XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დასაწყისში,
საქართველოს სამეფო უდიდესი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. შუა აზიაში ახალი მძლავრი იმპერია
წარმოიქმნა. მისი დამაარსებელი იყო თემურლენგი (ტამერლანი), წარმოშობით გათურქებული
მონღოლური ტომიდან. თემურლენგმა დალაშქრა ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი და დაიპყრო უზარმაზარი
ტერიტორიები. მის თვალსაწიერში მოექცა კავკასიაც, სადაც ამ დროს საკმაოდ ძლიერი საქართველოს
სამეფო იყო, ჩრდილოეთში კი თემურლენგის დაუძინებელი მოწინააღმდეგე, ოქროს ურდოს ყაენი
თოხთამიში მძლავრობდა. თემურლენგს აშფოთებდა საქართველოს კავშირი თოხთამიშთან და ამავე
დროს სურდა კავკასიაში გაბატონება და მისი უღელტეხილების დაკავება, რათა არც ჩრდილოელთათვის
მიეცა სამხრეთისკენ გამოლაშქრების საშუალება და თვითონ თავისუფლად შეჭრილიყო მათ ტერიტორიაზე,
ექნებოდა რა მოსახერხებელი საკომუნიკაციო სისტემა ზურგში. საქართველოს მეფეები დიდი
გამოწვევის წინაშე იდგნენ. მათ უნდა აერჩიათ ვისი მოკავშირეები იქნებოდნენ. თოხთამიშთან
კავშირი გულისხმობდა თემურლენგთან ომს და მის შემოჭრას საქართველოში, თემურლენგთან
კავშირით კი საქართველო დაუპირისპირდებოდა ოქროს ურდოს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს
წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიისათვის. ეს მძიმე ამოცანა უნდა გადაეჭრა საქართველოს
გვირგინოსანს, გიორგი VII-ს, რომლის მამას, ბაგრატ V-ს, უკვე გამოცდილი ჰქონდა თემურლენგის
მძლავრი ურდოების შემოსევის შედეგები.
თემურლენგი
გიორგი VII-ს პოლიტიკის მართებულობასთან დაკავშირებით
ისტორიკოსთა აზრი ძირითადად ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გიორგი VII-ს უნდა
ებრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ, რადგან მისი შემოსვლა საქართველოში უვნებელი და უსისხლო
მაინც არ იქნებოდა და დიდ ზიანს მიაყენებდა ქვეყანას, თოხთამიშთან კავშირი კი იმ დროს
უფრო მისაღები იყო, მეორე ნაწილის აზრით კი, თემურლენგის შემოსევები მეფე გიორგის აუცილებლად
უნდა აეცილებინა თავიდან ნებისმიერ ფასად და ამით ქვეყანას იხსნიდა იმ განადგურებისაგან,
რაც შუააზიელი დამპყრობლის შემოსევებმა მოუტანა საქართველოს.
წყაროების გაანალიზებითა და ქართულ ისტორიოგრაფიაში
ახალი, საისტორიო დოკუმენტების შემოტანით, ჩვენ გვინდა ნათელი მოვფინოთ არა იმას, მომგებიანი
იყო თუ არა საქართველოსათვის თემურლენგთან კავშირი, არამედ თუ რატომ გადაწყვიტა გიორგი
VII-მ თემურლენგთან დაპირისპირება და არ სცადა მასთან ურთიერთობის უსისხლოდ მოგვარება.
თემურლენგის ლაშქრობების შესახებ სანდო ცნობებს გვაწვდის
თემურის ბიოგრაფი არაბი მწერალი იბნ არაბ შაჰი, რომლის თხზულებაა
„ქითაბ ´ჯაიბ ალ-მაკდურ ფი ახბარ თიმურ”(თემურის საკვირველი ბედისწერის წიგნი). განსაკუთრებით
აღსანიშნავია ნეზამ ად- დინ შამის ”ზაფარ-ნამე” (გამარჯვების წიგნი), ფასიჰ აჰმედ ბენ ჯალალ ად-დინ მოჰამედ
ხაფის „მაჯმალე ფასიჰი" და მოინ ად-დინ ნათანზის „მონთახაბ ათ-თავარიხე მოიჲნ” (”მოინ ად-დინ ნათანზის
რჩეული ისტორიანი”). ასევე საინტერესოა XV საუკუნის I ნახევრის სომეხი ავტორის თომა
მეწოფეცის „ლანგ-თემურის ისტორია". ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია ქართული
წყაროები, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეტალი მათში ბუნდოვნადაა ასახული.
კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკა
დიდი ხნის განმავლობაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა ერთ
მეტად საინტერესო პიროვნებას და მის ჩანაწერებს. ესაა იონჰან შილტბერგერის (1380-1440
წწ.), გერმანელი რაინდის, მოგზაურისა და მწერლის თხზულება - Reisebuch. შილტბერგერი
იბრძოდა ოსმალთა წინააღმდეგ ნიკოპოლისის ბრძოლაში 1396 წელს, ტყვედ ჩავარდა, შემდეგ
ოსმალთა სამსახურში ჩადგა და 1402 წელს, ანკარას ბრძოლაში თემურლენგმა დაატყვევა, რის
შემდეგაც ახლა მის სამსახურში გადავიდა. დიდი ხნის განმავლობაში ის იმყოფებოდა თემურლენგთან
და იმოგზაურა მთელ ახლო აღმოსავლეთში, სამშობლოში უკან დაბრუნების შემდეგ კი დაწერა
თავისი მოგზაურობის შესახებ. მის თხზულებაში არის ცნობები საქართველოს შესახებაც, მაგრამ
მეტად მწირი და ისტორიკოსები მას დიდ მნიშვნელობას არასდროს ანიჭებდნენ, მაგრამ გასულ
წელს, კიოლნის საჯარო ბიბლიოთეკაში (StadtBibliothek Köln) მუშაობისას, ჩვენმა კოლეგამ,
გერმანელმა ისტორიკოსმა ვულფ ჰოფმანმა მიაკვლია თხზულებას „მოგზაურობა აღმოსავლეთში",
რომელიც 1435 წლით თარიღდება, ხელნაწერი კი XVI საუკუნისაა.
ეს ხელნაწერი კიოლნის ბიბლიოთეკას შეუძენია ვინმე შვეიცარიელი ფაბიან ლუსტენბერგერისაგან
1934 წელს. ხელნაწერში გადმოცემულია შილტბერგერის მოგზაურობა ბევრად უფრო ვრცლად, ვიდრე
ეს მის კარგად ნაცნობ თხზულებაშია, ამ შემთხვევაში შილტბერგერის თავგადასავალზე წერს
ჰაინრიხ შნაიდერი, ფრანცისკელი ბერი, რომელმაც მოისმინა მისგან ეს ამბავი და ჩაიწერა.
ხელნაწერის მიხედვით ჩანს, რომ შილტბერგერი საქართველოში იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც
გიორგი VII თემურლენგის შემოტევის მოსაგერიებლად
ემზადებოდა, მეფის სანდო კაცად ქცეულიყო და მის კარზე მსახურობდა. ჩვენ შევეცდებით
მოკლედ გადმოვცეთ მისი ცნობები, რომელიც მან საქართველოზე დაგვიტოვა.
ვულფ ჰოფმანი
შილტბერგერის გადმოცემით, მაშინ, როდესაც გიორგი VII-მ წერილი მიიღო თემურლენგისაგან, ის ტიფლისში იმყოფებოდა,
სამეფო სასახლეში. შილტბერგერიც იმავე დარბაზში იმყოფებოდა, სადაც მეფემ წერილი გახსნა,
წაიკითხა და სათათბიროდ დაიბარა მწიგნობართუხუცესი და ეპისკოპოსები. ისინი მთელი ღამე
თათბირობდნენ, გამთენიისას კი მეფემ ბრძანა საპასუხო წერილის დაწერა. ის ამბობდა, რომ
თემურლენგთან მშვიდობა სურდა, ხარკს გადაუხდიდა და თოხთამიშს არ დაეხმარებოდა, სამაგიეროდ
კი ოქროს ურდოსაგან საქართველოს დაცვას და მოკავშირეობას ითხოვდა. მეფე კარნახს აგრძელებდა,
როდესაც ცისკრის ზარის ხმა გაისმა. ხმა იყო მჟღერი და ძლიერი, მისი ექო ვრცელდებოდა
მთელ არემარეზე. მეფემ კარნახი შეწყვიტა და სარკმლისკენ გაიხედა. მცირე ხანს ასე უსმენდა
და მერე ჩუმად უთქვამს: „ზარი საომარს რეკავს, ზარმა მხედრული დაუკრა". ზარის
რეკვა კი კვლავ ისმოდა, გუგუნებდა უზარმაზარი ზარი თხოთის მთაზე და მეფეს ესმოდა,
რომ ის მხედრულს უკრავდა, საომარ მელოდიას. მაშინვე შეიცვალა მეფე, გამხნევდა, წელში
გაიმართა, წერილი ცეცხლს მისცა და ახალი წერილის დაწერა ბრძანა. მეფე ხმამაღლა, მრისხანედ
ლაპარაკობდა, მწერალი კი შეშინებული იწერდა მის სიტყვებს. მეფემ თემურლენგი ბრძოლაში
გამოიწვია და უარი განუცხადა ქართველთა მიწაზე მისი ლაშქრის გატარებაზე. ეპისკოპოსები
და მწიგნობართუხუცესი, რომელთაც თავადაც მოისმინეს ეს საომარი მოწოდება ზარისაგან, გაოცებულები შეჰყურებდნენ განრისხებულ ხელმწიფეს, მაგრამ ხმა
აღარ ამოუღიათ. წერილი თემურლენგს გაუგზავნეს.
სამი თვე ემზადებოდნენ ქართველები მტრის დასახვედრად
და დიდძალი ლაშქარი შეკრიბეს. აქ იყო სამეფოს ყველა სადროშო. მეფემ გადაწყვიტა ჯარი
ქართლში, ძამის ციხესთან განელაგებინა, სადაც აპირებდა თემურლენგისათვის გამანადგურებელი
დარტყმა მიეყენებინა. ქართული ლაშქარი ჩასაფრდა და დაელოდა, როდის მიიტანდა თემურლენგი
იერიშს ციხეზე, რომელშიც გიორგი VII-მ გარნიზონის ჩაყენება
ბრძანა. ციხის მცველები მომარაგებულები იყვნენ ყველა საშუალებით, რათა იერიშისათვის
გაეძლოთ და დრო მიეცათ ქართველთა ლაშქრისათვის, ზურგიდან დაერტყა თემურლენგის არმიისათვის,
რომელიც არცთუ მრავალრიცხოვანი იყო, რადგან თემურლენგმა ჯარის ნაწილი თბილისთან დატოვა.
თემურლენგის მეომრებმა ტრებუჩეტები მიაყენეს ძამის ციხეს,
რომელიც მაღლობზეა აღმართული და ქვები დაუშინეს. ციხე უძალიანდებოდა შემოტევას. მისი
სქელი კედლები აკავებდა თემურიანთა ნასროლ ქვებს. თემურის მხედართმთავარმა საალყო მანქანების
გამართვა ბრძანა და ციხისაკენ დაძრა ჯარი. ქართველები ისრებს ისროდნენ, კუპრს ადუღებდნენ
მოალყეებისათვის თავზე დასასხმელად და გალავნის ქონგურებზე ადგილებს იკავებდნენ შუბოსნები.
ტრებუჩეტი
ამ დროს ქართველთა არმია დროშებაღმართული, სამ რიგად
გამწკრივებული იდგა. წინამბრძოლი რაზმი მესხებისაგან შედგებოდა, მათ უკან ქართლის ლაშქარი
იდგა. მეფე პირველსა და მეორე ხაზს შორის იდგა, თეთრ ბედაურზე იყო ამხედრებული და ბრწყინვალედ
გახლდათ აღჭურვილი. გვერდით ედგნენ ეპისკოპოსები, მწიგნობართუხუცესი და ამირსპასალარი.
მთელი ჯარი გარინდული ელოდა წმინდა გიორგის. მეფეც ელოდა წმინდა გიორგის გამოჩენას.
ზარი ხომ საომარს რეკავდა, საომარს რეკავდა თხოთის მთაზე ზარი. ერთად, ხმაამოუღებლად
ელოდნენ. მეფე ხედავდა ციხესთან რაც ხდებოდა. მტერი უკვე კოშკებზე ამძვრალიყო, თემურლენგის
დროშას აფრიალებდნენ. მეციხოვნეები იხოცებოდნენ, მაგრამ ჯერ მაინც უძალიანდებოდნენ.
მეფესთან შიკრიკმა მოაჭენა ცხენი და შესძახა: მეფევ, ციხე იღუპება, უკვე დროა ბრძოლა
დაიწყოთ. მაგრამ მეფე არ განძრეულა. სახე გაჰყინვოდა, ხელი მახვილის ვადაზე ედო, მაგრამ
არაფერს ამბობდა, მთელი ჯარიც ასევე ადგილიდან არ იძვროდა.
მერე მეფე მობრუნდა და ამირსპასალარს ჰკითხა: „წმინდა გიორგის ცხენი ხომ არ ჩანს სადმე?"
ამირსპასალარმა ბრძანა მზვერავები გაეგზავნათ ხომ არ მოჩანდა სადმე ბრძოლისაკენ მომავალი წმინდა გიორგი, მასაც სჯეროდა, მასაც სულით და გულით სჯეროდა რომ როგორც დიდგორთან მოვიდა წმინდა გიორგი, არც ახლა დააღალატებდა ქართველებს ბრძოლაში.
ციხეზე იერიშები კი გრძელდებოდა.
თემურლენგმა თითქმის დაიკავა პირველი ბასტიონი და მისი მეომრები უკვე ციტადელს უტევდნენ.
კიდევ ერთი მსტოვარი მოვიდა, მეფეო მტერმა ციხე აიღო
და აქეთ მოიწევენ, დროულად თავს უშველეთო - უთქვამს. მეფემ ამირსპასალარს შეხედა. მან კი უთხრა წმინდა გიორგის ცხენი კიდევ არ ჩანსო. წმინდა გიორგი
არ მოვიდა, სწორედ ამ ბრძოლაში არ მოვიდა და ქართველობამ იმედი დაკარგა. დიდგორთან
მოვიდა წმინდა გიორგი, გაამარჯვებინა ქართულ მახვილებს, მაგრამ ახლა არ მოვიდა.
მტერი უკვე ახლოს იყო. ქართველებმა უკან დახევა დაიწყეს, უხალისოდ, თავჩაღუნულები მოდიოდნენ: რატომ არ მოვიდა წმინდა გიორგი, დიდგორთან თუ მოვიდა ახლა რატომ არ დაგვეხმარა...
მეფემ გაიფიქრა, იქნებ აჯობებს დავრჩე, იქნებ მაინც მოვიდესო, მაშინ ზარი რატომ მღეროდა
საომარსო? ზარმა რატომ დაუკრა საომარი, რატომ მომცა ნიშანიო? მაგრამ ყველაფერი ამაო
იყო, წმინდა გიორგი არ მოვიდა. ქართველები გაიქცნენ, თემურლენგმა გაიმარჯვა. გიორგიმ
ძლივს გაასწრო ბრძოლის ველიდან.
ძამის ციხე
ასეთი დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ისტორიაზე
ისეთ ნივთს, როგორიცაა ზარი. ის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ქვეყნისათვის. მეფემ
მოუსმინა მას და გაიგონა მხედრული სიმღერა, მაგრამ წმინდა გიორგი არ მოვიდა ბრძოლაში
და ქართველები დამარცხდნენ. თემურლენგმა საქართველო სასტიკად ააოხრა და ჩრდილოეთ კავკასიაში
გადავიდა დარუბანდის კარით, სადაც თოხთამიშთან ელოდა დიდი ბრძოლები.
ზარის ისტორია აქ არ სრულდება. საუკუნეების განმავლობაში
მის შესახებ წყაროებში ცნობები აღარ ყოფილა, მაგრამ ის კვლავ გამოჩნდა XIX საუკუნეში, როდესაც კავკასიაში რუსეთის მეფინასცვალი იყო მიხეილ რომანოვი.
მიხეილ რომანოვის მოწვევით, თბილისში ჩამოვიდა ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ჟან პიერ მარი
დეშამპი, რომელმაც გადაიღო თბილისის ღირსშესანიშნაობები. მის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც
ინახება პარიზის ნაციონალურ არქივში (Archives nationales), სწორედ თხოთის მთის ზარია.
ეს ზარი ამ დროისათვის ქალაქ ფოთში იყო, საიდანაც რუსული ფრეგატით „ანტონოვკით"
უნდა გადაეტანათ ყირიმში, იქიდან კი მოსკოვისაკენ აიღებდა გეზს, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი
შემთხვევა, ზარი ძალიან მძიმე და საკმაოდ მყიფე იყო, როდესაც ხომალდზე აჰქონდათ, თოკები
გაწყდა, ზარი ჩამოვარდა და შუაზე გაიპო.
ცნობილი ზარის ერთადერთი ფოტო (სანამ მთელი იყო)
რუსმა მეცნიერმა, ცნობილმა სიგილოგრაფერმა,
ნიკოლაი ლიხაჩოვმა, რომელიც ზარის შესასწავლად იყო ჩამოსული, მის შიდა ნაწილში იპოვა
მცირე ჩინური იეროგლიფის დამღა. ამის შემდეგ ის წელიწადზე მეტი ხანი შეისწავლიდა ქართულ
ისტორიულ წყაროებს და საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა 1878 წელს. ლიხაჩოვის მიხედვით,
ეს ზარი ჩამოასხეს 1247 წელს და ის არაფერ შუაში არ იყო იმ ძველ ზართან, რომლის თხოთის
მთაზე დადგმას, მეფე მირიანს მიაწერდნენ. საქართველოს მეფემ დავით VII ულუმ მონღოლთა დედაქალაქ ყარაყორუმიდან წამოსვლამდე
ყაენს სთხოვა, ზარის ჩამოსხმის ოსტატები გამოეტანებინა, რადგან ის ზარი, რომელიც მეფე
მირიანმა აღმართა თხოთის მთაზე, მას შემდეგ, რაც ღმერთის სასწაული იხილა, ჯალალ ედ-დინს
ჩამოეგდო და გაენადგურებინა. ჩინელმა ოსტატებმა, რომლებიც მონღოლებმა გამოგზავნეს,
ახალი ზარი ჩამოასხეს და მის შიგნითვე დატოვეს ის დამღა, რომელიც აღიშნავს „დამზადებულია
ჩინეთში".
ნიკოლაი ლიხაჩოვი
ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს ცნობილი დამღა გამოიყენეს
კონკრეტული ნივთის აღსანიშნავად ჩინელებმა, ამის შემდეგ კი ამ ხერხს უკვე ხშირად მიმართავდნენ.
შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გიორგი VII-ს
მოეჩვენა ან ზარმა უღალატა, როდესაც მხედრული დაუკრა ისეთ დროს, როცა ამის საჭიროება
არ იყო და ამით გაწირა საქართველო.
ზარის ნამსხვრევები დღეს ყირიმის მუზეუმის საცავში ინახება
და იმედს ვიტოვებთ, მას, როგორც ისტორიულ რელიკვიას, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს
ახლო მომავალში.
უკეთ შევისწავლოთ საქართველოს ისტორია