четверг, 31 декабря 2015 г.

რამ მოიყვანა საქართველო დღემდე?

ამ ნარკვევში ჩვენ განვიხილავთ ერთ თქმულებას, რომელიც აღწერს საქართველოსა და ქართველი ხალხის დღემდე მოღწევის საიდუმლოს. ეს თქმულება თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღეს თითქმის მიკარგულია. საფუძვლიანი კვლევების შედეგად, ეს საკითხი გამოვიდა მითიური საბურველიდან და ისტორიული წყაროებისა და თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების მოშველიებით, შუქი მოეფინა. თელავის ამ ღირსშესანიშნაობით მოქალაქეთა დიდი ნაწილი ამაყობს და ბევრმა ისიც იცის, რომ მისი არსებობის პერიოდი 8 ასეულ წელზე მეტს მოითვლის. სინამდვილეში, ხე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსათვის.
თელავის ჭადარი, რომელიც ანტიკურ, გვიანანტიკურ და ადრეშუასაკუნოვან წყაროებში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება - რომაელებთან Platanus Ibericius (იბერთა ჭადარი), ბერძნებთან Πλάτανος Γεωργία. პირველ ცნობებს მის შესახებ გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი. ის თავისი Geographica-ს XVII წიგნის დამატებულ ფრაგმენტებში, რომელიც რეალურად XVIII წიგნის ნაწილებია, რომელიც დაკარგულია და დარჩენილი ნაწილები XVII-ს მიუერთეს, მკაფიოდ აღნიშნავს იბერიის სამეფოში, ალბანთა სამეფოს მეზობლად, განცალკევებით მდგარი ერთი ხის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. „ყოველწლიურად აქ იკრიბებიან და დიდ ნადიმს მართავენ, სიმღერებს მღერიან, ბარბაროსულად სვამენ წყალგაურეველ ღვინოს და მხიარულობენ. თავიანთ ღმერთებს მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი თავად იბერთ პირველმა მეფემ ამოარჩია და ეს ხე დარგო აქ" (Strabo, Geographica, XVII; XIX, 44). სტრაბონის მწირი ცნობებიდან შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ხე ფარნავაზ მეფემ დარგო. ამასვე ადასტურებს „ქართლის ცხოვრებაც", რომლის პირველ, რედაქტირებამდელ ნაწილში აშკარად უფრო ვრცელია მონაკვეთი, სადაც ლეონტი მროველი ფარნავაზზე მოგვითხრობს. აქვეა აღნიშნული ხის დარგვაც. 
ფარნავაზ მეფე

ლეონტისვე გადმოცემით, როდესაც მეფემ კახეთი შემოიერთა ალბანელთაგან, ამის აღსანიშნავად იქ ეს ჭადარი დარგო. ხე ძალიან ნელა იზრდებოდა და მეფე შეფიქრიანდა, ცუდის ნიშნად მიიჩნია, თუმცა კი მან არ იცოდა, რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი. თავისი მეფობის 45-ე წელს, ფარნავაზმა თავისი შემოღებული ახალი ანბანის ასოები ამოკაწრა ხის ნორჩ ღეროზე. დღეს ამ ასოებს ვეღარ დავინახავთ, რადგან მერქნის მრავალმა ფენამ დაფარა, თორემ კარგი არგუმენტი იქნებოდა ქართული დამწერლობის ფარნავაზის დროიდან არსებობის დასამტკიცებლად. სტრაბონის შემდეგ, ხეს იხსენიებენ რომაელები, დიონ კასიუსი (ბერძნული წარმომავლობის) და კორნელიუს ტაციტუსი, რომაელი სარდლის, გნეუს პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის აღწერისას. ტაციტუსის „ანალებში"(Annales), ავტორი აღწერს იბერიის მეფე არტაგის ბრძოლას რომაელებთან. როდესაც მან მტკვარზე ხიდი დაწვა, სწორედ აღმოსავლეთისაკენ დაიხია. მეორედ დამარცხების შემდეგ, იბერიელებმა პარტიზანული ომი დაიწყეს და გაუვალ ტყეებში გამაგრდნენ. პომპეუსი იძულებული გახდა ტყეები გადაეწვა. აღმოსავლეთ იბერიის ტყის მასივის დიდი ნაწილი განადგურდა და დაიწვა, მაგრამ გადარჩა ერთი ხე, რომელიც ადგილობრივებს მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. პომპეუსი თავადაც იყო ამ ხესთან და იხილა საოცარი სანახაობა, სასიკვდილოდ დაჭრილი იბერიელები, რომელთაც სისხლი სდიოდათ, ხის ქვეშ დაეწვინათ და მათ მკურნალობაზე არც კი ზრუნავდნენ (VII; X, 11). იგივეს აღნიშნავს დიონ კასიუსიც თავის Historia Romana-ში (IX; VIII, 3). ეს მონაკვეთი უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ქართველები ამ დროისთვის უკვე ხვდებოდნენ თუ რით იზრდებოდა ეს ხე - ქართველთა დაღვრილი სისხლით, ეს ხე მათთვის საკრალურად იქცა და წარმართობის ხანის დასრულების შემდეგაც კი, ადგილობრივებს სწამდათ, სანამ ხე იდგებოდა და ქართველთა სისხლით იქნებოდა გაჯერებული, ისინიც იქნებოდნენ და ქვეყანა არ გაქრებოდა. პომპეუსის შემოსევისას მას ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, რომ არ გადამწვარიყო, აქ საქართველოს ისტორიის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ხის გადარჩენა მოხერხდა.
გნეუს პომპეუსი

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ხის ისტორია ისტორიული წყაროებიდან იკარგება, რისი მიზეზიც არის, ბერძნულ-რომაული წყაროების ნაკლებობა გვინანატიკური და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს შესახებ და ადგილობრივი წყაროების არარსებობა. მაგრამ ცნობილი ჭადარი ხელახლა ჩნდება ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების" გვერდებზე იმ კონტექსტში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. ამას გარდა, XI საუკუნიდან ის უკვე მოიხსენიება როგორც  თელავის ჭადარი. ამავე პერიოდის ბიზანტიური წყარო, მიხაელ სპათარიოსის „ქრონოგრაფია" იმეორებს ძველ ლეგენდას ნოეს შვილიშვილების ჰაოსისა და ქართლოსის შესახებ, თითქოს ჰაოსმა და ქართლოსმა წარღვნამდელი სამყაროდან უზარმაზარი ჭადრის ორი ნერგი წამოიღეს, ჰაოსმა (იგივე სომხოსმა) დარგო თავის სამფლობელოში, ქართლოსის ძემ კახოსმა კი თავისაში და ასე აღიმართა არწახის საოცარი ხე და თელავის ჭადარი. თუმცა ეს ლეგენდა სიმართლეს არ შეესაბამება და უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს ის ფარნავაზის დარგულად მივიჩნიოთ. ამასვე მოწმობს ცნობილი დენდროქრონოლოგისტიც, რომლის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.
100 ათასის მოწამეობრივი სიკვდილი

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟამთააღმწერლის ცნობა, რომელიც თანადროულია ხვარაზმშაჰის ჯალალ ად-დინის შემოსევისა. ეს ცნობა ეხება 1226 წელს, ხვარაზმელთა მიერ თბილისის აღებასა და 100 ათასი ადამიანის ქრისტიანობისათვის წამებას. ხვარაზმელებმა 1225 წელს სასტიკად დაამარცხეს ივანე ათაბაგის მეთაურობით მებრძოლი ქართველთა ლაშქარი გარნისთან და მალევე თბილისი დაიკავეს. ხვარაზმელები შეუდგნენ ქალაქის ძარცვას. ჯალალ ად-დინმა ბრძანა ყველა ქართველი, ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა და ხატს არ დააბიჯებდა, მოეკლათ და მტკვარში გადაეგდოთ. ასი ათასმა ადამიანმა უარი თქვა ამის გაკეთებაზე. მალე წმინდანთა სისხლით აივსო მტკვარი. მოჩუხჩუხებდა თავის კალაპოტში და წითლად ღუოდა მისი ტალღები. ჯალალ ად-დინმა კი სამხრეთისკენ დაძრა ლაშქარი. კახელებმა შეიტყვეს რა მოხდა თბილისში და მაშინვე მიხვდნენ რა უნდა მოემოქმედებინათ. ისინი გრძელ რიგად გამწკრივდნენ მტკვრიდან ჭადრის ხემდე, ერთი ხის სათლს აავსებდა სისხლით გაჯერებული მტკვრის წყლით და აწვდიდა მეორეს, ასე ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლო კაცი ჭადარს უსხამდა. ყველანი ერთად მღეროდნენ ძველ ქართულ საბრძოლო სიმღერას „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმას". იმ წელიწადს ჭადარი განსაკუთრებით გაიზარდა და მერქნის რამდენიმე ახალი ფენა გაიკეთა. იმედით აღივსო ქართველთა გულები, რომელთაც იცოდნენ სანამ ქართული სისხლი დაიღვრებოდა საქართველოსათვის, დედა-ხეც იდგებოდა ამაყად და არ შეირყეოდა მისი მიწაში ღრმად წასული ფესვები. 1226 წლისათვის ის უკვე საკმაოდ იყო გაზრდილი, რადგან საქართველოს გადატანილი ჰქონდა ხაზართა, არაბთა და თურქთა შემოსევები, მონღოლთა მარბიელი ლაშქრობაც. ეს ცნობა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აშკარად იკვეთება წარმართული ხანიდან დაწყებული ტრადიციის ქრისტიანობის პერიოდშიც გაგრძელების და მისი ქრისტიანიზების მცდელობა.

შაჰ აბასის სამეფო კარი

თელავის ჭადრის შესახებ შემდგომი ცნობა გვხვდება უფრო გვიან პერიოდში, XVII საუკუნის დასაწყისში, 1614 წელს, შაჰ-აბას I-ს შემოსევებისას კახეთში. ქართული საისტორიო ქრონიკა, მიზანდარ ვარშანიძის „ზეობა კახთა მეფისა თეიმურაზისა", აღწერს რამდენი ქართველი დაიღუპა სპარსელთა ხელით, გადაიწვა ქალაქები და სოფლები. დაცარიელდა გრემი და თელავი. აკვამლებული ნანგრევებიღა დარჩა ერთ დროს დიდებულ ტაძართა და სასახლეთა ადგილას, სპარსელებმა კი მრავალი ტყვე წაასხეს თან ირანში, რათა იქ ჩაესახლებინათ. მიზანდარ ვარშანიძის მიხედვით, თელავი თითქმის მთლიანად გადაიწვა, გადარჩა მხოლოდ უზარმაზარი ჭადარი, რომლის მოჭრა ან დაწვა შაჰ-აბასმაც კი ვერ გაბედა, რადგან იცოდა ქართველებს საკრალურ ადგილად მიაჩნდათ, შაჰი კი ცრუმორწმუნე კაცი იყო. სპარსელთა ლაშქარმა დატოვა საქართველო და უკან დაბრუნდა, მხოლოდ რამდენიმე გარნიზონი დარჩა კახეთში. გადმოცემის მიხედვით, ერთი კახელი, რომელიც თელავში სპარსელებს გადაურჩა, ხესთან მიბობღდა და ზურგით მიეყრდნო დასასვენებლად. მას უცნაური ხმა მოესმა. ხმა ხიდან მოდიოდა. კაცმა ყური მიადო ხეს და გაიგონა სიმღერის ღიღინი დაბალ ხმაზე, ძალიან დაბალ ხმაზე ისმოდა ნაღვლიანი სიმღერა. ეს იყო ქართული სისხლის ღიღინი, რომელიც „ჩაკრულოს" აკვნესებდა ნაღვლიანი ხმით. ხეს საქართველო ტკიოდა, საქართველოსთვის მიყენებული დარტყმა მისთვის მიყენებული დარტყმა იყო, მაგრამ ამავე დროს, დაღვრილი ქართული სისხლი ძალით ავსებდა და ზრდიდა მას, ამიტომაც არის ის საქართველოში ყველაზე ასაკოვანი ხე, რომელიც დღესაც ბიბინებს.  
გენერალი გოტლიბ ტოტლებენი

XVIII საუკუნეში, საქართველოში რუსეთის იმპერატრისა ეკატერინე II-ს გამოგზავნილი დამხმარე ჯარი შემოვიდა გენერალ გოტლიბ ტოტლებენის სარდლობით. მას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად უნდა ემოქმედა ოსმალების წინააღმდეგ. დე გრაი დე ფუა, ტოტლებენის ადიუტანტი, თავის მემუარებში იხსენებს კახეთში რუსთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ყოფნისას როგორ დაესწრო თელავში, ერეკლეს სასახლის წინ, დიდი ჭადრის გარშემო გამართულ ქართულ ცეკვას - „ხორუმს". თელავის ჭადარი გადაურჩა ირანის ყაჯარი შაჰის აღა მაჰმად ხანისა და ავარია-ხუნძახის ბატონის ომარ ხანის შემოსევებს. საქართველოში რუსეთის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ხის ისტორია მიიკარგა, თუმცა ის კვლავ მყარად იდგა და მცირედ ზრდას განაგრძობდა. საქართველოს ჯერ კიდევ ეწერა წინ თავისუფლება და ასეც მოხდა, ქვეყანამ ჯერ 1918 წელს დაიბრუნა დროებით დამოუკიდებლობა, შემდგომ კი 1991 წელს. ხემ კი რომელმაც ხმობა დაიწყო უკვე 70-იანი წლების ბოლოს და სავალალო მდგომარეობაში იყო, კვლავ გაიხარა.
90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ბევრი უცხოელი მეცნიერი გამოჩნდა, რომელთაც საშუალება მიეცათ ქვეყნის შესწავლისა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ესპანელი დენდოქრონოლოგისტი მარტა დომინგეს-დელმასი, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კავკასიაში ჯერ არწახის, შემდეგ კი თელავის ჭადარზე. საბოლოოდ მან გადაწყვიტა დისერტაცია სწორედ თელავის ჭადარზე დაეცვა.
მარტა დომინგეს-დელმასი (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი)

ბოლო დროს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, თელავის ჭადრის ხე, ხმება. ხის გადასარჩენად პრევენციუილი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისინი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურის მეშვეობით გერმანიის ხეების მოვლის სამსახურს დაუკავშირდნენ, რის შედეგადაც ექსპერტთა ჯგუფი გამოიყო. მისივე თქმით ჭადრის ხის მონაცემები გერმანიაში უკვე გადაგზავნილია და სპეციალისტებს მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. ხე ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსაყვანად კი საჭიროა გარკვეული თანხების გამოყოფა და იმედს გამოთქვამს, რომ მერია აღნიშნულ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს. როგორც ქალაქ თელავის მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფი, რომლებმაც ხის მდგომარეობა შეაფასეს. მისივე განცხადებით შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. რეალური მიზეზი ხის გახმობისა, ისტორიაში უნდა ვეძიოთ, ეს ნიშანია იმისა, რომ საქართველო და ქართული სისხლი იკლებს, სუსტდება და მალე ვეღარც თელავის ჭადრიდან გავიგონებთ „ჩაკრულოს" ნაღვლიან ჰანგებს.
თელავის ლეგენდარული ჭადარი


ალბათ საოცრებაა, ქალაქის ცენტრში, რომელიც კახეთის დედაქალაქად ითვლებოდა, ასე უდრეკად ასვეტილი ხე გადარჩენილიყო. სანამ ხე იქნება საქართველოც არ დაეცემა და მუდამ ამ ხესავით თავჩარგული გააგრძელებს სიცოცხლეს. შეიძლება ეს ხე თვითონ საქართველოა რომელიც მრავალ განსაცდელს უძლებდა და დღემდე მოაღწია. 

უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია

суббота, 26 декабря 2015 г.

უცნობი ფაქტი 1918 წლის საქართველოს ისტორიიდან


1918-21 წლების საქართველოს I რესპუბლიკის ისტორია საქართველოს  მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და რუსეთიდან გასვლის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარულია და მასზე ბევრი მკვლევარი-ისტორიკოსი მუშაობს. ისინი იყენებენ ამ წლებში მოღვაწე პიროვნებათა მემუარებს, წერილებს, საარქივო დოკუმენტებს ქართული, თურქული, სომხური, აზერბაიჯანული თუ რუსული არქივებიდან, ასევე იკვლევენ დასავლეთევროპულ და ამერიკულ არქივებსაც 1918-21 წლების საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის შესასწავლად. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი საარქივო დოკუმენტების განადგურებას, რომლებში დაცული ინფორმაციაც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ასეთი შემთხვევაა 1918 წელს, დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს მოწყობილი სამხედრო კამპანიებიც რუსეთის წინააღმდეგ, სადაც იმჟამად „თეთრებსა" და „წითლებს" შორის მასშტაბური ომი მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიაში ასე თუ ისე ცნობილია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წარმატებული ლაშქრობა აფხაზეთის მიმართულებით, როდესაც მან სოჭამდე მიაღწია. ასევე იყო მცირე დაპირისპირება სამაჩაბლოში, ადგილობრივ ოსებთან, თუმცა ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, რომლის წარმატებულმა განვითარებამ საქართველოს შანსი მისცა რუსეთის ცენტრში შეჭრისათვის და გენერალ რევაზ მუხრანბატონის გმირობა, ისტორიის ფურცლებიდან დიდი ხანია ამოშლილია. დროთა განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული წმენდა საარქივო დოკუმენტების, მემუარებისა და წერილების, რომლებიც ამ სამხედრო კამპანიის მონაწილეებმა დატოვეს. ლენინის ბრძანებით თითქმის პირწმინდად გაანადგურეს ვლადიკავკაზის, ყაზანის, დნეპროპეტროვსკისა და თბილისის არქივებში დაცული მასალები და ყველანაირად ცდილობდნენ გაენადგურებინათ გენერალ რევაზ მუხრანბატონის მიმოწერა გიორგი მაზნიაშვილთან, ცნობები მისი და ნოე ჟორდანიას შეხვედრის შესახებ, გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარები და საერთო ჯამში ეს შეძლეს კიდეც, მაგრამ ბოლო წლებში აქტიური კვლევითი მუშაობის შედეგად, საკმაოდ ბევრი მასალის მოგროვება მოხერხდა, რომლითაც შეიძლება აღვადგინოთ ამ ომის მსვლელობა და საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი შევავსოთ. როგორც ჩანს XX საუკუნის ისტორიაც კი, რომელიც ასეთი ახლობელი ჩანს, ძალიან ბევრ საიდუმლოს შეიცავს და ჯერ კიდევ მრავალი ფაქტია ჩვენთვის უცნობი. 
სტატიის მომზადებისას ჩვენ ვხელმძღვანელობდით კალუგის გუბერნიის (Государственный архив Калужской области), ვლადიკავკაზის (Центральный государственный архив Республики Северная Осетия), როსტოვისა (Государственный архив Ростовской области) და ერევნის არქივებში (Национальный Архив Армении) არსებული მცირედი ცნობებით, ძირითადად კი ნოე ჟორდანიას, რევაზ მუხრანბატონისა და გიორგი მაზნიაშვილის პირადი მიმოწერითა და გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარების ფრაგმენტებით („Мемуары Генерала Игоря Хортумова", Ереван, 1922), რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს ამ სამხედრო კამპანიის ისეთ განვითარებას, როგორის აღდგენის საშუალებასაც საარქივო მასალა გვაძლევს.
გიორგი მაზნიაშვილი

ბრესტის ზავის დადების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა ბათუმი და შეიჭრა გურიაში. მდინარე ჩოლოქთან ბრძოლაში, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მოახერხა მათი წინსვლის შეჩერება. მალევე ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, პარალელურად კი გენერალი რევაზ მუხრანბატონი იბრძოდა სამაჩაბლოში, ამ ტერიტორიის ბოლშევიკებისაგან გასაწმენდად და კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ისევე როგორც გიორგი მაზნიაშვილი, რევაზ მუხრანბატონიც წარმატებით უძღვებოდა საქმეს. ბაგრატიონთა ოჯახის მიერ ესპანეთსა და რუსეთში შემონახული მასალების მიხედვით, რევაზ მუხრანბატონი იყო ერეკლე II-ს უკანონო ვაჟის შთამომავალი, რომელმაც სამხედრო კარიერა აირჩია, რუსეთში განათლება მიიღო და იაპონიასთან ომის დროს უკვე პოლკოვნიკის, I მსოფლიო ომში კი გენერალ-მაიორის წოდება ეკავა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რევაზ მუხრანბატონმა გენერლის წოდება ახლა უკვე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობისაგან მიიღო. მალე მისი სამხედრო ნაწილები, რომლებიც ძირითადად კახეთში, ქიზიყში შეკრებილი მოხალისეებისაგან შედგებოდა, როკის უღელტეხილის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა და მტრის ტერიტორიაზე გადაიტანა სამხედრო მოქმედებები. 
ერეკლე II

გიორგი მაზნიაშვილი ამ დროს შეტევას ამზადებდა აფხაზეთის მიმართულებაზე. მისი და რევაზ მუხრანბატონის ლაშქრობები ერთსა და იმავე დროს უნდა დაწყებულიყო და სავარაუდოდ ასეც მოხდა, თუმცა საარქივო მასალა ამის ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა და იძულებულები ვართ ეს დეტალი იგორ ხორთუმოვის გადმოცემის მიხედვით აღვნიშნოთ, აი რას წერს ის: „15 სექტემბერს, ჩვენმა დაზვერვამ გენერალ დენიკინს შეატყობინა როკის უღეტეხილზე ქართული შენაერთების გადმოსვლის შესახებ, ფსკოვისა და სარატოვის IV და VII დივიზიები 17 სექტემბერს ვლადიკავკაზისაკენ გადავისროლეთ, რათა გენერალ დენიკინს თავდაცვითი ხაზი შეექმნა მათი შეტევის მოსაგერიებლად"(Мемуары Генерала Игоря Хортумова, ст. 105). როგორც საარქივო დოკუმენტებით ხდება ცნობილი, რევაზ მუხრანბატონს ანტონ დენიკინის ძალებზე გამანადგურებელი შეტევა მიუტანია და გადამწყვეტ უპირატესობას დაუფლებია. განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქიზიყელ მხედართა რაზმს და არტილერიის პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, რომელსაც „არტილერიის მექას" ეძახდნენ. ამ უკანასკნელის შესახებ 1921 წლის ომსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს აჯანყების პერიოდის მასალებიდანაც გვაქვს ინფორმაცია.
ანტონ დენიკინი

 დენიკინის არმიამ უკან დაიხია და რევაზ მუხრანბატონმა წინსვლა განაგრძო და მცირემასშტაბიანი შეტაკებების შემდეგ დაიკავა ვლადიკავკაზი. რადგან ბოლშევიკთა სამხედრო ნაწილები ამ დროს ან თეთრ არმიას ებრძოდნენ ან პოლონეთის მიმართულებაზე იდგნენ, რევაზ მუხრანბატონის არმიას განსაკუთრებული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. ვოლგოგრადის აღების შემდეგ, ის დაიძრა ვორონეჟისაკენ, სადაც უკვე 1918 წლის 5 ოქტომბერს იყო. ამის შესახებ ცნობას კვლავ იგორ ხორთუმოვის მემუარებიდან ვიღებთ (Мемуары Генерала Игоря Хортумова, ст. 120). ამ დროისათვის გენერალ იგორ ხორთუმოვის IV არმია მზად იყო მოსკოვისაკენ გზა გადაეჭრა რევაზ ბაგრატიონის სამხედრო ნაწილებისათვის რიაზანთან. 
იგორ ხორთუმოვი

გენერალ იგორ ხორთუმოვის დოსიე განადგურებულია, ისევე როგორც გენერალ ანტონ დენიკინის დოსიედან კონკრეტულად ვლადიკავკაზთან გამართული ბრძოლის აღნიშვნა, როგორც აღვნიშნეთ, საბჭოთა დროს ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდნენ და ეს სწორედ ამის შედეგია. ხორთუმოვის შესახებ მისივე მემუარებიდან ვიგებთ. იგორ ხორთუმოვი იყო წარმოშობით სომეხი, ცნობილი გვარის შვილი. სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა რუსეთში და შემდეგ საფრანგეთში, რის შემდეგაც მას არმიაში ხუმრობით „მსუქან ნაპოლეონს" ეძახდნენ. ხორთუმოვი წარმატებით იბრძოდა I მსოფლიო ომში, სადაც მონაწილეობა მიიღო „ბრუსილოვის გარღვევაში" და ტყვედ იგდო ორი ავსტრო-უნგრული დივიზია. მანამდე ის მონაწილეობდა იაპონიასთან ომში, პორტ არტურთან დაიჭრა კიდეც და მას შემდეგ ცალი ფეხით კოჭლობდა. ერთადერთი რეალური სამხედრო ძალა, ვისაც შეეძლო მაშინ რევაზ მუხრანბატონის არმიისათვის გზა გადაეჭრა, სწორედ ხორთუმოვის IV არმია გახლდათ. ხორთუმოვმა რიაზანთან სანგრების მთელი რიგი შექმნა და დამატებით რამდენიმე ბუნკერიც ააგებინა, რათა ძლიერ თავდაცვით პოზიციაზე დახვედროდა მოწინააღმდეგეს. მის ხელთ იყო 10 საბრძოლო ტანკიც. ეს იარაღი იმ დროისათვის სიახლეს წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნებაში, რევაზ მუხრანბატონი კი ამ შესაძლებლობებს მოკლებული იყო, თუმცა მის არმიას უფრო მაღალი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდა, რადგან ხორთუმოვთან ბრძოლამდე მთელ რიგ გამარჯვებებს მიაღწია. 
ქიზიყელთა შეტევა დუტუ აფხაზის სარდლობით

რევაზ მუხრანბატონს ამ დროისათვის საქართველოს მთავრობის თავჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან ჰქონდა აქტიური მიმოწერა. სოციალ-დემოკრატები არცთუ დადებითად იყვნენ განწყობილები სამხედროების მიმართ და მათში საფრთხეს ხედავდნენ. რიაზანზე უფრო შორს გაჭრა და მოსკოვზე დარტყმის მიყენება კი ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის აზრით რევაზ მუხრანბატონს გზას გაუხსნიდა ძალაუფლების მოპოვებისაკენ. მათ უკვე ჰქონდათ ხელთ ჯაშუშთა ქსელისაგან მიღებული მონაცემები, რომლებშიც აშკარად იყო აღნიშნული, რომ რევაზ მუხრანბატონი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს შთამომავალი გახლდათ და შეეძლო პრეტენზია გამოეცხადებინა საქართველოში მონარქიის აღდგენაზე. მიუხედავად ამისა, მომავალ ბრძოლას მათ ხელი ვერ შეუშალეს და რიაზანის მახლობლად, მდინარე ოკასთან, მოსკოვიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ხორთუმოვისა და მუხრანბატონის არმიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 
აი რას წერდა ბრძოლის წინ გენერალი იგორ ხორთუმოვი თავის ვაჟს: „არტურ, ხვალ დილით დიდი ბრძოლა დაიწყება, IV არმია პოზიციებზეა განლაგებული და ველოდებით გენერალ მუხრანბატონის შემოტევას. გამარჯვების შემდეგ, ერთ კვირაში მოსკოვში ჩამოდი და მეც იქ ვიქნები"(15 ოქტომბერი, 1918 წ.(Дела генерала Игоря Хортумова, Государственный архив Калужской области, N16). 
ეპისკოპოსი იობ აქიევი ლოცავს ჯარს ბრძოლის წინ

ბრძოლა დილის 5 საათზე დაიწყო, როდესაც ხორთუმოვის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მუხრანბატონის არმიის მარცხენა ფლანგს. ქართული ჯარი უკვე მზად იყო ფრონტალური შეტევის მისატანად, ამავე დროს გენერალი მუხრანბატონი გეგმავდა მთავარი დარტყმა ცენტრში მიეყენებინა მოწინააღმდეგისათვის, როგორც ნაპოლეონი მოიქცა ვაგრამის ბრძოლაში, თუმცა ესმოდა რომ ხორთუმოვი, „მსუქანი ნაპოლეონი", შეიძლებოდა ამას მიმხვდარიყო და შესაბამისი კონტრშეტევაც მოეწყო. რევაზ მუხრანბატონმა თავისი ჯარის დიდი ნაწილი და ქიზიყელთა ცხენოსანი რაზმები ცენტრში განალაგა. მტრის ქვემეხების გასაჩუმებლად კი პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, „არტილერიის მექას" უბრძანა მთელი ძალით დაეშინა ხორთუმოვის არტილერიისათვის საპასუხო ცეცხლი, პოლკოვნიკმა აფხაზმაც არ დააყოვნა და თავისი ზარბაზნები აამუშავა. ამ დროისათვის მისი უფროსი ვაჟი, დუტუ აფხაზი ქიზიყელთა კავალერიის მაიორი იყო და წინა რიგებში იდგა თავის რაზმთან ერთად. მთელი ჯარი გაოცდა, როდესაც გენერალი რევაზ მუხრანბატონი, რომელიც ტრადიციულად, ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა ხოლმე, ცხენზე ამხედრებული გამოჩნდა, თავზე კი მეფე ერეკლე II-ს ქუდი ეხურა. 
„მოსინას" სისტემის შაშხანა, რომლითაც ხორთუმოვმა დუტუ აფხაზი მოკლა

ჯარის რიგებში არეულობა დაიწყო, ბევრმა ლამის დაიჯერა, რომ ბრძოლაში თავად მეფე ერეკლე მიუძღოდათ. საბრძოლო სულისკვეთების გასამტკიცებლად გენერალმა საუკეთესო ხერხს მიმართა, ამის შემდეგ კი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი მეომრები პირდაპირ მტერზე დაძრა. ქიზიყელები ცენტრში შევიდნენ და მტრის სანგრებს გადაუარეს. გენერალი ხორთუმოვიც ამ დროს ბრძოლის ამ მონაკვეთში იმყოფებოდა. მან თვალი მოკრა ქიზიყელთა ახალგაზრდა მაიორს, დუტუ აფხაზს და თავისი „მოსინას" სისტემის შაშხანით მოკლა ის. ბრძოლის შემდეგ აღმოაჩინეს რომ სამშობლოს დიდ პატრიოტსა და მოამაგეს, ახალგაზრდა დუტუს გულის ჯიბეში ქართული მიწა ეყარა. დუტუს სიკვდილმა ქართული ჯარის იერიში ვერ შეაჩერა, რევაზ მუხრანბატონმა მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს უბრძანა იერიში დაეწყოთ. მალე ბრძოლის ყველა უბანზე შეტაკება IV არმიის მარცხით დასრულდა. იგორ ხორთუმოვი, რომელიც გაქცევას ლამობდა, ტყვედ ჩაუვარდათ ხელში. მოსკოვისაკენ გზა ხსნილი იყო. რევაზ მუხრანბატონმა რიაზანის თავზე თავისი დროშა - წითელ ფონზე გამოსახული ერეკლე II აღმართა. 

იგორ ხორთუმოვი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ქართველთა დიდი მტერი და განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდა ტყვეებს, სიკვდილით დასაჯეს. მისი ვაჟის, არტურის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ის ზარბაზნის ლულაზე მიაბეს ზურგით და ზარბაზანი კავკასიონისაკენ მოაბრუნეს. იგორ ხორთუმოვმა შორს დაინახა არარატის მთა და აღმოხდა: „ო რა დიდი ხარ შე ოჯახაშენებულო"(Дела Артура Хортумова, Национальный Архив Армении, N14). ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ლადო აფხაზმა ზარბაზანი გაისროლა და თავისი ვაჟის მკვლელს წირვა გამოუყვანა. 
რევაზ მუხრანბატონმა თავისი არმიის დივიზია რიაზანში დატოვა, დანარჩენი ნაწილებით, ორი დივიზიით, პირდაპირ მოსკოვისაკენ დაიძრა. მას თან მიჰყავდა 4000 რუსი ტყვე და მიჰქონდა 72 ზარბაზანი, რომლითაც უნდოდა მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებზე აღლუმი მოეწყო. 180 კილომეტრი მათ რამდენიმე დღეში დაფარეს და ოქტომბრის ბოლოსათვის უკვე ცარიცინთან იყვნენ. გენერალმა გადაწყვიტა მდინარე მოსკოვი გადაელახა და კიტაი გოროდისაკენ აეღო გეზი, მაგრამ ჯერჯერობით ცარიცინთან დაბანაკდა. მოსკოვი მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან დაცლილი იყო. ბოლშევიკურმა რეჟიმმა სმოლენსკისაკენ დაიხია უკან. ქართული ნაწილები ცარიცინში შევიდნენ. სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია საკმარისი დოკუმენტური მასალა ამ მოვლენების ზუსტი აღდენისათვის, მაგრამ არსებული დოკუმენტების მეშვეობით აშკარაა, რომ გენერალმა მუხრანბატონმა შეძლო დაეკავებინა რუსეთის ცენტრი. რამდენიმე დღეში ფრონტის ხაზზე ჩავიდა საქართველოს მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია. საფრანგეთში, ლევილში შემონახული წერილების მიხედვით (Leuville-sur-Orge), რევაზ მუხრანბატონსა და ნოე ჟორდანიას შორის შედგა 2 საათიანი საუბარი, რომელზეც ნოე ჟორდანიამ კატეგორიულად მოითხოვა რუსეთიდან უკან დახევა და ჯარის საქართველოში დაბრუნება. ის მიიჩნევდა, რომ ამ დროისათვის რუსეთის შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ და ამავე დროს უფრთხოდა გენერალ რევაზ მუხრანბატონის გავლენის ზრდას. 
ნოე ჟორდანია

სავსებით შესაძლებელი იყო ხალხს მისი მხარე დაეჭირა და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოსულიყო, რომელიც არცთუ ისე პოპულარული იყო ფართო მასებში. ჩვენ არ ვიცით დეტალურად როგორ მოხდა მოვლენების შემდგომი განვითარება, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რევაზ მუხრანბატონი ჩამოშორდა სამხედრო პოსტს და საქართველოში დაბრუნდა, ჯარი კი ცარიცინიდან და რიაზანიდან გამოიყვანეს და თბილისში დააბრუნეს. ასე დასრულდა ქართველთა ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ, რომლის დროსაც თავისუფლად შეიძლებოდა ქართველებს მოსკოვის დაკავების საშუალებაც მისცემოდათ. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა თუ რაოდენ სასარგებლო იქნებოდა რევაზ მუხრანბატონის სარდლობაში დატოვება და რუსეთის წინააღმდეგ მისი გამოყენება, რადგან 1921 წელს საქართველო კვლავ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა კიდევ მრავალი წლით. 
უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია

пятница, 25 декабря 2015 г.

300 თეთნულდელი ძმა


300 თეთნულდელი ძმა - 1223 წელს, ლიხის ქედის დაცვის დროს დაღუპულ მეომართა რაზმი, რომელიც 300 სვანი ძმისგან შედგებოდა. 300 ძმისა და მათი დედის მამაცური თავდადება ბევრ თანადროულ მატიანესა და ხალხურ გადმოცემებში აისახა. 
'''წყაროები'''
300 თეთნულდელი ძმის შესახებ ძირითად წყაროს XIV საუკუნის ქართველი მემატიანის ავგაროზ ბანდაისძის თხზულება „მატიანე იმიერ საქართუელოისა" წარმოადგენს. ავგაროზ ბანდაისძე აღწერს 1223 წელს საქართველოში შემოჭრილი მონღოლური ურდოების ბრძოლას გიორგი IV ლაშას წინააღმდეგ. ავგაროზ ბანდაისძე აღნიშნავს, რომ იმავე წელს, ხუნანის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, გიორგი IV-ს ჯარმა უკან დაიხია, მონღოლებმა კი ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით გააგრძელეს შეტევა და ლიხის ქედამდე მიაღწიეს, სადაც გააფთრებულ წინააღმდეგობას გადააწყდნენ 300 თეთნულდელ ძმასთან ბრძოლაში. 
სხვა წყაროებიდან აღსანიშნავია XIII საუკუნის სლავური ქრონიკა (ანონიმი ავტორით), რომელიც კალკასთან რუსთა ჯარის დამარცხებასთან ერთად, აღწერს მონღოლთა ლაშქრის გზას რუსეთამდე და ასახელებს ლიხის ქედთან მომხდარ შეტაკებას, რამაც მონღოლები აიძულა უკან დაეხიათ საქართველოდან და ჩრდილოეთისკენ აეღოთ გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში არ გვხვდება 300 თეთნულდელი ძმის შესახებ მასალა, მოცემულია მინიატურა, რომლის მინაწერის მიხედვით, აშკარაა, რომ მასზე გამოსახულია სცენა 300 თეთნულდელი ძმის ცხოვრებიდან. განსაკუთრებით მრავალფეროვანია ხალხური გადმოცემები. მათი უმრავლესობა შექმნილია სვანეთში, თუმცა გვხვდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც. „ძმანი იბრძოდნენ მამაცად, მტერი მოდრიკეს ძლიერი" - ეს სტრიქონი კი ცნობილი ხევსურული ლექსიდანაა, რომელიც ასევე 300 ძმის ისტორიას ეძღვნება. 300 თეთნულდელი ძმის მამა არდაშელ თეთნულდელი აკადემიკოს ვაჟა შათირიშვილის მოსაზრებით იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი გმირის, ნურადინ ფრიდონის პროტოტიპი. 

არქეოლოგიური მასალა 300 ძმის ამბის ორ დეტალზე მიგვითითებს. ადგილზე, სადაც ბრძოლა მოხდა, არქეოლოგიურად გამოვლინდა მონღოლური ისრის და შუბის  პირები და აბჯრის ფირფიტები, ხოლო მახლობლადვე ნაპოვნია უზარმაზარი აკვნის ნაშთები, თუმცა ის ძლიერაა დაზიანებული და მხოლოდ რკინის ნაწილებიღა შემოგვრჩა, რომელიც დღეს სვანეთის სამხარეო მუზეუმში ინახება. 

'''ისტორია'''
სამასი თეთნულდელი ძმა არდაშელ თეთნულდელის, სვანეთის ერისთავის ჩუხჩარხის ვაჟები იყვნენ. არდაშელ თეთნულდელი გიორგი III-ს ლაშქრობებში გამოჩენილი მხედარი იყო. ხალხური თქმულების მიხედვით მისი სიმაღლე 11 ბრჭალი იყო, ხოლო არდაშელის ხმალი 2 ფუთამდე იწონიდა. ამ ცნობილი გმირის შესახებ ისტორიული წყაროები მწირ ცნობებს გვაწვდიან, თუმცა საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისთვის უჩვეულოა ის ფაქტიც, რომ მატიანეებში აისახა ცნობები ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც არ წარმოადგენდა მაღალ არისტოკრატულ ფენას. 
არდაშელ თეთნულდელი გადმოცემის მიხედვით ბასიანთან ბრძოლაში დაიღუპა (1202 წ.), ამიტომ როდესაც 1223 წელს მეფე გიორგი IV ლაშას ბრძოლა მოუწია მონღოლების შემოჭრილ ლაშქართან, არდაშელის მაგივრად მეფის ლაშქარში მისი სამასი ვაჟი გამოცხადდა.  
როგორც ავგაროზ ბანდაისძე გადმოგვცემს, გიორგი IV ლაშამ არ დაუცადა დასავლეთ საქართველოდან მომავალ 300 თეთნულდელ ძმას და საბრძოლო მოქმედებები მათ გარეშე წამოიწყო. ხუნანის ველზე ბრძოლაში ის სასტიკად დამარცხდა ჯებესა და სუბუდაის ლაშქართან, დაიჭრა და უკან დაიხია. მეფის მსტოვარმა 300 თეთნულდელ ძმას ლიხის ქედის მახლობლად მიუსწრო და გიორგი IV-ს ბრძანება გადასცა - ძმებს უნდა დაეცვათ დასავლეთ საქართველოში გადასასვლელი ერთადერთი გზა იქამდე, სანამ მეფე ახალ ლაშქარს არ მოუყრიდა თავს. თეთნულდელებმა პოზიციები დაიკავეს ქედზე და მონღოლთა გამოჩენას დაელოდნენ. 

ჯებემ და სუბუდაიმ მყისვე წამოიწყეს იერიში თეთნულდელ ძმათა პოზიციებზე. „მატიანე იმიერ საქართუელოისას" მიხედვით ძმებს ემოსათ „თორნი" და შეიარაღებულნი იყვნენ „ლახუარითა მძლავრითა, მშუილდითა მისრისა ქუეყანისა". უფროს ძმას კი ეპყრა მამის, არდაშელის მახვილი, რომელიც გამოჭედილი იყო თეთნულდის მთის ძირას. 
მტრის ისრების წვიმის ქვეშ, ძმები ახერხებდნენ დაეცვათ უღელტეხილი მტრის შემოტევისგან. არ აძლევდნენ საშუალებას მონღოლებს, გადაელახათ წინაღობები და შეჭრილიყვნენ იმიერ საქართველოში. განრისხებული ჯებეს ბრძანებით მეომრებმა ისრები დაუშინეს ძმებს. მათი ნაწილი ამოხოცეს, დანარჩენებზე კი იერიში მიიტანეს ჩამოქვეითებულმა მონღოლებმა. გააფთრებული ბრძოლა დიდხანს გრძელდებოდა და მონღოლები ვერ ახერხებდნენ ძმების დამარცხებას, სანამ ერთმა რაზმმა, თვითონ ჯებეს მეთაურობით ფლანგიდან არ შეუტია ქართველებს. ძმები მამაცურად იღუპებოდნენ და თან მრავალ მონღოლს ცელავდნენ დაუღლელი მკლავით. როგორც ავგაროზ ბანდაისძე გადმოგვცემს, სამასი თეთნულდელი ძმის სიმამაცემ მონღოლთა რიგებში პანიკა გამოიწვია, ისრების წვიმა ვერ აჩერებდა მათ და ამაყად აფრიალებდნენ ქართველთა დროშას „გორგასლიან-დავითიან-თამარიანს". როდესაც ყველა მათგანი დაიღუპა, სიჩუმემ დაისადგურა. არდაშელის ხმალს მონღოლი მეომარი დასწვდა, მაგრამ ვერ მოერია, ვერ აღმართა გამარჯვების ნიშნად. ამ დროს ქალის საზარელმა კივილმა შეძრა მონღოლ მეომართა რიგები. ქედის წვერზე თეთნულდელთა დედა იდგა. იგი თავის დახოცილ ვაჟებს დასტიროდა. „ღუარა ცრემლი დიაცმა და ჰკიოდა დიდ ხმაზედ" - აღნიშნავს მემატიანე. კლდის ქიმზე უზარმაზარი აკვანი იყო აღმართული, რომელშიც დედა თავის სამას ვაჟს არწევდა. ეს იყო „სიგრძით წყრთა 69 და განი ჰქონდა 13 წყრთა". აკვანი ჯაჭვებით იყო იყო შეკრული. მისი სიმძიმისგან კლდიდან ქვები ცვიოდა. ამ დროს ქალმა ხელი ჰკრა აკვანს და ის საშინელი გრუხუნით დაეშვა მთის ფერდობებზე. უზარმაზარ ლოდებთან ერთად დაეცა ის მონღოლთა წინა რიგებს და უამრავი მეომარი მოსრა. გზა კი ისე ჩახერგა, რომ ვერცერთი მეომარი ვერ გაივლიდა. გმირი დედა უფსკრულში გადაეშვა და თავის შვილებთან ერთად დალია სული. 
სამასი ძმის გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია, ქართველებმა მოახერხეს შეეკრიბათ ახალი ჯარი და მოეჭრათ ჯებესა და სუბუდაის ლაშქრისთვის იმიერ საქართველოსა და თბილისისკენ მიმავალი გზები. მონღოლმა სარდლებმა დატოვეს ქვეყანა და დარუბანდის კარის გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ.

უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია

უცნობი გმირები: ბაკური და გურგენი თბილისის დასაცავად (627 წ.)


ბაკური და გურგენი - 627 წელს, ხაზარებისა და ბიზანტიელებისგან ალყაში მოქცეული თბილისის გმირი დამცველები. ათი დღის განმავლობაში ისინი მტერს კედლის გარღვევის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ და ხაზართა ხაკანმა ჯიბღუმ ქალაქს ალყა მოხსნეს და მეორე წლამდე გადადეს თბილისის აღება.
წყაროები
ბაკური (Pacurius) და გურგენი (Gourgenes) შესახებ ძირითად წყაროებს წარმოადგენს ბიზანტიელი ისტორიკოსის ნიკიფორე ბრიენოს უმცროსის (1062-1137) თხზულება Ὕλη Ἱστορίας ორ Ὕλη Ἱστοριῶν - „მასალები ისტორიისთვის". მიუხედავად იმისა, რომ ნიკიფორე ბრიენოსი ძირითადად კომნენოსების პერიოდის ისტორიას აღწერს, მას აქვს ცნობები ჰერაკლე კეისრის სპარსული ლაშქრობების შესახებაც. 627 წლის მოვლენების შესწავლისთვის ნიკიფორე ბრიენოსის თხზულებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია. მასში ბევრი წვრილმანი დეტალიც კი იკითხება და ასევე დასახელებულია მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ აიღეს თბილისი ბიზანტიელებმა და ხაზარებმა - ორი ქართველი გმირის, ბაკურისა და გურგენის თავდადება. 
მეორე ბიზანტიური წყარო, რომელშიც 627 წლის მოვლენები შედარებით უფრო მკრთალად არის გაშუქებული, გახლავთ იოანე სკილიცეს Σύνοψις Ἱστοριῶν - „ისტორიის მიმოხილვა". მასში ძირითადად IX-XI საუკუნის ისტორიაა აღწერილი, მაგრამ არის რამდენიმე თავი, რომელიც უფრო ადრინდელ ეპოქასაც ეხება. იოანე სკილიცეს ზემოთხსენებული ნაწარმოები იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მის მადრიდულ ხელნაწერში (გადაწერილია სიცილიაში XII საუკუნეში, დაცულია მადრიდის არქივში) მოცემული 574 მინიატურიდან, ერთ-ერთი სწორედ გურგენისა და ბაკურის გმირობას ეხება. მასზე აშკარად ჩანს კედელი, ორი ამოშენებული ადგილით და ჯარისკაცები რომლებიც მის დანგრევას უშედეგოდ ცდილობენ. 
სახალხო გადმოცემები ბაკურისა და გურგენის შესახებ არცთუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ გვაძლევს საინტერესო ინფორმაციას. ისინი სხვადასხვა სახელით არიან ცნობილები სხვადასხვა ლეგენდაში, მაგრამ ისტორიის შინაარსი თითქმის ყველგან ერთნაირია. 
არქეოლოგიური გათხრების შედეგად თბილისში, ნარიყალას ციხის (იმ დროს კალა-ციხე ეწოდებოდა) კედელთან, ნაპოვნია VII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული რკინის ჯაჭვები, რომლითაც გურგენი და ბაკური იყვნენ შებოჭილები გალავანში ჩაშენების დროს. ჯაჭვები ინახება თბილისის მუზეუმში. სხვა სახის არქეოლოგიური მასალა არ გაგვაჩნია. 
ისტორია
627 წელს ჰერაკლე კეისარი, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან, თავისი ჯარებით ქართლში შემოიჭრა, რომელიც მაშინ ირანის, ბიზანტიის მოწინააღმდეგის გავლენის სფეროში იყო მოქცეული. თბილისი საჭირო სტრატეგიული პუნქტი იყო ბიზანტიისთვის, ასევე ირანელებს საშუალება ეძლეოდათ კავკასიაში ძლიერი პოზიცია დაეჭირათ თუ თბილისი მათ ხელში იქნებოდა. ხაკანმა და იმპერატორმა ერთობლივი ძალებით შეუტიეს ქალაქის გარეთა გალავანს და ერისმთავარ სტეფანოზის სიკვდილის შემდეგ, მოახერხეს მისი გადალახვა. თბილისის დამცველები გამაგრდნენ კალა ციხეში. 
ნარიყალა

კალა-ციხის ცენტრალური კედელი ძალიან ყოფილა დაზიანებული. შიდა მხარე თითქმის მოშლილი იყო, მაგრამ ქართველებს მის ამოსაშენებლად დრო არ ჰქონდათ, თან ახლად ამოშენებული კედელი სუსტი იქნებოდა. ამ დროს ორი გოლიათი ჯარისკაცი, ბაკური და გურგენი გამოვიდნენ რაზმის რიგებიდან. ნიკიფორე ბრიენოსი წერს, რომ მათი სიმაღლე კედლის ნახევარს წვდებოდა, მხრები კი ბიზანტიონის უდიდეს ზარზე ფართო ჰქონდათ. მათი სადარი არავინ იყო მთელ ციხეში. გურგენმა და ბაკურმა გადაწყვიტეს თავი გაეწირათ და კედლის შემონგრევის საშუალება არ მიეცათ მტრისთვის. ისინი მსხვილი ჯაჭვებით მიამაგრეს კედელზე, სუსტ ადგილას, გვერდიგვერდ და კარგად გაკოჭეს იმავე ჯაჭვით, შემდეგ კი ზურგიდან კარგად ჩაკირეს და ამოაშენეს. გურგენი და ბაკური გაუნძრევლად იდგნენ და კედელს ამაგრებდნენ. 
მტერმა იერიში წამოიწყო. ბიზანტიელებმა ჯერ ლოდსატყორცნებით დაუშინეს ქვები კედელს, შემდეგ კი ტარანები მიაყენეს. კედელი ურყევად იდგა. მეციხოვნეები მტერს ისრებს ესროდნენ და ხელს უშლიდნენ. მთელი ძალით ურტყამდნენ ტარანებით კედელს ხაზარი მეომრები, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ბაკური და გურგენი მტკიცედ ამაგრებდნენ კედელს. ნიკიფორე ბრიენოსის ცნობით როდესაც ბერძნებმა და ხაზარებმა სცადეს ღამის სიბნელის საფარქვეშ დაეწყოთ შეტევა და შეუმჩნევლად გადასულიყვნენ გალავანზე, კედელი საზარლად, სისხლის გამყინავად ახარხარდა. ეს გურგენი და ბაკურნი იყვნენ, რომელთაც შიშის ზარი დასცეს მოწინააღმდეგეს და ისინიც სწრაფად გაეცალნენ იქაურობას. მეციხოვნეებმა იცოდნენ, რომ ორი გოლიათი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ კედელში, ამიტომ წყალს ასხამდნენ ლოდებს, რათა ბაკურს და გურგენს სული მოეთქვათ. მეორე დღეს, დილითვე განახლდა შტურმი. კედელს კვლავ დაუშინეს ლოდსატყორცნები და როდესაც ქვეითები კიბეებით დაიძრნენ მასზე ასასვლელად სიმღერა გაისმა, ხმამაღალი და შემაძრწუნებელი. ხალხური თქმულების მიხედვით, გურგენმა და ბაკურმა მრავალჟამიერი შემოსძახეს. ბიზანტიელები და ხაზარები კვლავ დაფრთხნენ და გაიფანტნენ. სკილიცე წერს, რომ „ბასილევსი ჰერაკლიოს სამი დღის განმავლობაში აღარ უტევდა გალავანს". როდესაც ბიზანტიელებმა იერიშები განაახლეს, იგივე განმეორდა. ხაზარებმა კი ვერცერთი კიბე ვერ მიადგეს კედელს. მას კიბე არ ეკარებოდა. ღამით კი იდუმალი ნათელი დაჰფენოდა. ჰერაკლე კეისარმა ბიბლია გადაშალა, იხილა ეპისტოლე პავლესი ებრაელთა მიმართ - „ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი" (ებრაელთა მიმართ, 11:10). ჰერაკლე კეისარმა, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმეტყველების კარგი ცოდნით, გადაწყვიტა, რომ ციხეს ვერ აიღებდა. ჯიბღუ ხაკანს მოელაპარაკა და მათ უკან დაიხიეს, შეტევა შემდეგ წელს უნდა განეახლებინათ მხოლოდ ხაზარებს. 
იმპერატორი ჰერაკლე ამარცხებს ხოსრო II-ს

მტერმა ქალაქის მიდამოები დატოვა, გახარებული ქართველები აქეთ-იქით აგორავებდნენ იმ გოგრას, რომელზეც ჯიბღუ-ხაკანის სახე ჰქონდათ მიხატული, ისრებს ესროდნენ და უკუქცეულ მტერს დასცინოდნენ. ამ დროს კი ყველას გაახსენდა გალავანში მოქცეული ორი გოლიათი, რომელთაც ქალაქი გადაარჩინეს. კედელი მაშინვე გამოანგრიეს და გამოიყვანეს ჯაჭვებით შეკრული ბაკური და გურგენი. გურგენი უკვე მკვდარი იყო. ბაკურმა კი გადმოცემის მიხედვით თქვა, რომ მთელი ეს დრო ვეშაპის მუცელში ეგონა თავი, ისევე როგორც იონა წინასწარმეტყველი იყო. გმირი გოლიათი ქალაქის კედელთან დამარხეს, ბაკურმა კი თბილისი სამუდამოდ დატოვა და მასზე არცერთ თქმულებაში აღარაფერი წერია. 
628 წელს, ხაზარები კვლავ შემოიჭრნენ, აიღეს თბილისი, მიადგნენ კალა-ციხეს და შეანგრიეს ის კედელი, რომელსაც ერთი წლის წინათ ბაკური და გურგენი იცავდნენ. კალა-ციხე დაეცა. ჯიღბუ ხაკანის ვაჟის შათის ბრძანებით თბილისი გაძარცვეს, დაანგრიეს და ღვთის ანაბარად დატოვეს. 

უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია