вторник, 26 января 2016 г.

ყველა დროის 10 უდიდესი ქართველი გენერალი



ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, იმსახურებენ თუ არა ქართველი მხედართმთავრები ადგილს მსოფლიოს საუკეთესო გენერლებს შორის და სხვადასხვა რეიტინგებში ხალხმა ხმის მიცემის საშუალებით მაღალი პოზიციები დააკავებინა ისეთ დიად ქართველ სარდლებს, როგორებიც იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დავით აღმაშენებელი, ერეკლე II (ეს უკანასკნელი მხოლოდ 30-ე ადგილზე გავიდა და ამის გამო დიდი უკმაყოფილებაც გამოითქვა, რადგან ერეკლე II ნამდვილად იმსახურებდა ადგილს თუნდაც უფრო მაღალს ვიდრე სციპიონ აფრიკელი, ჰენრი V ანდაც სალადინი). შესაბამისად, ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ მაქსიმალურად ობიექტური ათეული იმ დიდი ქართველი გენერლებისა (რომელთა შორის არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც, რაც თავისთავად მეტყველებს ქართველ ხალხში ბუნებრივი სამხედრო ნიჭის არსებობას. გაითვალისწინეთ ეს და არავითარ შემთხვევაში არ შეხედოთ საკითხს გენდერული ბალანსის თვალსაზრისით), რომელთაც საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია შეცვალეს და თავიანთი ზარბაზნებით, მახვილით, შუბითა თუ მშვილდ-ისრით გადაწერეს ერის მატიანე.


1. რევაზ მუხრანბატონი (1835-1922 წწ.)
ალბათ ბევრი არგუმენტი არ სჭირდება იმის ახსნას, თუ რატომ უნდა იდგეს ქართველ გენერალთა ათეულის პირველ ადგილზე. მან, ერთადერთმა შეძლო და დაამარცხა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოღვაწე, „მსუქანი ნაპოლეონი", სომხური წარმომავლობის რუსი გენერალი იგორ ხორთუმოვი და ყველაზე ახლოს იყო მოსკოვის აღებასთან, რომლის დაპყრობა ოცნებაა ნებისმიერი ქართველი სამხედრო მოღვაწისათვის და ამან თავისთავად განსაზღვრა კიდეც რევაზ მუხრანბატონის მიერ პირველი ადგილის დაკავება რეიტინგში. რევაზ მუხრანბატონმა შეასრულა ბრწყინვალე სამხედრო კამპანია, რომელიც დაიწყო კავკასიონის გადალახვით და დასრულდა ცარიცინთან. მის მიერ დამარცხებულ გენერალთა სიაში ადგილს იკავებს თვითონ ანტონ დენიკინიც, „თეთრების" არმიის მხედართმთავარი. დაწვრილებით აღარ აღვნიშნათ მის წარმატებას I მსოფლიო ომში. მუხრანბატონის  ცხოვრებისა და მისი სამხედრო კამპანიის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ბლოგზე უკვე მოცემულ სტატიაში. დამატებით იხილეთ: უცნობი ფაქტი 1918 წლის საქართველოს ისტორიიდან


2. თამარ-მეფე (1160-1210 წწ.)
საქართველოს ისტორიას არ ახსოვს სხვა არც ერთი მეფე, რომლის სახელი ასე შორს ყოფილიყო გავარდნილი როგორც უბრწყინვალესი და უნიჭიერესი ქალი, წმინდანი და ქრისტიანობის მფარველი. თამარ-მეფე იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგოსი, რასაც მოწმობს მისი სამხედრო კამპანიები აზერბაიჯანის ათაბაგთა (შამქორის ბრძოლა) და რუმის სასულთნოს წინააღმდეგ (ბასიანის ბრძოლა), ასევე ბრძოლა ხლათის დასაუფლებლად და სამოქალაქო ომში არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგიის გამოყენება (სერ ბასილ ლიდელ-ჰარტის სამხედრო თეორიამდე ბევრად ადრე). თამარ-მეფეს ბრწყინვალედ შეეძლო ჯარის მოტივირება, ის ფეხშიშველი უძღოდა მას წინ ჯვრით ხელში, ლოცულობდა მათთვის და ყველას ხორცშესხმული წმინდანი ეგონა (ასეც იყო). რეალურად, ის პირადად არ ხელმძღვანელობდა ყველა ბრძოლას, მაგრამ ამას თავისი სარდლების მეშვეობით ახერხებდა, რომელთაც შესანიშნავად არჩევდა, ისევე როგორც შემდგომში ნაპოლეონი მარშლებს. ეს მხედართმთავრის კიდევ ერთი, ძალიან დიდი ღირსებაა. აღსანიშნავია, რომ თამარ-მეფე არასდროს დამარცხებულა და მისი სახელი სამხედრო ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.


3. არტემონ (არტემ) ჯიჯიხია (1874-1938 წწ.)
მართალია XX საუკუნის პირველ ნახევარში საუკეთესო ქართველი მხედართმთავარი იყო რევაზ მუხრანბატონი, მაგრამ მის მიღწევებს ალბათ მხოლოდ მცირედით ჩამორჩება გენერალ არტემონ ჯიჯიხიას სამხედრო კარიერა. ეს უბრწყინვალესი შვილი საქართველოსი წარმოშობით სამეგრელოდან იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის მოღვაწეობაში. რუსეთის სამხედრო ატაშე მის შესახებ წერდა, რომ „ისეთივე გაიძვერაა როგორც ყველა მეგრელიო". მართალია ეს მოწინააღმდეგის გაკეთებული შეფასებაა და ის რასაკვირველია უარყოფითი კუთხით აფასებდა მას, მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ არტემონ ჯიჯიხია ჰქონდა მხედართმთავრისათვის აუცილებელი ეს თვისება და სათანადოდაც იყენებდა მას როგორც I მსოფლიო ომში, ისე საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ომებში. არტემონ ჯიჯიხია იყო განსაკუთრებული სიმამაცის ადამიანიც. I მსოფლიო ომში ის წინასწარი განზრახვით, ტყვედ ჩაუვარდა მტერს და 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა მათთან ტყვეობაში. ამ დროში მან დეტალურად შეისწავლა გერმანელთა სამხედრო საქმე და მათი სამხედრო საიდუმლოებები თავის სამხედრო შტაბში გადაგზავნა. სწორედ ჯიჯიხიას დამსახურებაა ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის წარმატება, რომელიც მთლიანად მიიწერა ალექსეი ბრუსილოვმა. არტემონ ჯიჯიხია ითვლებოდა თავდაცვითი ბრძოლის ოსტატად. ეს მან გამოავლინა 1919 წელს სომხეთთან ომში და ასევე 1921 წელს, როდესაც თბილისთან ბრძოლებში წითელმა არმიამ ვერაფრით ვერ შეძლო მისი ფლანგის გარღვევა. მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით: „გენერალი ჯიჯიხია ზარბაზანთან იდგა ჭიქა ოჯალეშით ხელში და ომახიანად ამხნევებდა თავის სალდათებს, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის მომკვდარიყვნენ" (ეს ის ზარბაზანი იყო რომლიდანაც იგორ ხორთუმოვმა სიკვდილის წინ არარატი დაინახა რიაზანთან რევაზ მუხრანბატონთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ). ჯიჯიხიამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამხედრო სამსახური დატოვა და მას შემდეგ აღარ უმსახურია ჯარში, მაგრამ მისი განვლილი კარიერა საშუალებას გვაძლევს ის ჩვენი რეიტინგის მესამე ადგილზე მოვათავსოთ.


4. პეტრე I (1672-1725 წწ.)
რუსეთის იმპერიაში მრავალი ქართველი მსახურობდა, მაგრამ ის იყო წარმოშობით ქართველი პირველი დიდი მმართველი, რომელიც ამ უშველებელ, უძლეველ დათვურ სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში და მისი ძალები მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართა. პეტრე I იყო ქართლის მეფის, ერეკლე I-ს (შემდგომში ნაზარ ალი-ხანად წოდებულის) ვაჟი. მამამისისაგან მას ბაგრატიონების სამხედრო ნიჭიერება ბუნებრივად გადაეცა. როდესაც ბაგრატიონი იბადება, მას ხელის გულზე პატარა მახვილის ფორმის ლაქა აქვს, რომელიც შემდგომში ქრება. ესაა მესიის მახვილის სიმბოლო. პეტრეც სწორედ ასეთი სიმბოლოთი დაიბადა. ახალგაზრდობაშივე, ის შეუდგა თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების დაგეგმვას. პეტრემ განახორციელა კამპანიების მთელი სერია იმ დროის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს, შვედეთის წინააღმდეგ და დაამარცხა მათი მეფე კარლოს XII, ოსმალეთის სულთანი და ღრმად შეიჭრა კავკასიაშიც, სადაც ვახტანგ VI-თან ერთად დიდ ლაშქრობას გეგმავდა და მხოლოდ მისმა ნაადრევმა სიკვდილმა შეუშალა ხელი ორ ქართველ მონარქს, ერთობლივი ძალებით აეღოთ ისპაჰანი და თავრიზი. პეტრე განსაკუთრებით გამოირჩეოდა შეუპროვრობით, სიმამაცით, დიდი ენთუზიაზმით და ნიჭიერებით არა მხოლოდ სამხედრო საქმეში, არამედ ადმინისტრირებაშიც, რაც თავისთავად ხელს უწყობდა მის სამხედრო მიზნებს. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ პეტრე I დამსახურებულად არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი გენერალი.


5. ფარნავაზი (ძვ.წ. IV-III სს.)
ფარნავაზი, ქართლის პირველი მეფე და საქართველოს გამაერთიანებელი, უპირობოდ იმსახურებს ადგილს უდიდესი ქართველი გენერლების სიაში. მისი სამხედრო მოღვაწეობა, არმიის ორგანიზება, მოკავშირეებთან შეთანხმებული მოქმედება, მანევრები, ტაქტიკა-სტრატეგია, ლოჯისტიკა, ყოველთვის სათანადო დონეზე იდგა და ფაქტობრივად, ისიც შეგვიძლია დავასახელოთ დაუმარცხებელ მხედართმთავრად. განსაკუთრებული დიდება ფარნავაზს, როგორც სარდალს, მოუტანა აზოს წინააღმდეგ გამოყენებულმა სამხედრო ფანდმა, როდესაც მან ნახა რომ მორბენალ დათვს საომარი ეტლივით დამანგრეველი ძალა ჰქონდა, ტყესთან გაუმართა ბრძოლა აზოს, ტყე ცეცხლს მისცა და იქიდან გამოდევნილი დათვების საშუალებით გადათელა მოწინააღმდეგე. ეს სამხედრო ხერხი მსოფლიოს ცნობილ სამხედრო აკადემიებში ისწავლება და მას დათვის გარღვევა (Bear Offensive) ეწოდება. ფარნავაზის საბრძოლო დროშა, რომელზეც კამეჩის რქებზე შემდგარი საქართველო იყო გამოსახული, მტერს შიშის ზარს სცემდა, რის შესახებაც ბერძნულ-რომაული ისტორიული წყაროები (ელიუს სპარტიანუსი, პომპონიუს მელა და სხვ.). დამატებით იხილეთ: ფარნავაზ მეფე და საყდრისის მაღარო: საქართველოს გაერთიანების ერთადერთი გზა


6. თამილა აყაშვილი (1895-19 ??)
თამილა აყაშვილი XX საუკუნის I ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სამხედრო მოღვაწე იყო. 23 წლის ასაკში მან მიაღწია ისეთ მაღალ სამხედრო თანამდებობას, როგორიც იყო გაგრის კომენდანტობა და იქცა საქართველოს გამათავისუფლებელი ომის ერთ-ერთ ლიდერად. რადგან მის შესახებ მკითხველს ნაკლები ცნობები აქვს, გვსურს უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ თამილა აყაშვილის მოღვაწეობა. აყაშვილების გვარი XIII საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება ქართულ ისტორიულ წყაროებში და უმეტეს შემთხვევაში სადროშოების სარდლებად ან გამორჩეულ მეომრებად ბრძოლის ველზე, თუმცა თამილა აყაშვილი ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და ალბათ ყველაზე ცნობილიც. ის რუსეთის იმპერიის ჯარში 20 წლის ასაკში ჩაირიცხა და რომ არ მიმხვდარიყვნენ რომ მამაკაცი იყო, თავი გადაიპარსა. იბრძოდა უკრაინის ფრონტზე გერმანიის იმპერიის ძალების წინააღმდეგ. თავდაპირველად შეტაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, უბრალოდ დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ერთ დღეს მან 50-ზე მეტი დაჭრილი გამოიყვანა, რაც განსაკუთრებულად აღინიშნა გენერალ ნიკოლაი დუხონინის ანგარიშში. ამის შემდეგ თამილა სწრაფად დაწინაურდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდა, უკვე კაპიტნის წოდებას ატარებდა. 1918 წელს ის გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად შეიჭრა აფხაზეთში და პირადად მეთაურობდა სამ ბატალიონს, რომელმაც მთელი რიგი პუნქტები დაიკავა, მათ შორის გაგრა, რომლის აღების დროსაც თამილა დაიჭრა. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სათანადოდ დააფასა მისი სამხედრო ნიჭი და ნოე ჟორდანიას თანხმობით გენერლობა და გაგრის კომენდანტობა უბოძა, ხუმრობით ის „დალისაც" ეძახდა, ქართული ნადირობის ქალღმერთის სახელს, რომელიც დაუნდობლად ნადირობდა მოწინააღმდეგეზე, ეს სახელი თამილას სამუდამოდ შერჩა. თამილა წარმატებით ებრძოდა თურქებს აჭარაში და მოახერხა მათი განდევნა სულ ორი ასეულით. ჭრილობის გამო არ მონაწილეობდა სომხეთთან ომში, თუმცა 1921 წელს უკვე მწყობრში იყო და რუსეთთან გამართულ ომამდე სამხედრო შტაბშიც იყო მიწვეული. მან ურჩია გენერალ გიორგი კვინიტაძეს აზერბაიჯანის დაკავების საშუალება არ მიეცა რუსებისათვის, მაგრამ არც ნოე ჟორდანიამ და არც კვინიტაძემ ეს ჭკვიანური გეგმა არ მიიღეს. წითელი არმიის მიერ თბილისის ალყისას, თამილა გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად მოქმედებდა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, თამილა არ წასულა ემიგრაციაში, ის ტყეში გაეშურა პარტიზანად და თავის თანამებრძოლებთან ერთად მტერს მოსვენება დაუკარგა. 1924 წელს თამილას რაზმი გაერთიანდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან და თავგანწირვით იბრძოდა საქართველოს გასათავისუფლებლად. ქაქუცას მარცხისა და საფრანგეთში წასვლის შემდეგ, თამილამ ბრძოლა გააგრძელა და 1926 წლის ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ის ყაზბეგის მიდამოებში შეუნიშნავთ, მაგრამ ამის შემდეგ ისტორიიდან ქრება და არც უცხოურ და არც საბჭოთა საარქივო მასალებში, მემუარებში თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში გვხვდება. მიუხედავად ამისა, თავისი მოკლე სამხედრო კარიერის განმავლობაში მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი როგორც ნიჭიერმა მეთაურმა და მებრძოლმა და ჩვენს ათეულში საპატიო ადგილიც დაიკავა.

7. გიორგი II (1040-1112 წწ.)
გიორგი II ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე იყო შუა საუკუნეებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. გიორგი II-ს როლი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკნინებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ის ითვლებოდა მეფედ, რომელმაც ვერ შეძლო სელჩუკებისაგან საქართველოს დაცვა და მის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად დავით IV-ს ტახტზე აყვანას თვლიდნენ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. გიორგი II-ს გენერალური ბრძოლა სელჩუკებთან ფარცხისის მახლობლად, მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ როდესაც მეფემ დაინახა, რომ უამრავი მტრით გარშემორტყმულს არ შეეძლო გამარჯვება, მტერთან ზავის დადება და ქვეყნის გადარჩენა ამჯობინა. მართალია თურქთა მარბიელი ლაშქრობები მაინც ეწყობოდა, მაგრამ ეს არ იყო ორგანიზებული ძალების შემოსევა და გიორგი II მოხერხებულად ირიდებდა მათ თავიდან რომ არა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც საქართველო ძალიან დააზიანა. ამის შემდეგ მან რეპუტაცია დაკარგა და თავისი შვილის სასარგებლოდ გადადგა, თუმცა დავით IV-ს ამოფარებულმა კვლავაც განაგრძო თავისი გონივრული პოლიტიკის გატარება. შესაბამისად, ყოველივე ის სამხედრო წარმატება, რასაც ვითომ დავითმა მიაღწია 1112 წლამდე, გიორგი II-ს დამსახურებაა და მისი დაგეგმილია. ეს იყო ბრძოლის ძირითადი ეტაპი, რადგან ამ წლებში გიორგიმ მოასწრო ქვეყნის მოძლიერება და დავითს დაუტოვა შესანიშნავი სამხედრო ძალა, რომლითაც მან დააგვირგვინა მამის წარმატებები. გიორგი II სავსებით სამართლიანად შეიძლებოდა უფრო მაღლაც დაგვეყენებინა ამ რეიტინგში, მაგრამ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჯერჯერობით ცოტაა დაწერილი და მკითხველმა შეიძლება ეს არარეალურად მიიჩნიოს, ამიტომაც თავს ვიკავებთ და მომავალში იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო განვავრცობთ და მაშინ ყველა დაინახავს, რომ გიორგი II ადგილს ხუთეულშიც იმსახურებდა.

8. დიმიტრი „ბაზორკა" ამილახვარი (1906-1942 წწ.)
 უცხოეთში მოღვაწე ქართველ მხედართმთავართაგან გამორჩეული იყო დიმიტრი „ბაზორკა" ამილახვარი, უცხოური ლეგიონის სიამაყე და საფრანგეთის ეროვნულ გმირთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული. მისი სახელი საფრანგეთში ყველამ იცის, ისევე როგორც დიადი ნაპოლეონისა და შარლ დე გოლისა. ნებისმიერი ფრანგი გაიხსენებს ბაზორკას და მის გმირულ საქმეებს. დიმიტრი დაიბადა ქალაქ ბაზორკინოში. 1922 წელს გადასახლდა საფრანგეთში და 20-იანი წლების ბოლოს უკვე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრი იყო. დიმიტრი ამილახვარი მალევე დაწინაურდა და ოფიცერი გახდა. მას შემდეგ რაც გერმანელებმა დაიპყრეს საფრანგეთი, ბაზორკა ჩავიდა ინგლისში და შარლ დე გოლს შეუერთდა. ბაზორკას განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი გამოვლინდა აფრიკაში, ნაცისტური გერმანიის ძალებთან ბრძოლაში. მანამდე კი ძლევამოსილებით მოიარა ერიტრეისა და სირიის სამხედრო ასპარეზები. აფრიკაში ბრძოლებისას ის თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს, როდესაც იერიშზე მიდიოდა, გერმანელები ყვიროდნენ „ბაზორკა" მოდისო, გერმანულად კი ბაზორკა „ებრაელ დავითს" ნიშნავს. ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, როდესაც ჰიტლერმა შეიტყო როგორ ამარცხებდა ბაზორკა ანუ ებრაელი დავითი მის ძალებს, უთქვამს „მართლა არ წამომაქციოს ეს გოლიათი კაციო". ბაზორკა გმირულად დაეცა ელ-ალამეინის ბრძოლაში, რომელიც მისი ჩამოყალიბებული ტაქტიკური გეგმის მიხედვით აწარმოეს მოკავშირეებმა და დიდ გამარჯვებას მიაღწიეს გერმანელთა წინააღმდეგ. ბაზორკა ამილახვარი უცილობლივ იმსახურებს ადგილს ჩვენს ათეულში. 

9.... ძალიან რთულია ქართველი გენერლებით ათეულის შევსება, რადგან ქვეყანას ძალიან ბევრი დიდი სამხედრო მოღვაწე ჰყავდა და ალბათ მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებისათვის ბევრმა შეიძლება იბრძოლოს, მათ შორის გიორგი სააკაძემ, ბაში-აჩუკმა, ზვიად სპასალარმა, ვაჟა მირიანაშვილმა და ა.შ. ამიტომაც ამ ადგილებს თავისუფალს ვტოვებთ და იმედს ვიტოვებთ მომავალში ობიექტური ანალიზისა და წლების განმავლობაში გაკეთებული გამოკვლევების შედეგად, მასაც შევავსებთ. 

пятница, 22 января 2016 г.

ფარნავაზ მეფე და საყდრისის მაღარო: საქართველოს გაერთიანების ერთადერთი გზა

ანტიკური საქართველო, ქართლის მეფე ფარნავაზის ეპოქა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში. ამ დროს ჩამოყალიბდა პირველი მყარი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება იბერიის სახით, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანესი გახდა მთლიანად ქართველთა კონსოლიდაციისა და ერთ ქვეყნად გაერთიანებისათვის. გარდა ამისა, ეს პერიოდი მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ისტორიული წყაროების მხრივ, რომელთა დახმარების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია აღვადგინოთ ფარნავაზის მეფობის დეტალები. შედარებით გვიანდელი წყაროები (ქართლის ცხოვრება) გადმოგვცემს თუ როგორ განდევნა ქართლიდან მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმის შვილმა ფარნავაზმა ეგრისის მმართველის ქუჯის დახმარებით ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად დატოვებული აზო.

ალექსანდრე მაკედონელის სტატერის (ოქროს მონეტა) მინაბაძი ქართლში (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.)  

ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია ღრმადაა გადაჯაჭვული ქართველი ხალხის ერთიანობის იდეასთან, წარმოადგენს მის საწყისს და პირველად საქართველოს ისტორიაში, მემატიანე ცდილობს ქართველთა ერთიანობას საფუძველი შეუქმნას. რამდენად რეალური იყო ლეონტი მროველის მოცემული ეს ისტორიული ეპიზოდი, რთული სათქმელია წყაროების სიმცირის გამო, თუმცა გარკვეული ცნობები გაგვაჩნია ფარნავაზის მეფობის შესახებ და მეტნაკლებად შეგვიძლია მას დავეყრდნოთ. ერთ-ერთი არის I საუკუნის რომაელი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, პომპონიუს მელას თხზულება De situ orbis libri III და გაიუს პლინიუს სეკუნდუსის (I ს.) Naturalis Historia. გარდა ამისა, გვაქვს III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის, ჰეგესია მაგნეზიელის (γησίας Μάγνης) ცნობები, რომელთა ნაწილიც შემდგომში აისახა დემეტრიუს ქრონოგრაფოსის (III ს.), ალექსანდრიაში მცხოვრები ებრაელი ისტორიკოსის თხზულებაში. ისინი წერენ ფარნავაზის მეფობის ერთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე და ამავე დროს სარგებლობენ ვინმე ჰესპიარხოსის, იბერიელი ბერძენის გადმოცემით, რომელიც იბერიაში ცხოვრობდა ფარნავაზის მეფობისას და შემდგომში გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც ქალაქ ფარსალოსში დასახლდა და ადგილობრივი მმართველის მწერლად იქცა.
საინტერესო და განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ამ ცნობებში არის ცნობილი ოქროს მაღაროს მოხსენიება, რომელიც დღეს საყდრისის სახელით არის ცნობილი, ამიტომ ჩვენ თხრობისას ამ სახელწოდებას გამოვიყენებთ. მისი იდენტიფიცირება საყდრისთან კი აშკარა და უდავოა.

მცხეთა 

ჰესპიარხოსის ცნობებიდან, რომლის ალექსანდრიული ვარიანტითაც ვსარგებლობთ, პირველ რიგში აღსანიშნავია ფარნავაზის გაძლიერებისა და მის მიერ აზოს ჩამოგდების ისტორია, თუ როგორ იშოვა ფარნავაზმა სიმდიდრე და შეკრიბა ჯარი, მიიმხრო ადგილობრივი მმართველები და საბოლოოდ დაიპყრო ქვეყანა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს განსხვავებულ ტექსტთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქართლის ცხოვრებასთან. კერძოდ, ფარნავაზის სიზმარი და ის, თუ როგორ აღმოაჩინა მან განძეული, ბერძნულ წყაროში აბსოლუტურად სხვაგვარადაა აღწერილი. ჩვენ შევეცდებით გასაგები ენით გადმოვცეთ ეს ცნობები.
ყმაწვილობაში, ფარნავაზი დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, შემდეგდროინდელი ბოლნისის მახლობლად ცხოვრობდა. ამ ადგილს კამეჩის ველს უწოდებდნენ. კამეჩის ველის მოსახლეობას მრავალი კამეჩი ყოლია, მათ შორის იყო ფარნავაზისაც. კამეჩს დიდი რქები ჰქონდა და ყველაზე დიდი იყო მთელ სოფელში. დემეტრიუს ქრონოგრაფოსის მიხედვით, ჰესპიარხოსი ირწმუნებოდა, კამეჩი სახლის სიმაღლე მაინც იყოო. ფარნავაზი ზედ ამხედრდებოდა და ველზე დასეირნობდა ხოლმე, მდინარეზე ჩაჰყავდა, სხვა კამეჩებსაც მწყემსავდა და სახლში მასთან ერთად ბრუნდებოდა. ხშირად მის უზარმაზარ ზურგზე ეძინა კიდეც. ერთხელ კამეჩით შორს გასეირნება გადაწყვიტა. მთელი დღე იარეს და შუაღამისას მიაღწიეს ბორცვებიან ადგილს, რომელსაც ახლა საყდრისს უწოდებენ. ამ დროს კამეჩმა წაიფორხილა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და დიდი ხმაურით ღრმა ნაპრალში ჩავარდა რქებით, უკანა ფეხები კი ამოშვერილი დარჩა. ფარნავაზი გონს მოეგო, ბევრი იწვალა, ბევრი ოფლი ღვარა და ვერაფრით ამოვიდა, იფიქრა რომ გათენდება მერე შევძლებ ამასო და გადაღლილს ჩაეძინა. ფარნავაზმა სიზმარი ნახა - უზარმაზარი კამეჩი მზისაკენ მიდიოდა, მისი რქები მოოქროვილი იყო და ოქროსფრად ბზინავდა, ზედ კი დიდი მიწა ტრიალებდა, ფარნავაზმა იფიქრა ეს დიდი მიწა საქართველოაო. ნელ-ნელა სიზმარი უფრო და უფრო მკრთალი ხდებოდა და ბოლოს გაქრა. ფარნავაზს გამოეღვიძა და გაიფიქრა „ასეთი გამოფიტული ვიყავი დაღლილობისაგან და სიზმარი როგორ ვნახეო", მერე კი მიხვდა რომ ეს არა სიზმარი, არამედ გამოცხადება იყო.
უკვე გათენებულიყო კიდეც და ფარნავაზმა მოახერხა ზემოთ ასვლა და კამეჩის ამოყვანაც. შემდეგ კი შეამჩნია კამეჩს რქები უბზინავდა. ფარნავაზი მივიდა და რქები გაუსინჯა თავის კამეჩს. კამეჩის რქები მოოქროვილი იყო. როდესაც ის ორმოში ჩავარდა, რქებით ჩაერჭო და რქებზე ოქრო მოედო. ფარნავაზმა ორმოში ჩაიხედა და დაინახა რქებისგან ამონგრეულ ადგილას ოქროს ზოდები. ფარნავაზმა გაიხსენა თავისი სიზმარი, გაიხსენა როგორ ნახა გაერთიანებული საქართველო კამეჩის რქებზე და ყველაფერს მიხვდა. ბედისწერა მას უმზადებდა საქართველოს გაერთიანებას, ძლიერი საქართველოსი რომელიც კამეჩის ოქროს რქებზე იბრუნებდა.
ოქროს კამეჩის სკულპტურა ფარნავაზის პერიოდიდან (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში)

ასე გახდა საყდრისის ოქროს მაღარო საქართველოს ერთიანობის საფუძველი. ფარნავაზმა დაიწყო ამ ოქროთი მოძლიერება, მხარდამჭერების შემოკრება. ის შეხვდა ქუჯის დღევანდელი ქალაქ ზესტაფონის მახლობლად (იმ დროში უძველესი ქალაქი, ბერძნების დაარსებული ფაქტორიუს მაგნა მდებარეობდა), ადგილზე რომელსაც დღესაც კამეჩის თავი ეწოდება. ეს სახელწოდება უკავშირდება ფარნავაზის სიტყვებს. როდესაც ამ შემაღლებულ ადგილას ავიდა და გადმოიხედა თქვა, „აქედან ისე მოჩანს საქართველო თითქოს კამეჩის თავზე იყოსო".  ამის შესახებ ცნობებს ჰეგესია მაგნეზიელის ზემოთ დასახელებულ თხზულებაში ვხვდებით.
ჰეგესია მაგნეზიელთან არის კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც ლეონტი მროველთან არ გვხვდება. ის ეხება აზოსა და ფარნავაზს შორის გამართულ ბრძოლას არტაანში. ერთხელ ფარნავაზი სანადიროდ ყოფილა დათვზე, დათვის მოკვლა ვერ მოუხერხებია, დათვს მთელი მისი რაზმი წაუქცევია და გაქცეულა. ფარნავაზმა იფიქრა: „თითქოს დიდი საომარი ეტლიაო, ისე მოძრაობსო" და გადაწყვიტა აზოსთან ბრძოლა როგორმე ტყესთან ახლო გაემართა. 

თითქოს დიდი საომარი ეტლია, ისე მოძრაობს 

როდესაც ის და აზო ერთმანეთს შეხვდნენ ტყის მახლობლად გაშლილ ფერდობზე, ფარნავაზმა ბრძანა ტყისათვის ცეცხლის მოკიდება, საიდანაც დაფეთებული დათვები გამოცვივდნენ და აზოს ჯარისაკენ გაქანდნენ. დათვებს იმხელა ხმა ქონიათ რომ აზოს უფიქრია მიწა იძვრისო, დაწოლილა, ყური მიწაზე დაუდია და მოუსმენია. სწორედ ეს იყო საბედისწერო შეცდომა. ეს მიწისძვრა კი არა, დათვების დიდი ჯგუფი იყო, რომელიც ხანძარს გაურბოდა. დათვებმა აზო მოკლეს და მისი ჯარის ნაწილი გადაჯეგეს ან გააქციეს, ნაწილი კი ფარნავაზმა და ქუჯიმ გაანადგურეს. ამ ბრძოლის შემდეგ, ფარნავაზმა მთლიანად დაიპყრო ყველა ქართული ტერიტორია და გაერთიანებული სამეფო შექმნა. ეს ცნობა საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აშკარად ჩანს, საქართველოში იმ დროს საომარი ეტლები იყო, რადგან მას ფარნავაზი ახსენებს.
საყდრისის მოღალატეობრივი აფეთქება კომპანია RMG-ს მიერ

საინტერესოა, რომ საყდრისში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი იყო კაცისა და კამეჩის გამოსახულება, რომელიც ვერ მიაკუთვნეს ვერც ერთ ცნობილ მითოლოგიურ ეპოსს თუ კულტს. ეს გამოსახულებები ემთხვევა ჩვენს მიერ აღნიშნულ ამბავს და ადასტურებს მის სინამდვილეს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც კომპანია RMG-მ ააფეთქა საყდრისის ოქროს მაღაროს ის ნაწილი, სადაც ისტორიული არტეფაქტების პოვნა იყო შესაძლებელი, ეს გამოსახულებებიც განადგურდა. ასე ებრძვის რუსეთი ჩვენს ისტორიას და სურს მისი წაშლა, მაგრამ ისტორიული წყაროების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათ და მოვითხოვოთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.



пятница, 15 января 2016 г.

საბედისწერო ზარი: გიორგი VII-სა და თემურ-ლენგის ომის მთავარი მიზეზი


XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სამეფო უდიდესი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. შუა აზიაში ახალი მძლავრი იმპერია წარმოიქმნა. მისი დამაარსებელი იყო თემურლენგი (ტამერლანი), წარმოშობით გათურქებული მონღოლური ტომიდან. თემურლენგმა დალაშქრა ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი და დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორიები. მის თვალსაწიერში მოექცა კავკასიაც, სადაც ამ დროს საკმაოდ ძლიერი საქართველოს სამეფო იყო, ჩრდილოეთში კი თემურლენგის დაუძინებელი მოწინააღმდეგე, ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში მძლავრობდა. თემურლენგს აშფოთებდა საქართველოს კავშირი თოხთამიშთან და ამავე დროს სურდა კავკასიაში გაბატონება და მისი უღელტეხილების დაკავება, რათა არც ჩრდილოელთათვის მიეცა სამხრეთისკენ გამოლაშქრების საშუალება და თვითონ თავისუფლად შეჭრილიყო მათ ტერიტორიაზე, ექნებოდა რა მოსახერხებელი საკომუნიკაციო სისტემა ზურგში. საქართველოს მეფეები დიდი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მათ უნდა აერჩიათ ვისი მოკავშირეები იქნებოდნენ. თოხთამიშთან კავშირი გულისხმობდა თემურლენგთან ომს და მის შემოჭრას საქართველოში, თემურლენგთან კავშირით კი საქართველო დაუპირისპირდებოდა ოქროს ურდოს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიისათვის. ეს მძიმე ამოცანა უნდა გადაეჭრა საქართველოს გვირგინოსანს, გიორგი VII-ს, რომლის მამას, ბაგრატ V-ს, უკვე გამოცდილი ჰქონდა თემურლენგის მძლავრი ურდოების შემოსევის შედეგები.
თემურლენგი

გიორგი VII-ს პოლიტიკის მართებულობასთან დაკავშირებით ისტორიკოსთა აზრი ძირითადად ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გიორგი VII-ს უნდა ებრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ, რადგან მისი შემოსვლა საქართველოში უვნებელი და უსისხლო მაინც არ იქნებოდა და დიდ ზიანს მიაყენებდა ქვეყანას, თოხთამიშთან კავშირი კი იმ დროს უფრო მისაღები იყო, მეორე ნაწილის აზრით კი, თემურლენგის შემოსევები მეფე გიორგის აუცილებლად უნდა აეცილებინა თავიდან ნებისმიერ ფასად და ამით ქვეყანას იხსნიდა იმ განადგურებისაგან, რაც შუააზიელი დამპყრობლის შემოსევებმა მოუტანა საქართველოს.
წყაროების გაანალიზებითა და ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი, საისტორიო დოკუმენტების შემოტანით, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ არა იმას, მომგებიანი იყო თუ არა საქართველოსათვის თემურლენგთან კავშირი, არამედ თუ რატომ გადაწყვიტა გიორგი VII-მ თემურლენგთან დაპირისპირება და არ სცადა მასთან ურთიერთობის უსისხლოდ მოგვარება.  
თემურლენგის ლაშქრობების შესახებ სანდო ცნობებს გვაწვდის თემურის ბიოგრაფი არაბი მწერალი იბნ არაბ შაჰი, რომლის თხზულებაა „ქითაბ ´ჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ”(თემურის საკვირველი ბედისწერის წიგნი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეზამ ად- დინ შამის ”ზაფარ-ნამე” (გამარჯვების წიგნი), ფასიჰ აჰმედ ბენ ჯალალ ად-დინ მოჰამედ ხაფის „მაჯმალე ფასიჰი" და მოინ ად-დინ ნათანზის „მონთახაბ ათ-თავარიხე მოიჲნ” (”მოინ ად-დინ ნათანზის რჩეული ისტორიანი”). ასევე საინტერესოა XV საუკუნის I ნახევრის სომეხი ავტორის თომა მეწოფეცის „ლანგ-თემურის ისტორია". ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია ქართული წყაროები, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალი მათში ბუნდოვნადაა ასახული.

კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკა 

დიდი ხნის განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა ერთ მეტად საინტერესო პიროვნებას და მის ჩანაწერებს. ესაა იონჰან შილტბერგერის (1380-1440 წწ.), გერმანელი რაინდის, მოგზაურისა და მწერლის თხზულება - Reisebuch. შილტბერგერი იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ ნიკოპოლისის ბრძოლაში 1396 წელს, ტყვედ ჩავარდა, შემდეგ ოსმალთა სამსახურში ჩადგა და 1402 წელს, ანკარას ბრძოლაში თემურლენგმა დაატყვევა, რის შემდეგაც ახლა მის სამსახურში გადავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ის იმყოფებოდა თემურლენგთან და იმოგზაურა მთელ ახლო აღმოსავლეთში, სამშობლოში უკან დაბრუნების შემდეგ კი დაწერა თავისი მოგზაურობის შესახებ. მის თხზულებაში არის ცნობები საქართველოს შესახებაც, მაგრამ მეტად მწირი და ისტორიკოსები მას დიდ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდნენ, მაგრამ გასულ წელს, კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკაში (StadtBibliothek Köln) მუშაობისას, ჩვენმა კოლეგამ, გერმანელმა ისტორიკოსმა ვულფ ჰოფმანმა მიაკვლია თხზულებას „მოგზაურობა აღმოსავლეთში", რომელიც 1435 წლით თარიღდება, ხელნაწერი კი XVI საუკუნისაა. ეს ხელნაწერი კიოლნის ბიბლიოთეკას შეუძენია ვინმე შვეიცარიელი ფაბიან ლუსტენბერგერისაგან 1934 წელს. ხელნაწერში გადმოცემულია შილტბერგერის მოგზაურობა ბევრად უფრო ვრცლად, ვიდრე ეს მის კარგად ნაცნობ თხზულებაშია, ამ შემთხვევაში შილტბერგერის თავგადასავალზე წერს ჰაინრიხ შნაიდერი, ფრანცისკელი ბერი, რომელმაც მოისმინა მისგან ეს ამბავი და ჩაიწერა. ხელნაწერის მიხედვით ჩანს, რომ შილტბერგერი საქართველოში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც გიორგი VII თემურლენგის შემოტევის მოსაგერიებლად ემზადებოდა, მეფის სანდო კაცად ქცეულიყო და მის კარზე მსახურობდა. ჩვენ შევეცდებით მოკლედ გადმოვცეთ მისი ცნობები, რომელიც მან საქართველოზე დაგვიტოვა.

ვულფ ჰოფმანი 

შილტბერგერის გადმოცემით, მაშინ, როდესაც გიორგი VII-მ წერილი მიიღო თემურლენგისაგან, ის ტიფლისში იმყოფებოდა, სამეფო სასახლეში. შილტბერგერიც იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც მეფემ წერილი გახსნა, წაიკითხა და სათათბიროდ დაიბარა მწიგნობართუხუცესი და ეპისკოპოსები. ისინი მთელი ღამე თათბირობდნენ, გამთენიისას კი მეფემ ბრძანა საპასუხო წერილის დაწერა. ის ამბობდა, რომ თემურლენგთან მშვიდობა სურდა, ხარკს გადაუხდიდა და თოხთამიშს არ დაეხმარებოდა, სამაგიეროდ კი ოქროს ურდოსაგან საქართველოს დაცვას და მოკავშირეობას ითხოვდა. მეფე კარნახს აგრძელებდა, როდესაც ცისკრის ზარის ხმა გაისმა. ხმა იყო მჟღერი და ძლიერი, მისი ექო ვრცელდებოდა მთელ არემარეზე. მეფემ კარნახი შეწყვიტა და სარკმლისკენ გაიხედა. მცირე ხანს ასე უსმენდა და მერე ჩუმად უთქვამს: „ზარი საომარს რეკავს, ზარმა მხედრული დაუკრა". ზარის რეკვა კი კვლავ ისმოდა, გუგუნებდა უზარმაზარი ზარი თხოთის მთაზე და მეფეს ესმოდა, რომ ის მხედრულს უკრავდა, საომარ მელოდიას. მაშინვე შეიცვალა მეფე, გამხნევდა, წელში გაიმართა, წერილი ცეცხლს მისცა და ახალი წერილის დაწერა ბრძანა. მეფე ხმამაღლა, მრისხანედ ლაპარაკობდა, მწერალი კი შეშინებული იწერდა მის სიტყვებს. მეფემ თემურლენგი ბრძოლაში გამოიწვია და უარი განუცხადა ქართველთა მიწაზე მისი ლაშქრის გატარებაზე. ეპისკოპოსები და მწიგნობართუხუცესი, რომელთაც თავადაც მოისმინეს ეს საომარი მოწოდება ზარისაგან, გაოცებულები შეჰყურებდნენ განრისხებულ ხელმწიფეს, მაგრამ ხმა აღარ ამოუღიათ. წერილი თემურლენგს გაუგზავნეს.

სამი თვე ემზადებოდნენ ქართველები მტრის დასახვედრად და დიდძალი ლაშქარი შეკრიბეს. აქ იყო სამეფოს ყველა სადროშო. მეფემ გადაწყვიტა ჯარი ქართლში, ძამის ციხესთან განელაგებინა, სადაც აპირებდა თემურლენგისათვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა. ქართული ლაშქარი ჩასაფრდა და დაელოდა, როდის მიიტანდა თემურლენგი იერიშს ციხეზე, რომელშიც გიორგი VII-მ გარნიზონის ჩაყენება ბრძანა. ციხის მცველები მომარაგებულები იყვნენ ყველა საშუალებით, რათა იერიშისათვის გაეძლოთ და დრო მიეცათ ქართველთა ლაშქრისათვის, ზურგიდან დაერტყა თემურლენგის არმიისათვის, რომელიც არცთუ მრავალრიცხოვანი იყო, რადგან თემურლენგმა ჯარის ნაწილი თბილისთან დატოვა.
თემურლენგის მეომრებმა ტრებუჩეტები მიაყენეს ძამის ციხეს, რომელიც მაღლობზეა აღმართული და ქვები დაუშინეს. ციხე უძალიანდებოდა შემოტევას. მისი სქელი კედლები აკავებდა თემურიანთა ნასროლ ქვებს. თემურის მხედართმთავარმა საალყო მანქანების გამართვა ბრძანა და ციხისაკენ დაძრა ჯარი. ქართველები ისრებს ისროდნენ, კუპრს ადუღებდნენ მოალყეებისათვის თავზე დასასხმელად და გალავნის ქონგურებზე ადგილებს იკავებდნენ შუბოსნები.

ტრებუჩეტი 

ამ დროს ქართველთა არმია დროშებაღმართული, სამ რიგად გამწკრივებული იდგა. წინამბრძოლი რაზმი მესხებისაგან შედგებოდა, მათ უკან ქართლის ლაშქარი იდგა. მეფე პირველსა და მეორე ხაზს შორის იდგა, თეთრ ბედაურზე იყო ამხედრებული და ბრწყინვალედ გახლდათ აღჭურვილი. გვერდით ედგნენ ეპისკოპოსები, მწიგნობართუხუცესი და ამირსპასალარი. მთელი ჯარი გარინდული ელოდა წმინდა გიორგის. მეფეც ელოდა წმინდა გიორგის გამოჩენას. ზარი ხომ საომარს რეკავდა, საომარს რეკავდა თხოთის მთაზე ზარი. ერთად, ხმაამოუღებლად ელოდნენ. მეფე ხედავდა ციხესთან რაც ხდებოდა. მტერი უკვე კოშკებზე ამძვრალიყო, თემურლენგის დროშას აფრიალებდნენ. მეციხოვნეები იხოცებოდნენ, მაგრამ ჯერ მაინც უძალიანდებოდნენ. მეფესთან შიკრიკმა მოაჭენა ცხენი და შესძახა: მეფევ, ციხე იღუპება, უკვე დროა ბრძოლა დაიწყოთ. მაგრამ მეფე არ განძრეულა. სახე გაჰყინვოდა, ხელი მახვილის ვადაზე ედო, მაგრამ არაფერს ამბობდა, მთელი ჯარიც ასევე ადგილიდან არ იძვროდა. 
მერე მეფე მობრუნდა და ამირსპასალარს ჰკითხა: „წმინდა გიორგის ცხენი ხომ არ ჩანს სადმე?"
ამირსპასალარმა ბრძანა მზვერავები გაეგზავნათ ხომ არ მოჩანდა სადმე ბრძოლისაკენ მომავალი წმინდა გიორგი, მასაც სჯეროდა, მასაც სულით და გულით სჯეროდა რომ როგორც დიდგორთან მოვიდა წმინდა გიორგი, არც ახლა დააღალატებდა ქართველებს ბრძოლაში. 
ციხეზე იერიშები კი გრძელდებოდა. თემურლენგმა თითქმის დაიკავა პირველი ბასტიონი და მისი მეომრები უკვე ციტადელს უტევდნენ. 
კიდევ ერთი მსტოვარი მოვიდა, მეფეო მტერმა ციხე აიღო და აქეთ მოიწევენ, დროულად თავს უშველეთო - უთქვამს. მეფემ ამირსპასალარს შეხედა. მან კი უთხრა წმინდა გიორგის ცხენი კიდევ არ ჩანსო. წმინდა გიორგი არ მოვიდა, სწორედ ამ ბრძოლაში არ მოვიდა და ქართველობამ იმედი დაკარგა. დიდგორთან მოვიდა წმინდა გიორგი, გაამარჯვებინა ქართულ მახვილებს, მაგრამ ახლა არ მოვიდა.
მტერი უკვე ახლოს იყო. ქართველებმა უკან დახევა დაიწყეს, უხალისოდ, თავჩაღუნულები მოდიოდნენ: რატომ არ მოვიდა წმინდა გიორგი, დიდგორთან თუ მოვიდა ახლა რატომ არ დაგვეხმარა... მეფემ გაიფიქრა, იქნებ აჯობებს დავრჩე, იქნებ მაინც მოვიდესო, მაშინ ზარი რატომ მღეროდა საომარსო? ზარმა რატომ დაუკრა საომარი, რატომ მომცა ნიშანიო? მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, წმინდა გიორგი არ მოვიდა. ქართველები გაიქცნენ, თემურლენგმა გაიმარჯვა. გიორგიმ ძლივს გაასწრო ბრძოლის ველიდან.

ძამის ციხე 

ასეთი დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ისტორიაზე ისეთ ნივთს, როგორიცაა ზარი. ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის. მეფემ მოუსმინა მას და გაიგონა მხედრული სიმღერა, მაგრამ წმინდა გიორგი არ მოვიდა ბრძოლაში და ქართველები დამარცხდნენ. თემურლენგმა საქართველო სასტიკად ააოხრა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა დარუბანდის კარით, სადაც თოხთამიშთან ელოდა დიდი ბრძოლები.
ზარის ისტორია აქ არ სრულდება. საუკუნეების განმავლობაში მის შესახებ წყაროებში ცნობები აღარ ყოფილა, მაგრამ ის კვლავ გამოჩნდა XIX საუკუნეში, როდესაც კავკასიაში რუსეთის მეფინასცვალი იყო მიხეილ რომანოვი. მიხეილ რომანოვის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ჟან პიერ მარი დეშამპი, რომელმაც გადაიღო თბილისის ღირსშესანიშნაობები. მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ინახება პარიზის ნაციონალურ არქივში (Archives nationales), სწორედ თხოთის მთის ზარია. ეს ზარი ამ დროისათვის ქალაქ ფოთში იყო, საიდანაც რუსული ფრეგატით „ანტონოვკით" უნდა გადაეტანათ ყირიმში, იქიდან კი მოსკოვისაკენ აიღებდა გეზს, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ზარი ძალიან მძიმე და საკმაოდ მყიფე იყო, როდესაც ხომალდზე აჰქონდათ, თოკები გაწყდა, ზარი ჩამოვარდა და შუაზე გაიპო.
ცნობილი ზარის ერთადერთი ფოტო (სანამ მთელი იყო)

 რუსმა მეცნიერმა, ცნობილმა სიგილოგრაფერმა, ნიკოლაი ლიხაჩოვმა, რომელიც ზარის შესასწავლად იყო ჩამოსული, მის შიდა ნაწილში იპოვა მცირე ჩინური იეროგლიფის დამღა. ამის შემდეგ ის წელიწადზე მეტი ხანი შეისწავლიდა ქართულ ისტორიულ წყაროებს და საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა 1878 წელს. ლიხაჩოვის მიხედვით, ეს ზარი ჩამოასხეს 1247 წელს და ის არაფერ შუაში არ იყო იმ ძველ ზართან, რომლის თხოთის მთაზე დადგმას, მეფე მირიანს მიაწერდნენ. საქართველოს მეფემ დავით VII ულუმ მონღოლთა დედაქალაქ ყარაყორუმიდან წამოსვლამდე ყაენს სთხოვა, ზარის ჩამოსხმის ოსტატები გამოეტანებინა, რადგან ის ზარი, რომელიც მეფე მირიანმა აღმართა თხოთის მთაზე, მას შემდეგ, რაც ღმერთის სასწაული იხილა, ჯალალ ედ-დინს ჩამოეგდო და გაენადგურებინა. ჩინელმა ოსტატებმა, რომლებიც მონღოლებმა გამოგზავნეს, ახალი ზარი ჩამოასხეს და მის შიგნითვე დატოვეს ის დამღა, რომელიც აღიშნავს „დამზადებულია ჩინეთში".
ნიკოლაი ლიხაჩოვი

 ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ცნობილი დამღა გამოიყენეს კონკრეტული ნივთის აღსანიშნავად ჩინელებმა, ამის შემდეგ კი ამ ხერხს უკვე ხშირად მიმართავდნენ. შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გიორგი VII-ს მოეჩვენა ან ზარმა უღალატა, როდესაც მხედრული დაუკრა ისეთ დროს, როცა ამის საჭიროება არ იყო და ამით გაწირა საქართველო.
ზარის ნამსხვრევები დღეს ყირიმის მუზეუმის საცავში ინახება და იმედს ვიტოვებთ, მას, როგორც ისტორიულ რელიკვიას, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ახლო მომავალში.


უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია

понедельник, 11 января 2016 г.

არგონავტები: რეალობა მითის მიღმა


არგონავტები, ოქროს საწმისი, კოლხეთი, იაზონი და მედეა, აიეტი და აფსირტე ანტიკური ხანიდანვე, როდესაც აპოლონიოს როდოსელი თავის „არგონავტიკას" წერდა, ეს თემები თუ პერსონაჟები, მუდამ აქტუალური იყო და მათ მიმართ დიდი ინტერესი არსებობდა. როდის მოხდა ეს საოცარი ამბავი? რა იყო ოქროს საწმისი და საიდან მოხვდა ის კოლხეთში? ვინ იყვნენ არგონავტები სინამდვილეში? ასეთი უამრავი კითხვა ჩნდება და მათზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროები - აპოლონიოს როდოსელისა (ძვ.წ. III ს.) და ვალერიუს ფლაკუსის (I ს.) „არგონავტიკები", ფსევდო-ჰიგინუსისა და ფსევდო-აპოლოდოროსის, ჰესიხიუსის თხზულებები საკმაოდ დაწვრილებით აღწერენ ამ ძველბერძნულ ეპიკურ ისტორიას, მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა, ჩვენ ვხედავთ მოვლენებს ისე, როგორც ეს ბერძნებს სურდათ და მათ წარმოდგენაში იყო. იაზონი დიდებული გმირია, რომელიც სხვა ბერძენ გმირებთან ერთად მიეშურება საშიშ მოგზაურობაში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად და უკან გამარჯვებული ბრუნდება კოლხეთის მეფის ქალიშვილ მედეასთან ერთად. 
იაზონი და მედეა (ჯონ უილიამ უოთერჰაუსის ნახატი, 1907 წ.)

ამ ისტორიას გვთავაზობენ ზემოთ მოყვანილი წყაროები, მაგრამ ევროპულ არქივებსა და ბიბლიოთეკებში ხანგრძლივი კვლევა-ძიების შემდეგ, განსაკუთრებით იმ მხარეებში, სადაც ლოგიკურად არ მივყავართ ოქროს საწმისის ისტორიას, ბევრი საინტერესო ცნობის მოპოვება მოხერხდა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ისლანდიის ეროვნულ მუზეუმსა და ბიბლიოთეკას (ისლანდიის ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა - Háskólabókasafn) და ამ შესანიშნავი სამეცნიერო კერის დირექტორს, ბატონ ბენედიქტ მაგნუსონს, რომელიც უანგაროდ გვეხმარებოდა ჩვენი კვლევის დროს და სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე - „სვანჰილდის საგაზე" წვდომა.

ისლანდიის ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა 

სვანჰილდის საგა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური სკანდინავიური საგა, რომელიც კი დღემდე შემორჩენილა. ის დაწერილია ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, მაგრამ სამწუხაროდ პირველადი ხელნაწერი შემორჩენილი არ არის, გარდა ცალკეული აბზაცებისა, რომლებიც რუნების ქვებზეა ამოკაწრული. ისლანდიის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერი, რომელიც აქ ნორვეგიიდან მოხვდა XIII საუკუნეში, როდესაც ცნობილი პოეტი და ისტორიკოსი (Heimskringla-ს ავტორი), სნორი სტურლუსონი, ხომალდ „ოდინის ამოთხრილი თვალით" გაემგზავრა ისლანდიაში და თან წაიღო ხელნაწერთა ნაწილი. ჩვენ ხელთ არსებული ხელნაწერი სწორედ XIII საუკუნით თარიღდება და დიდი ალბათობით, ის სნორი სტურლუსონმა გადაწერა უფრო ძველი ხელნაწერებიდან. რასაკვირველია, წყაროთმცოდნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ძველი ტექსტების გადამწერების მიერ შეცვლილი ცალკეული სიტყვები თუ აბზაცები, მაგრამ ჩვენ ნორვეგიაში მოგზაურობისას, სადაც გიდობას გვიწევდა ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ჩანდრაგუპტა მანდერე, შევადარეთ ტექსტის ნაწილები ოსტფოლდისა და ფინმარკის მხარეების რუნულ ქვებზე ამოკაწრულ აბზაცებს და ისინი ფაქტობრივად იდენტური აღმოჩნდა, რამაც იმედი მოგვცა დანარჩენი ტექსტის ორიგინალთან სიახლოვეში და ამაში მალე დავრწმუნდით.
ისლანდიის ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ბენედიქტ მაგნუსონი

სვინჰილდის საგა მოგვითხრობს უხსოვარი დროის ისტორიას, რომელიც ჩვენის აზრით დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულის დასასრული უნდა იყოს. ეს შუა საუკუნეების ნორვეგიელთათვის ძალიან დიდი დრო იყო და შესაბამისად, თარიღის ნაცვლად „უხსოვარ დროს" იყენებენ. საგა მოგვითხრობს ნორვეგიელი იარლის, სვანჰილდის ამბავს, რომელიც თავისი ბრტყელძირიანი დრაკარითა და ორი კნარით გაეშურა შორეულ მოგზაურობაში და შინ აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ მათმა შთამომავლებმა მიიტანეს ამბავი ნორვეგიამდე, სადაც ამ ამბავს ეს საგა მიეძღვნა. აქვე საშუალება გვეძლევა „არგონავტიკის" ყველაზე საინტერესო დეტალს „ოქროს საწმისს" შევეხოთ. სვანჰილდის საგის მიხედით, ნორვეგიაში იმ დროს ბინადრობდა თოვლის ლეოპარდის, სნიოლეოპარდის (Snøleopard) განსაკუთრებული სახეობა. ისინი ყველაზე მაღალ მთებზე, მიუდგომელ ადგილებში ცხოვრობდნენ, ოქროსფერი, სქელი ბეწვი ჰქონდათ. სნიოლეოპარდის დაჭერა მრავალი მონადირის სურვილი იყო და ბევრი ცდილობდა მის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ერთმა, სვანჰილდმა შეძლო მთა გალდჰოპინგენზე ასვლა და სნიოლეოპარდისათვის მახის დაგება. სნიოლეოპარდი ორმოში ჩავარდა და მოკვდა. სვანჰილდმა ის გაატყავა და როდესაც იარლ ტოივოინენის მიერ აოხრებულ სამშობლოს ტოვებდა, სნიოლეოპარდის ბეწვი, როგორც თავისი უდიდესი განძი, ერთ-ერთ ხომალდზე ჩამოკიდა და თან წაიყვანა. ამ დროიდან სვანჰილდის აფრებზე გამოსახული იყო სნიოლეოპარდის თავი.

მთა გალდჰოპინგენი

„ტოივონენი და მისი ფირდი ერთად დაესხნენ სვანჰილდს, გადაწვეს სახლი, ცეცხლს მისცეს სოფელი. გადარჩა სვანჰილდი და სამოცხდა-ცხრა ჰუსკარლი მისი, გაცურეს შორეულ ზღვაში, უცხო სანაპიროებისაკენ, გაცურეს და უკან აღარ დაბრუნებულან" (სვანჰილდის საგა)

სნიოლეოპარდი ინდოეთიდან. სამწუხაროდ ნორვეგიული სნიოლეოპარდი გადაშენებულია

შემდგომი ნაწილი მოგვითხრობს, როგორ გადალახა სვანჰილდმა დიდი ზღვები, გაკვეთა ჰერკულესის სვეტები და მიაღწია საბერძნეთს. ვიკინგთა ესკადრას აქ შეუერთდა მცირე ბერძნული ხომალდი, რომელსაც არგონავტების ცნობილ მითში „არგოს" უწოდებდნენ. მასზე იყო  ოცი მეზღვაური და მეთაურად კი ჰყავდათ იაზონი, რომლის სახელი სკანდინავიურ საგაში იესნად მოიხსენიება, იაზონმა დაინახა სვანჰილდის სნიოლეოპარდის ოქროსფერი ტყავი და მისი ხელში ჩაგდება მოინდომა, სწორედ ეს იყო მისი მიზანი, როდესაც ვიკინგთა ხომალდებს აედევნა. მოგზაურებმა ერთად გადაკვეთეს ზღვა, რომელსაც ბერძნები Euxinus Pontus-ს უწოდებდნენ და მივიდნენ კოლხეთამდე. სანაპიროსთან მათ დახვდათ მძლავრი კოლხური ფლოტი, რომლის მეთაურმა სუბმარხიოსმა, მას შემდეგ, რაც შეიტყო სტუმრების ვინაობა და ისიც, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსულები, მეფესთან გაგზავნა ქალაქში, რომელსაც სვანჰილდის საგაში ცხელი ქალაქი ეწოდება, ბერძნულ წყაროებში კი აია. საგაში აღწერილია როგორი დიდებული დახვედრა მოუწყო ვიკინგებს კოლხთა მეფე აიეტმა. ცალკე ამბავია იაზონის მიღებაც. იაზონი დიდებული სამეფო აღჭურვილობით ჯერ კიდევ ხომალდშივე ამირანი ჰგონებიათ კოლხებს. როდესაც ის ხომალდიდან მიწაზე გადმოხტა ისეთი გრუხუნის ხმა იყო, კოლხთა მეფეს აიეტს ეგონა ამირანი ჩამოვიდა მთიდანო და მაშინვე მისი მიპატიჟება ბრძანა. მეფე, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, იაზონს გადაეხვია და გულში გაუელვა. რა მამაშვილური სიყვარული იგრძნობაო. აიეტს თავი ღმერთად მიაჩნდა და იაზონი ღმერთის შვილად წარმოედგინა, თითქმის დარწმუნდა რომ ის ამირანი იყო. მთელი კვირა გაგრძელებულა დიდი ნადიმები, რომლებზეც ასი ხარი და ორასი ცხვარი დაიკლა, ღვინო კი იმდენი დაილია, სკანდინავიელი სკალდი ზღვას ადარებს.
სკანდინავიური რქიანი მუზარადი

განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდია და გამოყოფის ღირსია, სვანჰილდისა და კოლხების მეფის აიეტის შეჯიბრება ღვინის სმაში. საგის მიხედვით, სვანჰილდი ცნობილ მსმელად ითვლებოდა ნორვეგიაში და კოლხეთშიც ტოლს არ უდებდა ადგილობრივ  ფალავნებს. მხოლოდ ერთმა კაცმა შეძლო მასთან შეჯიბრება, ეს იყო თავად კოლხთა მეფე აიეტი, რომელსაც არ სურდა უცხოელს მისთვის რამეში ეჯობნა. სვანჰილდი და აიეტი სმას შეუდგნენ. ორივე ცლიდა და ცლიდა საწმისს, კოლხურ თასს და კიდევ ავსებინებდა მონებს. ბოლოს სვანჰილდს მეტის დალევა აღარ შეეძლო, მეფემ კი, რომელიც დალევის შემდეგ ყოველ საწმისს მიწაზე ანარცხებდა და ამსხვრევდა და მეტი საწმისი ხელთ აღარ შერჩა, ხელი ჩაავლო სვანჰილდის რქებიან მუზარადს, რქა მოაგლიჯა, ღვინით ბოლომდე გაავსო და დალია. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში რქით ანუ ყანწით ღვინის დალევა (ამითვე მტკიცდება რომ ვიკინგებს მართლაც ჰქონდათ რქები მუზარადებზე), ეს მეფე აიეტის ვიკინგთა იარლ სვანჰილდზე გამარჯვების ნიშანი გახდა. გაოცებულ სვანჰილდს, რომელიც აქამდე სმაში არავისთან დამარცხებულა, უბრძანებია მისი ხომალდიდან ჩამოეხსნათ სნიოლეოპარდი ტყავი და ის საჩუქრად მიართვა კოლხთა მეფეს. მეფე აიეტმა სიამოვნებით მიიღო ძღვენი, რომელსაც „ოქროს საწმისი" უწოდეს, რადგან სვანჰილდმა ის საწმისებით შეჯიბრში წააგო (აქედან მოდის თანამედროვე ქართული სიტყვა „სასმისიც"). თავისი გამარჯვებისა და კოლხეთის დიდების ნიშნად, უზარმაზარ მუხის ხეზე გააფენინა.
მეორე აღსანიშნავი ეპიზოდია სვანჰილდის კოლხეთის მთებში. „შეჰფენია სვანთა სოფლები უმაღლეს მთებს, რომელთა მსგავსი არ არის სხვაგან გარდა ჩვენ სამშობლოში" - გვეუბნება სკანდინავიური საგა.  იქვე მოტანილია სვანჰილდის სიტყვები. ის მთაზე ასულა და უთქვამს: „აქ გრძნობ ყინვის გემოს". შემდეგ მუჭით თოვლი ჩაუდია პირში: „გემო აქვს საამო, თითქოს ჩემი სამშობლოს თოვლი იყოს". 
აქ გრძნობ ყინვის გემოს...           
                     
„დატოვა სვანჰილდ ქვეყანა კოლხთა, მეფე აიეტ და მისი ხალხი, გაემართა ის შორეულ ზღვებისაკენ". აქედან უკვე საგა აღარ მოგვითხრობს ოქროს საწმისის შემდგომ ისტორიაზე, ამიტომ იაზონის ამბავს უკვე ნეკიმ-რუფინ ფანაგორიელის (ძვ.წ. I ს.) „მსოფლიო წრეში" მოცემული დეტალებით ვავსებთ.  ეს თხზულება საკმაოდ მოკლე აღწერას გვაძლევს, რადგან მთლიანად „მსოფლიო წრე" ზოგადი სახის ნაწარმოებია და მასში ავტორი ძალიან ბევრ ქვეყანასა და პიროვნებაზე მოგვითხრობს.
ვიკინგების წასვლის შემდეგ, იაზონს, რომელსაც დაუოკებელი სურვილი ჰკლავდა ოქროს საწმისის ხელში ჩაგდებისა მას შემდეგ, რაც ის პირველად იხილა სვანჰილდის ხომალდის ანძაზე, გადაუწყვიტავს მისი მოპარვა. იაზონი ამაყად დააბიჯებდა კოლხეთში, რომლის ქვიან მიწაზე მისი რკინის ქალამნები დიდ ხმას გამოსცემდა და ხალხს ის მართლაც ამირანი ეგონა. ყველა თაყვანს სცემდა და გზას უთმობდა. მან ამით ისარგებლა და მუხის ხიდან ოქროს საწმისი ჩამოხსნა. ამის შემდეგ იაზონმა კიდევ ერთხელ გააცურა აიეტი, რომელიც იაზონის ყველა ნაბიჯს თვალყურს ადევნებდა, იმხელა ხმაურს გამოსცემდა რკინის ქალამნები. იაზონი ქვიშიან ნაპირს დაუყვა, იქ სადაც დღეს ურეკია და მისი ფეხის ხმა აღარ ისმოდა. აიეტმა ვეღარ გაიგონა მისი ფეხის ხმა და კვალი დაეკარგა. მდინარე ფასისის სათავესთან იაზონმა რკინის ქალამნები გაიხადა და ის და მისი თანამგზავრები ღამით არგოზე ავიდნენ, თან საწმისი წაიღეს, იაზონმა მოიტაცა კოლხეთის მეფის ქალიშვილიც (მედეა, როგორც „არგონავტიკა" მოგვითხრობს), კოლხი გემთმშენებლები, კოლხურ ფლოტს კი ცეცხლი გაუჩინა და ზღვაში გაცურა. ფლოტი მთლიანად დაიწვა და განადგურდა (ნეკიმ-რუფინი XII:34). როდესაც მეფეს ეს ამბავი შეუტყვია, ძალზე დამწუხრებულა და რამდენიმე დღის შემდეგ თავი მოუკლავს. იაზონის შემდგომი ბედი მხოლოდ „არგონავტიკაშია" აღწერილი, თუმცა რამდენად შეესაბამება ის რეალობას, ამაზე ლაპარაკი ძნელია. ფაქტად რჩება, რომ აიეტის გემთმშენებლების წაყვანისა და კოლხური ფლოტის დაწვის შემდეგ, საქართველოს ფლოტი აღარასდროს ჰყოლია. 
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არგონავტების ისტორიის ამ ახალი დეტალების შემოტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში, იმედი გვაქვს, მომდევნო კვლევები კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვცემს და გაამდიდრებს ჩვენ ცოდნას კოლხეთის დიდებული წარსულისა და მისი გმირების შესახებ. 

უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია