среда, 22 апреля 2020 г.

გმირის სახელის გადასარჩენად: 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უცნობი ფრაგმენტი


საქართველო-რუსეთის 1921 წლის ომი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მძიმე და სისხლიანი ეპიზოდია, რომლის შედეგად ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და 70 წლით კვლავ იმპერიის ტყვეობაში მოექცა. ბოლო წლებში, ამ ომს ბევრი მკვლევარი გამოუჩნდა და მემუარებისა თუ საარქივო მასალის საშუალებით ისტორიის ფრაგმენტულად აღდგენაც დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი  საინტერესო ამბავი 1932 წელს დაწერილ მემუარში იქნა აღმოჩენილი და მოგვაწოდა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ნინო უგულავა-კრესენშტეინმა, რომელსაც თავის მხრივ, დაეხმარა გერმანელი არქივისტი ალექს ვესელსკი პოტსდამის არქივიდან, სადაც მრავალი მნიშვნელოვანი საბუთი ინახება როგორც საქართველოდან წაღებული, ისე კავკასიის სხვა ქვეყნებიდან. 
ეს საბუთები 1921-დან 1924 წლამდე პერიოდში ინკოგნიტოდ გაჰქონდათ საქართველოდან, რათა ბოლშევიკებს ხელთ არ ეგდოთ. მემუარები ეკუთვნის 1921 წლის ომის მონაწილეს, ქართველ პოლკოვნიკს ზაქარია გიორგის ძე თაბაგარს. ზაქარიას ქვეყანა 1923 წელს, ფარულად დაუტოვებია ფოთიდან. წლების განმავლობაში ის გერმანიაში ცხოვრობდა, ქალაქ ჰაიდელბერგში, შემდეგ კი, ბერლინში გადასულა, სადაც ხელოსნად მუშაობდა. 1932 წელს დაუწერია მემუარები „ჩემი ცხოვრება დაკარგულ სამშობლოში", სადაც თავისი ცხოვრების დეტალების გარდა, 1921 წლის ომის ერთ მეტად გამორჩეულ ფრაგმენტსაც გვაწვდის. 
ალექს ვესელკსი აძლევს ინტერვიუს შვედ ჟურნალისტს
ბუნებრივია მემუარებით ისტორიულ ფაქტზე მსჯელობა რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოლკოვნიკ ზაქარია თაბაგარის მემუარებში მოთხრობილ ამ ამბავს ამყარებს ნოე ჟორდანიას უკვე კარგად ნაცნობ მემუარებში მოცემული ცნობა და 1 საარქივო დოკუმენტი საქართველოს ეროვნული არქივიდან.
ქალაქი ფოთი 1923 წელს. იოზეფ შტეილბერგის ფოტო

 ეს დოკუმენტი, უფრო სწორად მინაწერი, რომელიც თბილისის დატოვებამდეა შედგენილი კანცელარიაში, შემთხვევით, შეუმჩნევლად ჩარჩა ძველ საქაღალდეში და მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, სანამ არქივის თანამშრომელმა ბ.მ-მ არ მიაგნო და გამოსაქვეყნებლად არ მოამზადა (საქმე N1295). მოცემული ცნობების შეჯამებით, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ხატოვან ისტორიას, რომელიც 1921 წლის ომის ბუნდოვანებას ოდნავ მაინც გაფანტავს და მას ღრმა დეტალებიდან დაგვანახებს. 
1921 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის არმია, ქართველი გენერლების მთელი რიგი წარუმატებლობების შემდეგ, უკვე თბილისის სიახლოვეს იყო. მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ, გადაწყვიტა დედაქალაქის გარშემო მოეწყო თავდაცვითი ზოლი და მტერი ამ პოზიციებიდან მოეგერიებინა. მისი მთავარი იმედი ემყარებოდა იმ დროის გამორჩეულ ქართველ საველე სარდალს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს და მის ბატალიონს, რომელიც ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. ბატალიონი კოჯორ-ტაბახმელაზე მოწყობილ სანგრებს იცავდა. 
გენერალი გიორგი კვინიტაძე. ფრანსუა მერენის ფოტო
პირველმა ორმა დღემ წარმატებულად ჩაიარა. ჯარისკაცებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. საბჭოთა რუსეთის არმიის გენერალი ანატოლი გეკერი უკვე მაქსიმალურ ძალებს უყრიდა თავს რათა ბრძოლის ამ უბანზე გაემარჯვა. მაზნიაშვილის ამავე ბატალიონში მსახურობდა მაიორი გოგია შამანაური, რომელსაც მეტსახელად „თეთრ დათვს" ეძახდნენ. ისეთი თეთრი ყოფილა, ყველას უკვირდა კახეთში საიდან დაიბადაო. ისე კი, რუსული სისხლი ჰქონია და გადმოხვეწილი იყო, მაგრამ ვერც ერთი ქართველი აჯობებდა ქართველობაში. გოგია შამანაურზე ამბები დადიოდა, პირველ შეტაკებაზე მარტო რომ დარჩენილა, სხვების თოფებითაც ისროდა და ხმამაღლა ღრიალებდა თურმე. მტერს ეგონა მთელი ბატალიონი აქაა ჩამსხდარიო, რის შემდეგაც უკან დაუხევიათ. ომის დროს როცა ხიშტით წინ მიიწევდა, ყველას ეგონა თეთრი დათვი წითელ დათვს ებრძვისო. 
გოგიას ერთი ძმადნაფიცი თუში ყოლია, ქვისია გოლიათური. რომელიც როგორც გვარის, ისე გამორჩეული სიმამაცის წყალობით, ყველას მართლაც გოლიათი ეგონათ, თუმცა, საარქივო დოკუმენტში, რომელშიც ჯარისკაცების სიმაღლე, წონა და სხვა დეტალებია მოცემული, ჩანს რომ მისი სიმაღლე 1,65 მ არ აჭარბებდა. თურმე გოგიას მისი ნახვის შემდეგ უთქვამს: „ეს ამოდენა გოლიათი რა პატარა ყოფილაო". ამის შემდეგ, ეს ორი კაცი განუყრელი და მაზნიაშვილის ბატალიონის სიამაყე გახდა. ერთმანეთის გარეშე ბრძოლაც არ უნდოდათ. 
მაზნიაშვილის ბატალიონის ჯარისკაცები. ლურჯი ფერით მონიშნულია გოგია შამანაური, წითლით - ქვისია გოლიათური

23 თებერვალს, როდესაც მძიმე ბრძოლების შემდეგ, გენერალი გიორგი კვინიტაძე 25 თებერვლისთვის თბილისიდან უკან დახევის გეგმას აწყობდა, მაზნიაშვილის ბატალიონი ატალახებულ სანგარში იყო და დილის ბრძოლებისთვის ემზადებოდა. გათენებამდე, სანამ კვინიტაძის ბრძანება მოვიდოდა, გეკერის გამოგზავნილი სამი ბატალიონი, არტილერიის მხარდაჭერით, კოჯორ-ტაბახმელასკენ დაძრულა იერიშის მოსატანად. გოგია და ქვისია ტყვიას ტყვიაზე ისროდნენ, მაგრამ მარაგი ელვის სისწრაფით თავდებოდა. ბოლო შეტევის დროს, ქვისია ტყვიამფრქვევის ჯერით ჩაცხრილული ძირს დაცემულა. როდესაც გოგიას ეს დაუნახავს, ვეღარ მოუთმენია და კაცს რომელიც მთელი ბატალიონის სიამაყედ ითვლებოდა, თოფი დაუგდია და ბრძოლიდან გაქცეულა. ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია სხვა სამხედროებშიც და საბოლოოდ დააჩქარა გიორგი კვინიტაძისგან თბილისიდან უკან დახევის გეგმის განხორციელება და ეს არა 25 არამედ უკვე 24 თებერვალს მოხდა. 
გენერალი ანატოლი გეკერი
დეზერტირების რისხვა - გენერალი არტემონ ჯიჯიხია

გაქცეული გოგია სხვა დეზერტირებთან ერთად, გორის გზაზე, გენერალ არტემონ ჯიჯიხიას ნაწილს დაუკავებია. ჯიჯიხიას, როგორც ცნობილია, ეზიზღებოდა დეზერტირები. მას მაშინვე დახვრეტა მიუსჯია ყველა მათგანისთვის. მართალია ის პირადად იცნობდა გოგია შამანაურს და მის გმირობას დიდ პატივს სცემდა, მაგრამ ვერ ამოუცვია მათ შორის. მხოლოდ ერთი მოწყალება გაუღია გენერალს. ყველა მათგანისთვის ზიარება მიუღებინებია სიკვდილამდე. როდესაც თოკით შეკრული სამხედროები დასახვრეტად გაუმწკრივებიათ. გოგიას სიმწრით გაუწყვიტავს თოკები, ერთი დაუღრიალია თეთრი დათვივით და გაქცეულა. ჯარისკაცებმა რვაჯერ ესროლეს ზურგში და ყველა ტყვია მიზანს მიწვდომია, მაგრამ გოგია მაინც გადაშვებულა აქაფებულ მდინარეში. ამ ღრიალით, ჯიჯიხია მიმხვდარა რომ წარსული ბრძოლების დიდი გმირი მოუკლავს. „ეს ღრიალი ჯერ კიდევ იმ დროიდან მახსოვს პირველ სანგართან რომ ვნახე როგორ შეაჩერა მარტომ მტერიო" - უთქვამს შემდეგ (იმ დროს ქვისია ჯერ კიდევ მომარაგებაში მუშაობდა). შამანაურის სიკვდილი გენერალს ძალიან უდარდია. მას არ უნდოდა გმირს სახელი დეზერტირობით შელახვოდა, ამიტომ უბრძანებია დახვრეტილთა სიაში, გოგიასთვის სახელი და გვარი შეეცვალათ. 
ომის თითოეული, ასეთი გამორჩეული გმირის ამბავი, დიდი ისტორიის ნაწილია და ჯაჭვის ის აუცილებელი რგოლია, რომლის გარეშეც საქართველოს ისტორია ვერ შედგება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქართველი გმირების შესახებ, თუნდაც დამარცხებული ომებიდან, რომლებშიც მათ თავდაუზოგავად იბრძოლეს სამშობლოსათვის.


უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია