დარიალის კარი - უძველესი, იდუმალი უღელტეხილი კავკასიონის მთაგრეხილზე, საქართველოს ისტორიასთან განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული. ჭირსა თუ ლხინში, დარიალის კარი ყოველთვის აქტუალური რჩებოდა როგორც ქართველთათვის, ისე უცხოელებისთვისაც - ყოველგვარ კავშირს ჩრდილოეთისა და სამხრეთისა ის განსაზღვრავდა. რასაკვირველია ყველამ კარგად იცის როგორ გადაიარა ვახტანგ გორგასალმა ეს კარი, რამდენჯერ შემოსულან იქიდან მოკავშირე სარმატ-ალანები ქართველთა მტრებთან საომრად, როგორ ცდილობდნენ რომაელები, პართიელები თუ სხვანი მის დაპატრონებას, მაგრამ სამწუხაროდ ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები და ისტორიკოსები თუ არქეოლოგები, თავიანთ ფუნდამენტურ კვლევებში თითქმის არ ახსენებენ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს დარიალის კარსა და ფარსმან ქველზე, რომელიც რამდენიმე ისტორიულმა წყარომ შემოგვინახა.
საკითხის ისტორიოგრაფია
პირველი წყარო, რომელშიც ეს ისტორიაა აღწერილი, ბერძნული წარმომავლობის რომაელი ავტორის, ფლავიუს არიანეს (I-II სს.) თხზულება „აზიის სიძველენია". „აზიის სიძველენი" 4 ტომისგან შედგება, ჩვენთვის საინტერესო ამბავი მეორე ტომში გვხვდება. ტექსტი ბერძნულენოვანია და მისი თარგმანი უცხო ენებზე ჯერჯერობით არ არსებობს. ალბათ არიანეს თხზულებიდან უნდა გადაეღო ეს ამბავი ისიდორე სევილიელს (VI-VII სს.), სევილიის არქიეპისკოპოსს, რომელმაც ფარსმანისა და დარიალის კარის ისტორია პირველ ქრისტიანულ, ევროპულ ენციკლოპედიაში შეიტანა. უფრო გვიან, XVII საუკუნეში, ეს ამბავი ხელახლა ამოტივტივდა. ამჯერად ინგლისში, სადაც 1604-1611 წლებში, მეფე ჯეიმსის (ანუ იაკობის დროს) ხელახლა გამოსცეს ბიბლია, ცნობილი „მეფე იაკობის ბიბლიის"(King James Bible) სახელით.
მეფე იაკობის ბიბლია (King James Bible)
სერ იან ტერენს ბოთამი, ჩრდილოეთ ირლანდიის მეცნიერებათა
აკადემიის პრეზიდენტი
მეფე იაკობის ბიბლიის პირველად ვერსიას, მოჰყვებოდა ტექსტობრივი დამატებები, რომელშიც ბევრი ისეთი ამბავი იყო შეტანილი, რაც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა. სწორედ იქაა მეფე ფარსმანისა და დარიალის კარის საიდუმლოც. მეფე ჯეიმსის ბიბლიაზე წვდომის საშუალება მოგვცა ჩვენმა ერთგულმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა თაყვანისმცემელმა, სერ იან ტერენს ბოთამმა, ჩრდილოეთ ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით. ჩვენ შევაჯამეთ ყველა ეს ისტორიული წყარო და ამის საფუძველზე აღვადგინეთ ეს უძველესი ისტორია.
წყაროების მიხედვით აღდგენილი ისტორია
I-II საუკუნეების მიჯნაზე როდესაც რომი და პართია იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერეს იმპერიებს წარმოადგენდნენ, ქართლის სამეფოში, დიდებული ხელმწიფე - ფარსმან ქველი ზეობდა. ეს იყო განსაკუთრებული ნიჭითა და სიმამაცით დაჯილდოვებული მეფე, რომელიც ცდილობდა კავკასიაში დომინანტ ძალად ექცია თავისი სამეფო. ფარსმანის ინტერესები ხშირად ეჯახებოდა რომისა და პართიის მმართველთა ინტერესებს. განსაკუთრებულად დაიძაბა ვითარება იმპერატორ ადრიანეს იმპერატორობისას (117-138 წწ.), რომელიც ვერ ეგუებოდა ფარსმან მეფის ასე გაძლიერებას და რომის ინტერესების შევიწროებას აღმოსავლეთში. ეს თითქოს პართიის სამეფოსათვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ფარსმანი არც პართიელებს ეგუებოდა და ცდილობდა მათგან ტერიტორიების გამოგლეჯას. პართიის მეფე ოსროესმა (ხოსროს) რამდენჯერმე სცადა იერიში მიეტანა ქართლზე, მაგრამ მისი ურიცხვი ურდოები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ.
იმპერატორი ადრიანე
მეფე ოსროეს (ხოსროს) მონეტა
იგივე გზა ელოდათ რომაელებსაც, თუმცა ისინი უბრალოდ ვერც კი ბედავდნენ ქართლზე შეტევას, რადგან ეს შეტევა აუცილებლად მარცხისთვის იქნებოდა განწირული. საქმე ისაა, რომ ფარსმან მეფეს საიდუმლო იარაღი გააჩნდა, რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ასეთ ძლიერ იმპერიებთან ბრძოლაშიც კი - ეს იყო დარიალის კარი. დარიალის კარს მიღმა, დიდ და ველურ სტეპებში, რომელიც უზარმაზარ ფართობზე იყო გადაშლილი, ასობით ათასი მომთაბარე ცხოვრობდა (diodorus siculus, I, 15). ეს ველური, თავზეხელაღებული მეომრები მუდამ დამშეულნი და სისხლის მწყურვალნი, ყოველთვის მზად იყვნენ საბრძოლველად, ასაოხრებლად და გასაძარცვად. ერთმანეთთან ხანგრძლივი ომების შემდეგ, ისინი რამდენიმე დიდ ტომად გაერთიანდნენ. სარმატები და ალანები - ასე უწოდებდნენ მათ სხვა ხალხები. სარმატებმა და ალანებმა სამხრეთს დაადგეს თვალი, სამხრეთში, შედარებით დაუცველი, მიწათმოქმედი და მდიდარი ხალხის ხარჯზე ელოდნენ მსუყე ლუკმას. აქ იყო დიდებული ტაძრები, სრა-სასახლეები, ოქროთი მოსირმული იარაღი და უძვირფასესი სამკაულები, რომლითაც მშვენიერი ქალები იყვნენ მორთულები. მაგრამ როგორ უნდა მიეღწიათ სამხრეთამდე, როდესაც გზას უზარმაზარი მთები - კავკასიონის მთაგრეხილი - უჭრიდათ? რასაკვირველია, უნდა ეპოვათ ისეთი ადგილი, სადაც მთების გადალახვა შესაძლებელი იქნებოდა. ასეთი ადგილი კი მხოლოდ ერთი იყო. ერთადერთი უღელტეხილი - დარიალის კარი. არსებობს ცნობები, თითქოს არსებობდა მეორე კარიც - დარუბანდთან, მაგრამ ეს შემდგომში, ძლიერი მიწისძვრებისა და კასპიის ზღვის დონის დაწევის შემდეგ ჩამოყალიბდა, იმ დროში კი მხოლოდ ერთი - დარიალის კარი არსებობდა.
ფარსმან ქველი
ქართლის მეფეებს, ფარსმანის დიდებულ წინაპრებს, კარგად ესმოდათ სარმატ-ალანთაგან მომდინარე საფრთხე და გულდასმით იცავდნენ დარიალის კარს. ეს იყო უზარმაზარი, მუხისგან დამზადებული კარიბჭე, რომელიც რკინით იყო მოჭედილი და ისეთი მტკიცე იყო, მის გარღვევას კავკასიონის გადაღმიდან ვერავინ ახერხებდა თუ შიგნიდან მეფე არ გააღებდა. ალან-სარმატებმა გადაწყვიტეს მუდმივად კარის სიახლოვეს ყოფილიყვნენ. მათ თავიანთი კარვები მახლობლად გაშალეს და დასახლდნენ. ეს მომთაბარე ხალხი, ფაქტობრივად დარიალის კარის გამო, მიწათმოქმედად ყალიბდებოდა. ვერც ერთმა მეფემ, ფარსმანამდე, ვერ გაბედა კარი გაეღო მათთვის. მან კი ამ გადაწყვეტილებამდე ბევრი იფიქრა და წინასწარი ზომებიც მიიღო. პართიის მეფის იერიშის მოსაგერიებლად, ფარსმანს აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი და მრავალრიცხოვანი მოკავშირე. როგორც არიანე წერს, ერთხელ არმაზის ციხის მცველებს ჩაეძინათ და როდესაც მეფე თავის მცველებთან ერთად კარს მიადგა, საკმაო ხანი მოუხდა ლოდინი, სანამ გაუღებდნენ. ამ დროს გაახსენდა მას დარიალის კარი და მის გადაღმა მცხოვრები ალან-სარმატები და გადაწყვიტა მათთან მოლაპარაკება. მთავარი იყო ამ ყველაფერს ქართლის სამეფო არ დაეზარალებინა (King James Bible, addition 4, 56).
ალან-სარმატი მხედრები
ფარსმანმა კარი გააღებინა, რომ
ალან-სარმატთა მეფე მოეწვია მოსალაპარაკებლად. როგორც კი კარი ცოტაზე გააღო,
მაშინვე შემოვარდნენ სარმატები. მათგან პირველი იყო მეფე უსრუ (ბერძნულ წყაროებში
უსრუოსი, ლათინურად Usruoes). ის
ისეთი სისწრაფით დარბოდა რომ ხშირად ეფიქრებოდა- ცაში არ ავიჭრაო, რისთვისაც
ხალხმა უსრუ ფეხმარდი შეარქვა. უსრუსთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ორი
მეფე შეთანხმდა რომ პართიელებს ერთად შეებრძოლებოდნენ. ფარსმანმა გამარჯვება
მოიპოვა, მაგრამ უსრუ ბრძოლაში დაეცა. მას შემდეგ, მისი ძე, ყაბალ II შურისგების სურვილით იყო აღვსილი და თავის დროს
ელოდა (Isidore of Seville, Encyclopedia I, 85). მეფემ გადაწყვიტა საჭიროებისას კარი ისევ გაეღო, კარს იქით მყოფი ალან-სარმატები ამის შემდეგ უფრო დაიმედებულები იყვნენ. მართლაც მეფემ რამდენჯერმე გააღო კარი და ბარბაროსთა ურდოების წყალობით, რომაელებსა და პართიელებს კუდით ქვა ასროლინა თავისი ქვეყნიდან.
ბოლოს, პართიელებმა გადაწყვიტეს, მთელი ძალები მოეკრიბათ და გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინათ ფარსმანისთვის. თანაც ისარგებლეს იმითაც რომ ამავე პერიოდში, რომის
იმპერიას ზავი ჰქონდა დადებული პართიასთან, რადგან იმპერატორ ადრიანეს თვითონაც
დიდი ომები ჰქონდა ეგვიპტეში და პალესტინაში აჯანყებულების წინააღმდეგ. პართიის მეფე ხოსრომ დიდძალი ლაშქარი შეკრიბა - ათასობით
მძიმედ
აღჭურვილი მხედარი-კატაფრაქტი და ორჯერ უფრო მეტი მშვილდოსანი და შუბოსანი. ლაშქარი ორ ნაკადად დაიძრა ქართლისაკენ.
მძიმედ აღჭურვილი პართიელი მხედარი
ერთ ნაწილს თვითონ მეფე ხოსრო სარდლობდა, მეორე ნაწილს კი მისი ერთგული სარდალი - არიობარზანი. მეფე ქართლში შეიჭრებოდა, არიობარზანი კი აღმოსავლეთის მხრიდან, სადაც დიდი მდინარე ფარნავაზისწყალი
(დღევანდელი ალაზანი) მოედინებოდა. თანაც, პართიელებმა, რათა ქართლს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს, ზამთარში გამოილაშქრეს. სასტიკი ზამთარი იყო. ყველა მდინარე და ტბა გაიყინა. დიდი თოვლი მოვიდა. ფარსმან მეფემ, რომელიც არმაზის ციხეში იმყოფებოდა, თავისი მსტოვრების დახმარებით შეიტყო პართიელების გამოლაშქრების შესახებ და მზადებას შეუდგა, მაგრამ ამავე დროს, მან იცოდა, თავისი ძალებით ასეთ ძლიერ მტერს ვერ დაამარცხებდა. მეფემ მტკიცედ გადაწყვიტა დარიალის კარი კვლავ გაეღო. ფლავიუს არიანეს მიხედვით, ის
მოელაპარაკა უსრუს სიკვდილის შემდეგ ქართლში დარჩენილ ალან-სარმატ დიდებულებს და დაჰპირდა
მიწებსა და სიმდიდრეს პართიელებზე გალაშქრების სანაცვლოდ. მოლაპარაკებები
წარმატებით დასრულდა და დიდებულებმა მეფესა და მის არმაზულ გვარდიასთან ერთად პირდაპირ დარიალის კარს მიაშურეს.
დარიალის კარი მჭიდროდ იყო დალუქული
დარიალის ხეობაში ნაპოვნი ცულის რეკონსტრუქცია
ქართლის გადარჩენის გზა უკვე ახლოს იყო. საქართველო უნდა გადარჩენილიყო. მეფემ კართან შეკრიბა თავისი ამალა, სარმატთა ელჩობა და კარის
გაღება ბრძანა. გარნიზონის მეომრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით გააღეს - ურდული ისე ჩაყინულიყო, კარის გაღება ვერაფრით
ხერხდებოდა. მოლაპარაკებები კი ჩაშლის
პირას იყო (Flavius Arrian; II, 43). ისიდორე სევილიელის მიხედვით, მეფეს დიდი ნაჯახი აუღია ხელში და კარის
სარტყელებიდან ამოგდება უცდია - იქნებ შიგნიდან გავაღოთო. და როდესაც ნაჯახი მთელი
ძალით შემოკრა მუხის კარს, იმხელა ხმა გამოუცია რომ შორს მყოფ ხალხს ჭექა-ქუხილი
ჰგონებია, ვინც დაინახა კი გაუფიქრია - თითქოს გოლიათია ისე ურტყამსო. მეფე არ
იღლებოდა. თითოეულ დარტყმაზე ყურში ჩაესმოდა მტრისაგან აწიოკებული ხალხის ყვირილი.
იწვოდა საქართველო როგორც ბუხარი. ხალხიც მიეშველა, მაგრამ ყინული აძლიერებდა ხის
კონტურებს. კარი ვერ გაარღვიეს. კარმა, რომელმაც ამდენჯერ გადაერჩინა საქართველო,
ამჯერად დააღალატა მთელი ქვეყანა.
კარს გადაღმა კი გაბმული ყვირილი, ღმუილი და შეძახილები ისმოდა ალან-სარმატებისა, რომლებიც კარს ჯგროდ მოსდგომოდნენ მეფე ყაბალ II-ს სარდლობით. გაწბილებულმა ფარსმანმა ცხენი მოაბრუნა, რათა არმაზში დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.
მეფე მირიან III
„და განადგურდა ცეცხლითა და მახვილით ქვეყანა ქართლისა" - წერს ფლავიუს არიანე (II, 44), რომელმაც შემდგომში თვითონ იმოგზაურა ამ მხარეში და საკუთარი თვალით იხილა ის საშინელება რაც პართიელებმა ქართლში დაატრიალეს. ეს ცნობები კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ისტორიული პრობლემის ახსნას გვაძლევს - ფარსმან ქველის მეფობის დასასრული ისტორიულ წყაროებში მეტად ბუნდოვანია. ხოლო პერიოდი ამ მეფიდან მირიან მეფემდე, თითქმის ერთი საუკუნე, ქართლი ისტორიული წყაროებიდან ფაქტობრივად ქრება. ასე ჩაიყინა საქართველოს ისტორია მთელი საუკუნით. ეს იყო შედეგი პართიელთა გამანადგურებელი შემოსევისა და დარიალის კარის დიდი ხნით დალუქვისა, სანამ მეფე მირიანის დროს ქრისტიანულმა რელიგიამ კვლავ არ ააღორძინა ქართლის სამეფო და არ მოუტანა კეთილდღეობა.
უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია