1918-21 წლების საქართველოს I რესპუბლიკის ისტორია საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და რუსეთიდან გასვლის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარულია და მასზე ბევრი მკვლევარი-ისტორიკოსი მუშაობს. ისინი იყენებენ ამ წლებში მოღვაწე პიროვნებათა მემუარებს, წერილებს, საარქივო დოკუმენტებს ქართული, თურქული, სომხური, აზერბაიჯანული თუ რუსული არქივებიდან, ასევე იკვლევენ დასავლეთევროპულ და ამერიკულ არქივებსაც 1918-21 წლების საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის შესასწავლად. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი საარქივო დოკუმენტების განადგურებას, რომლებში დაცული ინფორმაციაც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ასეთი შემთხვევაა 1918 წელს, დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს მოწყობილი სამხედრო კამპანიებიც რუსეთის წინააღმდეგ, სადაც იმჟამად „თეთრებსა" და „წითლებს" შორის მასშტაბური ომი მიმდინარეობდა. საქართველოს ისტორიაში ასე თუ ისე ცნობილია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის წარმატებული ლაშქრობა აფხაზეთის მიმართულებით, როდესაც მან სოჭამდე მიაღწია. ასევე იყო მცირე დაპირისპირება სამაჩაბლოში, ადგილობრივ ოსებთან, თუმცა ყველაზე მასშტაბური ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, რომლის წარმატებულმა განვითარებამ საქართველოს შანსი მისცა რუსეთის ცენტრში შეჭრისათვის და გენერალ რევაზ მუხრანბატონის გმირობა, ისტორიის ფურცლებიდან დიდი ხანია ამოშლილია. დროთა განმავლობაში მიმდინარეობდა მიზანმიმართული წმენდა საარქივო დოკუმენტების, მემუარებისა და წერილების, რომლებიც ამ სამხედრო კამპანიის მონაწილეებმა დატოვეს. ლენინის ბრძანებით თითქმის პირწმინდად გაანადგურეს ვლადიკავკაზის, ყაზანის, დნეპროპეტროვსკისა და თბილისის არქივებში დაცული მასალები და ყველანაირად ცდილობდნენ გაენადგურებინათ გენერალ რევაზ მუხრანბატონის მიმოწერა გიორგი მაზნიაშვილთან, ცნობები მისი და ნოე ჟორდანიას შეხვედრის შესახებ, გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარები და საერთო ჯამში ეს შეძლეს კიდეც, მაგრამ ბოლო წლებში აქტიური კვლევითი მუშაობის შედეგად, საკმაოდ ბევრი მასალის მოგროვება მოხერხდა, რომლითაც შეიძლება აღვადგინოთ ამ ომის მსვლელობა და საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი შევავსოთ. როგორც ჩანს XX საუკუნის ისტორიაც კი, რომელიც ასეთი ახლობელი ჩანს, ძალიან ბევრ საიდუმლოს შეიცავს და ჯერ კიდევ მრავალი ფაქტია ჩვენთვის უცნობი.
სტატიის მომზადებისას ჩვენ ვხელმძღვანელობდით კალუგის გუბერნიის (Государственный архив Калужской области), ვლადიკავკაზის (Центральный государственный архив Республики Северная Осетия), როსტოვისა (Государственный архив Ростовской области) და ერევნის არქივებში (Национальный Архив Армении) არსებული მცირედი ცნობებით, ძირითადად კი ნოე ჟორდანიას, რევაზ მუხრანბატონისა და გიორგი მაზნიაშვილის პირადი მიმოწერითა და გენერალ იგორ ხორთუმოვის მემუარების ფრაგმენტებით („Мемуары Генерала Игоря Хортумова", Ереван, 1922), რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს ამ სამხედრო კამპანიის ისეთ განვითარებას, როგორის აღდგენის საშუალებასაც საარქივო მასალა გვაძლევს.
გიორგი მაზნიაშვილი
ბრესტის ზავის დადების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა ბათუმი და შეიჭრა გურიაში. მდინარე ჩოლოქთან ბრძოლაში, გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა მოახერხა მათი წინსვლის შეჩერება. მალევე ის დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად, პარალელურად კი გენერალი რევაზ მუხრანბატონი იბრძოდა სამაჩაბლოში, ამ ტერიტორიის ბოლშევიკებისაგან გასაწმენდად და კვლავ საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად. ისევე როგორც გიორგი მაზნიაშვილი, რევაზ მუხრანბატონიც წარმატებით უძღვებოდა საქმეს. ბაგრატიონთა ოჯახის მიერ ესპანეთსა და რუსეთში შემონახული მასალების მიხედვით, რევაზ მუხრანბატონი იყო ერეკლე II-ს უკანონო ვაჟის შთამომავალი, რომელმაც სამხედრო კარიერა აირჩია, რუსეთში განათლება მიიღო და იაპონიასთან ომის დროს უკვე პოლკოვნიკის, I მსოფლიო ომში კი გენერალ-მაიორის წოდება ეკავა. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რევაზ მუხრანბატონმა გენერლის წოდება ახლა უკვე საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობისაგან მიიღო. მალე მისი სამხედრო ნაწილები, რომლებიც ძირითადად კახეთში, ქიზიყში შეკრებილი მოხალისეებისაგან შედგებოდა, როკის უღელტეხილის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა და მტრის ტერიტორიაზე გადაიტანა სამხედრო მოქმედებები.
ერეკლე II
გიორგი მაზნიაშვილი ამ დროს შეტევას ამზადებდა აფხაზეთის მიმართულებაზე. მისი და რევაზ მუხრანბატონის ლაშქრობები ერთსა და იმავე დროს უნდა დაწყებულიყო და სავარაუდოდ ასეც მოხდა, თუმცა საარქივო მასალა ამის ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა და იძულებულები ვართ ეს დეტალი იგორ ხორთუმოვის გადმოცემის მიხედვით აღვნიშნოთ, აი რას წერს ის: „15 სექტემბერს, ჩვენმა დაზვერვამ გენერალ დენიკინს შეატყობინა როკის უღეტეხილზე ქართული შენაერთების გადმოსვლის შესახებ, ფსკოვისა და სარატოვის IV და VII დივიზიები 17 სექტემბერს ვლადიკავკაზისაკენ გადავისროლეთ, რათა გენერალ დენიკინს თავდაცვითი ხაზი შეექმნა მათი შეტევის მოსაგერიებლად"(Мемуары Генерала Игоря Хортумова, ст. 105). როგორც საარქივო დოკუმენტებით ხდება ცნობილი, რევაზ მუხრანბატონს ანტონ დენიკინის ძალებზე გამანადგურებელი შეტევა მიუტანია და გადამწყვეტ უპირატესობას დაუფლებია. განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ქიზიყელ მხედართა რაზმს და არტილერიის პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, რომელსაც „არტილერიის მექას" ეძახდნენ. ამ უკანასკნელის შესახებ 1921 წლის ომსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს აჯანყების პერიოდის მასალებიდანაც გვაქვს ინფორმაცია.
ანტონ დენიკინი
დენიკინის არმიამ უკან დაიხია და რევაზ მუხრანბატონმა წინსვლა განაგრძო და მცირემასშტაბიანი შეტაკებების შემდეგ დაიკავა ვლადიკავკაზი. რადგან ბოლშევიკთა სამხედრო ნაწილები ამ დროს ან თეთრ არმიას ებრძოდნენ ან პოლონეთის მიმართულებაზე იდგნენ, რევაზ მუხრანბატონის არმიას განსაკუთრებული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. ვოლგოგრადის აღების შემდეგ, ის დაიძრა ვორონეჟისაკენ, სადაც უკვე 1918 წლის 5 ოქტომბერს იყო. ამის შესახებ ცნობას კვლავ იგორ ხორთუმოვის მემუარებიდან ვიღებთ (Мемуары Генерала Игоря Хортумова, ст. 120). ამ დროისათვის გენერალ იგორ ხორთუმოვის IV არმია მზად იყო მოსკოვისაკენ გზა გადაეჭრა რევაზ ბაგრატიონის სამხედრო ნაწილებისათვის რიაზანთან.
იგორ ხორთუმოვი
გენერალ იგორ ხორთუმოვის დოსიე განადგურებულია, ისევე როგორც გენერალ ანტონ დენიკინის დოსიედან კონკრეტულად ვლადიკავკაზთან გამართული ბრძოლის აღნიშვნა, როგორც აღვნიშნეთ, საბჭოთა დროს ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდნენ და ეს სწორედ ამის შედეგია. ხორთუმოვის შესახებ მისივე მემუარებიდან ვიგებთ. იგორ ხორთუმოვი იყო წარმოშობით სომეხი, ცნობილი გვარის შვილი. სამხედრო განათლება მიღებული ჰქონდა რუსეთში და შემდეგ საფრანგეთში, რის შემდეგაც მას არმიაში ხუმრობით „მსუქან ნაპოლეონს" ეძახდნენ. ხორთუმოვი წარმატებით იბრძოდა I მსოფლიო ომში, სადაც მონაწილეობა მიიღო „ბრუსილოვის გარღვევაში" და ტყვედ იგდო ორი ავსტრო-უნგრული დივიზია. მანამდე ის მონაწილეობდა იაპონიასთან ომში, პორტ არტურთან დაიჭრა კიდეც და მას შემდეგ ცალი ფეხით კოჭლობდა. ერთადერთი რეალური სამხედრო ძალა, ვისაც შეეძლო მაშინ რევაზ მუხრანბატონის არმიისათვის გზა გადაეჭრა, სწორედ ხორთუმოვის IV არმია გახლდათ. ხორთუმოვმა რიაზანთან სანგრების მთელი რიგი შექმნა და დამატებით რამდენიმე ბუნკერიც ააგებინა, რათა ძლიერ თავდაცვით პოზიციაზე დახვედროდა მოწინააღმდეგეს. მის ხელთ იყო 10 საბრძოლო ტანკიც. ეს იარაღი იმ დროისათვის სიახლეს წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნებაში, რევაზ მუხრანბატონი კი ამ შესაძლებლობებს მოკლებული იყო, თუმცა მის არმიას უფრო მაღალი საბრძოლო სულისკვეთება ჰქონდა, რადგან ხორთუმოვთან ბრძოლამდე მთელ რიგ გამარჯვებებს მიაღწია.
ქიზიყელთა შეტევა დუტუ აფხაზის სარდლობით
რევაზ მუხრანბატონს ამ დროისათვის საქართველოს მთავრობის თავჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან ჰქონდა აქტიური მიმოწერა. სოციალ-დემოკრატები არცთუ დადებითად იყვნენ განწყობილები სამხედროების მიმართ და მათში საფრთხეს ხედავდნენ. რიაზანზე უფრო შორს გაჭრა და მოსკოვზე დარტყმის მიყენება კი ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის აზრით რევაზ მუხრანბატონს გზას გაუხსნიდა ძალაუფლების მოპოვებისაკენ. მათ უკვე ჰქონდათ ხელთ ჯაშუშთა ქსელისაგან მიღებული მონაცემები, რომლებშიც აშკარად იყო აღნიშნული, რომ რევაზ მუხრანბატონი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს შთამომავალი გახლდათ და შეეძლო პრეტენზია გამოეცხადებინა საქართველოში მონარქიის აღდგენაზე. მიუხედავად ამისა, მომავალ ბრძოლას მათ ხელი ვერ შეუშალეს და რიაზანის მახლობლად, მდინარე ოკასთან, მოსკოვიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ხორთუმოვისა და მუხრანბატონის არმიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აი რას წერდა ბრძოლის წინ გენერალი იგორ ხორთუმოვი თავის ვაჟს: „არტურ, ხვალ დილით დიდი ბრძოლა დაიწყება, IV არმია პოზიციებზეა განლაგებული და ველოდებით გენერალ მუხრანბატონის შემოტევას. გამარჯვების შემდეგ, ერთ კვირაში მოსკოვში ჩამოდი და მეც იქ ვიქნები"(15 ოქტომბერი, 1918 წ.(Дела генерала Игоря Хортумова, Государственный архив Калужской области, N16).
ეპისკოპოსი იობ აქიევი ლოცავს ჯარს ბრძოლის წინ
ბრძოლა დილის 5 საათზე დაიწყო, როდესაც ხორთუმოვის არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მუხრანბატონის არმიის მარცხენა ფლანგს. ქართული ჯარი უკვე მზად იყო ფრონტალური შეტევის მისატანად, ამავე დროს გენერალი მუხრანბატონი გეგმავდა მთავარი დარტყმა ცენტრში მიეყენებინა მოწინააღმდეგისათვის, როგორც ნაპოლეონი მოიქცა ვაგრამის ბრძოლაში, თუმცა ესმოდა რომ ხორთუმოვი, „მსუქანი ნაპოლეონი", შეიძლებოდა ამას მიმხვდარიყო და შესაბამისი კონტრშეტევაც მოეწყო. რევაზ მუხრანბატონმა თავისი ჯარის დიდი ნაწილი და ქიზიყელთა ცხენოსანი რაზმები ცენტრში განალაგა. მტრის ქვემეხების გასაჩუმებლად კი პოლკოვნიკ ლადო აფხაზს, „არტილერიის მექას" უბრძანა მთელი ძალით დაეშინა ხორთუმოვის არტილერიისათვის საპასუხო ცეცხლი, პოლკოვნიკმა აფხაზმაც არ დააყოვნა და თავისი ზარბაზნები აამუშავა. ამ დროისათვის მისი უფროსი ვაჟი, დუტუ აფხაზი ქიზიყელთა კავალერიის მაიორი იყო და წინა რიგებში იდგა თავის რაზმთან ერთად. მთელი ჯარი გაოცდა, როდესაც გენერალი რევაზ მუხრანბატონი, რომელიც ტრადიციულად, ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა ხოლმე, ცხენზე ამხედრებული გამოჩნდა, თავზე კი მეფე ერეკლე II-ს ქუდი ეხურა.
„მოსინას" სისტემის შაშხანა, რომლითაც ხორთუმოვმა დუტუ აფხაზი მოკლა
ჯარის რიგებში არეულობა დაიწყო, ბევრმა ლამის დაიჯერა, რომ ბრძოლაში თავად მეფე ერეკლე მიუძღოდათ. საბრძოლო სულისკვეთების გასამტკიცებლად გენერალმა საუკეთესო ხერხს მიმართა, ამის შემდეგ კი ბრძოლის ჟინით შეპყრობილი მეომრები პირდაპირ მტერზე დაძრა. ქიზიყელები ცენტრში შევიდნენ და მტრის სანგრებს გადაუარეს. გენერალი ხორთუმოვიც ამ დროს ბრძოლის ამ მონაკვეთში იმყოფებოდა. მან თვალი მოკრა ქიზიყელთა ახალგაზრდა მაიორს, დუტუ აფხაზს და თავისი „მოსინას" სისტემის შაშხანით მოკლა ის. ბრძოლის შემდეგ აღმოაჩინეს რომ სამშობლოს დიდ პატრიოტსა და მოამაგეს, ახალგაზრდა დუტუს გულის ჯიბეში ქართული მიწა ეყარა. დუტუს სიკვდილმა ქართული ჯარის იერიში ვერ შეაჩერა, რევაზ მუხრანბატონმა მარცხენა და მარჯვენა ფლანგებს უბრძანა იერიში დაეწყოთ. მალე ბრძოლის ყველა უბანზე შეტაკება IV არმიის მარცხით დასრულდა. იგორ ხორთუმოვი, რომელიც გაქცევას ლამობდა, ტყვედ ჩაუვარდათ ხელში. მოსკოვისაკენ გზა ხსნილი იყო. რევაზ მუხრანბატონმა რიაზანის თავზე თავისი დროშა - წითელ ფონზე გამოსახული ერეკლე II აღმართა.
იგორ ხორთუმოვი, რომელიც ცნობილი იყო როგორც ქართველთა დიდი მტერი და განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდა ტყვეებს, სიკვდილით დასაჯეს. მისი ვაჟის, არტურის ერთი ჩანაწერის მიხედვით, ის ზარბაზნის ლულაზე მიაბეს ზურგით და ზარბაზანი კავკასიონისაკენ მოაბრუნეს. იგორ ხორთუმოვმა შორს დაინახა არარატის მთა და აღმოხდა: „ო რა დიდი ხარ შე ოჯახაშენებულო"(Дела Артура Хортумова, Национальный Архив Армении, N14). ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ლადო აფხაზმა ზარბაზანი გაისროლა და თავისი ვაჟის მკვლელს წირვა გამოუყვანა.
რევაზ მუხრანბატონმა თავისი არმიის დივიზია რიაზანში დატოვა, დანარჩენი ნაწილებით, ორი დივიზიით, პირდაპირ მოსკოვისაკენ დაიძრა. მას თან მიჰყავდა 4000 რუსი ტყვე და მიჰქონდა 72 ზარბაზანი, რომლითაც უნდოდა მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებზე აღლუმი მოეწყო. 180 კილომეტრი მათ რამდენიმე დღეში დაფარეს და ოქტომბრის ბოლოსათვის უკვე ცარიცინთან იყვნენ. გენერალმა გადაწყვიტა მდინარე მოსკოვი გადაელახა და კიტაი გოროდისაკენ აეღო გეზი, მაგრამ ჯერჯერობით ცარიცინთან დაბანაკდა. მოსკოვი მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან დაცლილი იყო. ბოლშევიკურმა რეჟიმმა სმოლენსკისაკენ დაიხია უკან. ქართული ნაწილები ცარიცინში შევიდნენ. სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია საკმარისი დოკუმენტური მასალა ამ მოვლენების ზუსტი აღდენისათვის, მაგრამ არსებული დოკუმენტების მეშვეობით აშკარაა, რომ გენერალმა მუხრანბატონმა შეძლო დაეკავებინა რუსეთის ცენტრი. რამდენიმე დღეში ფრონტის ხაზზე ჩავიდა საქართველოს მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანია. საფრანგეთში, ლევილში შემონახული წერილების მიხედვით (Leuville-sur-Orge), რევაზ მუხრანბატონსა და ნოე ჟორდანიას შორის შედგა 2 საათიანი საუბარი, რომელზეც ნოე ჟორდანიამ კატეგორიულად მოითხოვა რუსეთიდან უკან დახევა და ჯარის საქართველოში დაბრუნება. ის მიიჩნევდა, რომ ამ დროისათვის რუსეთის შენარჩუნებას ვერ შეძლებდნენ და ამავე დროს უფრთხოდა გენერალ რევაზ მუხრანბატონის გავლენის ზრდას.
ნოე ჟორდანია
სავსებით შესაძლებელი იყო ხალხს მისი მხარე დაეჭირა და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ გამოსულიყო, რომელიც არცთუ ისე პოპულარული იყო ფართო მასებში. ჩვენ არ ვიცით დეტალურად როგორ მოხდა მოვლენების შემდგომი განვითარება, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რევაზ მუხრანბატონი ჩამოშორდა სამხედრო პოსტს და საქართველოში დაბრუნდა, ჯარი კი ცარიცინიდან და რიაზანიდან გამოიყვანეს და თბილისში დააბრუნეს. ასე დასრულდა ქართველთა ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ, რომლის დროსაც თავისუფლად შეიძლებოდა ქართველებს მოსკოვის დაკავების საშუალებაც მისცემოდათ. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა თუ რაოდენ სასარგებლო იქნებოდა რევაზ მუხრანბატონის სარდლობაში დატოვება და რუსეთის წინააღმდეგ მისი გამოყენება, რადგან 1921 წელს საქართველო კვლავ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა კიდევ მრავალი წლით.
უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია