Seville, Encyclopedia I, 85). მეფემ გადაწყვიტა საჭიროებისას კარი ისევ გაეღო, კარს იქით მყოფი ალან-სარმატები ამის შემდეგ უფრო დაიმედებულები იყვნენ. მართლაც მეფემ რამდენჯერმე გააღო კარი და ბარბაროსთა ურდოების წყალობით, რომაელებსა და პართიელებს კუდით ქვა ასროლინა თავისი ქვეყნიდან.
ბოლოს, პართიელებმა გადაწყვიტეს, მთელი ძალები მოეკრიბათ და გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ ფარსმანისთვის. თანაც ისარგებლეს იმითაც რომ ამავე პერიოდში, რომის იმპერიას ზავი ჰქონდა დადებული პართიასთან, რადგან იმპერატორ ადრიანეს თვითონაც დიდი ომები ჰქონდა ეგვიპტეში და პალესტინაში აჯანყებულების წინააღმდეგ. პართიის მეფე ხოსრომ დიდძალი ლაშქარი შეკრიბა - ათასობით მძიმედ აღჭურვილი მხედარი-კატაფრაქტი და ორჯერ უფრო მეტი მშვილდოსანი და შუბოსანი. ლაშქარი ორ ნაკადად დაიძრა ქართლისაკენ.  

   მძიმედ აღჭურვილი პართიელი მხედარი

ერთ ნაწილს თვითონ მეფე ხოსრო სარდლობდა, მეორე ნაწილს კი მისი ერთგული სარდალი - არიობარზანი. მეფე ქართლში შეიჭრებოდა, არიობარზანი კი აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც დიდი მდინარე ფარნავაზისწყალი (დღევანდელი ალაზანი) მოედინებოდა. თანაც, პართიელებმა, რათა ქართლს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს, ზამთარში გამოილაშქრეს. სასტიკი ზამთარი იყო. ყველა მდინარე და ტბა გაიყინა. დიდი თოვლი მოვიდა. ფარსმან მეფემ, რომელიც არმაზის ციხეში იმყოფებოდა, თავისი მსტოვრების დახმარებით შეიტყო პართიელების გამოლაშქრების შესახებ და მზადებას შეუდგა, მაგრამ ამავე დროს, მან იცოდა, თავისი ძალებით ასეთ ძლიერ მტერს ვერ დაამარცხებდა. მეფემ მტკიცედ გადაწყვიტა დარიალის კარი კვლავ გაეღო. ფლავიუს არიანეს მიხედვით, ის მოელაპარაკა უსრუს სიკვდილის შემდეგ ქართლში დარჩენილ ალან-სარმატ დიდებულებს და დაჰპირდა მიწებსა და სიმდიდრეს პართიელებზე გალაშქრების სანაცვლოდ. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დიდებულებმა მეფესა და მის არმაზულ გვარდიასთან ერთად პირდაპირ დარიალის კარს მიაშურეს.
დარიალის კარი მჭიდროდ იყო დალუქული
დარიალის ხეობაში ნაპოვნი ცულის რეკონსტრუქცია

ქართლის გადარჩენის გზა უკვე ახლოს იყო. საქართველო უნდა გადარჩენილიყო. მეფემ კართან შეკრიბა თავისი ამალა, სარმატთა ელჩობა და კარის გაღება ბრძანა. გარნიზონის მეომრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით გააღეს - ურდული ისე ჩაყინულიყო, კარის გაღება ვერაფრით ხერხდებოდა. მოლაპარაკებები კი ჩაშლის პირას იყო (Flavius Arrian; II, 43). ისიდორე სევილიელის მიხედვით, მეფეს დიდი ნაჯახი აუღია ხელში და კარის სარტყელებიდან ამოგდება უცდია - იქნებ შიგნიდან გავაღოთო. და როდესაც ნაჯახი მთელი ძალით შემოკრა მუხის კარს, იმხელა ხმა გამოუცია რომ შორს მყოფ ხალხს ჭექა-ქუხილი ჰგონებია, ვინც დაინახა კი გაუფიქრია - თითქოს გოლიათია ისე ურტყამსო. მეფე არ იღლებოდა. თითოეულ დარტყმაზე ყურში ჩაესმოდა მტრისაგან აწიოკებული ხალხის ყვირილი. იწვოდა საქართველო როგორც ბუხარი. ხალხიც მიეშველა, მაგრამ ყინული აძლიერებდა ხის კონტურებს. კარი ვერ გაარღვიეს. კარმა, რომელმაც ამდენჯერ გადაერჩინა საქართველო, ამჯერად დააღალატა მთელი ქვეყანა.
კარს გადაღმა კი გაბმული ყვირილი, ღმუილი და შეძახილები ისმოდა ალან-სარმატებისა, რომლებიც კარს ჯგროდ მოსდგომოდნენ მეფე ყაბალ II-ს სარდლობით. გაწბილებულმა ფარსმანმა ცხენი მოაბრუნა, რათა არმაზში დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა
მეფე მირიან III

და განადგურდა ცეცხლითა და მახვილით ქვეყანა ქართლისა" - წერს ფლავიუს არიანე (II, 44), რომელმაც შემდგომში თვითონ იმოგზაურა ამ მხარეში და საკუთარი თვალით იხილა ის საშინელება რაც პართიელებმა ქართლში დაატრიალეს. ეს ცნობები კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ისტორიული პრობლემის ახსნას გვაძლევს - ფარსმან ქველის მეფობის დასასრული ისტორიულ წყაროებში მეტად ბუნდოვანია. ხოლო პერიოდი ამ მეფიდან მირიან მეფემდე, თითქმის ერთი საუკუნე, ქართლი ისტორიული წყაროებიდან ფაქტობრივად ქრება. ასე ჩაიყინა საქართველოს ისტორია მთელი საუკუნით. ეს იყო შედეგი პართიელთა გამანადგურებელი შემოსევისა და დარიალის კარის დიდი ხნით დალუქვისა, სანამ მეფე მირიანის დროს ქრისტიანულმა რელიგიამ კვლავ არ ააღორძინა ქართლის სამეფო და არ მოუტანა კეთილდღეობა


უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია