воскресенье, 29 октября 2017 г.

რატომ ცხოვრობს თბილისში საქართველოს მოსახლეობის ნახევარი: უცნობი ფაქტი XX ს. ისტორიიდან


საქართველოს დედაქალაქისა და ისტორიის გარკვეულ პერიოდებში, კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული, სავაჭრო და კულტურული დანიშნულების ქალაქის - თბილისის ისტორია დღეს საკმაოდ ბევრ მკვლევარს იზიდავს შესასწავლად. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ თუ ზუსტად როდის დაარსდა თბილისი, ვინ და როდის ააგო მისი ციტადელი, რა იყო ამ ქალაქის პირველი სახელწოდება და ა.შ. მაგრამ აშკარაა რომ მარქსისტული საისტორიო სკოლის გავლენით, სოციალურ ისტორიას, თბილისის კვლევაში, გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა. არადა, სოციალურ ისტორიას შეუძლია დაგვანახოს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ზოგადი, პოლიტიკური ისტორიის კვლევით, არ გამოვლინდება. ერთ-ერთი ასეთი დეტალი საქართველოს ეროვნულ არქივში, ძველი დოკუმენტების რუსეთის სახელმწიფო არქივში (Российский государственный архив древних актов - РГАДА) და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის ისტორიაზე მუშაობისას გამოვავლინეთ. ეს დეტალი წყვეტს ქართული ისტორიოგრაფიის დიდ პრობლემას და საქართველოს ისტორიაში ახალ ფურცელს ავსებს. მუშაობისას შექმნილი პრობლემების მოგვარებისთვის, მადლობას ვუხდით ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ვაჟა მირიანაშვილს და საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის თემატას სტრატიოტს ბასილი ბულგარაძეს. ქვემოთ მოყვანილი ფაქტები მაქსიმალურად მოკლედ და პოპულარული ენითაა გადმოცემული; უკვე მომზადებული სამეცნიერო ვერსიის გამოქვენება კი მომავალში იგეგმება.
წითელი არმია თბილისში, 1921 წ. 

როგორც იცით, 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის 26 მაისიდან არსებობდა, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მსხვერპლი გახდა და დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა. მთავრობის წევრები იძულებულები გახდნენ უცხოეთში გადახვეწილიყვნენ. მათ კვალს დაადგნენ უმაღლესი სამხედრო პირებიც. ბოლშევიკები თანდათანობით უსწორდებოდნენ დამოუკიდებლობის მსურველ ქართველ მამულიშვილებს და სასტიკად დევნიდნენ სტუდენტთა იატაკქვეშა, ფარულ ორგანიზაციებს. დაიწყო ქვეყნის  მმართველობის გადაწყობა და აგრარული რეფორმების გატარება. 1922 წელს, კომუნისტურ პარტიაში წამოიჭრა საკითხი - როგორი უნდა ყოფილიყო ერთიანი საბჭოთა სახელმწიფოს ორგანიზება, შეენარჩუნებინათ თუ არა ცალკეული რესპუბლიკები ისტორიულ საზღვრებში მცირედი კორექტირებით. ერთ-ერთ ძირითად საკითხად იქცა ქალაქ თბილისის საკითხი. თბილისის საკითხით დაინტერესებულები იყვნენ როგორც იქ მცხოვრები ქართველები, ასევე სომხებიც, რომლებიც ქალაქში თითქმის უმრავლესობას წარმოადგენდნენ (51% ქართველი, 44% სომეხი, 3% რუსი, 2% თათარი). დავა გახანგრძლივდა და 5 მარტიდან 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. ცენტრალური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებით, თბილისი არ მიეკუთვნა არც სომხეთის სსრ-ს არც საქართველოს სსრ-ს, არამედ, შეიქმნა ცალკე, თბილისის სსრ. ეს იქნებოდა ცალკეული საბჭოთა რესპუბლიკა, ქალაქი. ბრძანებას ხელი მოეწერა 12 ნოემბერს უკვე თბილისში იყო. საბჭოთა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა „ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის" დაარსება. სამენოვანი (ქართულად, სომხურად, რუსულად) განცხადება ათი ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა და გავრცელდა როგორც თბილისში, ისე ერევანსა და ბაქოში. აღსანიშნავია რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ გაითვალისწინა მოსალოდნელი შედეგები და რეაქცია მოსახლეობაში. საინტერესოა რომ ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენიათ იოსებ სტალინს, ფილიპე მახარაძესა და სერგო ორჯონიკიძეს. თუმცა, რადგან დოკუმენტების ნაწილი საიდუმლოა ან განადგურებულია, რას საქმიანობდნენ ამ წლებში ისინი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბაქო (XX ს. 20-იანი წლები)
სერგო ორჯონიკიძე

ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის სასწრაფოდ შეუკვეთეს დროშა, გერბი და ბეჭედი, თუმცა ვერც ერთის დამზადება ვერ მოესწრო გარკვეული მოვლენის გამო, რომელსაც ქვემოთ აღვწერთ.
14 ნოემბერს, მას შემდეგ რაც თბილისის საქართველოდან გამოყოფნის შესახებ ხმები უკვე მთელ საქართველოში გავრცელდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, ქვეყანაში დარჩენილი თბილისური ელიტა, რომელშიც მთელ ქვეყანაში ავტორიტეტული პირები, საქართველოს ისტორიული რეგიონების ყველაზე გავლენიანი თავადების შთამომავლები იყვნენ, ორჯერ შეიკრიბნენ და ეს საკითხი განიხილეს. საჭირო იყო სასწრაფოდ მოქმედების დაწყება. როგორც კომუნისტური პარტიის წევრი ზუგდიდიდან, ნომადი ბარქაია წერს 1922 წლის 16 ნოემბრის წერილში სერგო ორჯონიკიძისადმი; ვარლამ წერეთელმა, სილიბისტრო შერვაშიძემ, გიორგი დადიანმა და მევლუდ წიკლაურმა აღელვებული ხალხის დარაზმვა დაიწყეს, თუმცა ეს აშკარად არ იყო სამხედრო ამბოხი, რომლის წინააღმდეგაც წითელ არმიას უნდა ემოქმედა; ამავე დროს კი, მილიცია ვერ ახერხებდა გლეხობის მასობრივი მოძრაობის შეჩერებას.
ნომადი ბარქაია (1929 წ.)
ელიზბარ არაბული (1930-იანი წლები)

 „გლეხობას ეძახიან, ჩავიდეთ, მიწა დავიჭიროთო" (ანტონი კობახიძე, 1922 წ. 16 ნოემბერი), „მთელის სამეგრელოს გლეხნი ზღვად მოემართებიან ტიფლისისკენ" (ნომადი ბარქაია, 1922 წ. 17 ნოემბერი); „მთის ხალხი, ფეხით, ურმით თუ ცხენით, თელავისკენ დაიძრა და იქადნიან ტიფლისს მივალთო" (ელიზბარ არაბული, 1922 წ. 18 ნოემბერი). არაბულის გადმოცემით, მთაში ისეთი მძაფრად იგრძნობოდა აღშფოთება და გულისტკივილი რომ ყველა თბილისზე საუბრობდა, წმინდა გიორგის ხატსაც კი ლამის პატარა თბილისი მიახატეს. განსაკუთრებით გამოუდია თავი მწერალს დავით კლდიაშვილს, რომლის თაოსნობით მთელი იმერეთი დარაზმულა თბილისისკენ, გარდა ქუთაისისა. ქუთაისის მმართველობამ მოახერხა ხალხის შეკავება დროული მოქმედებით და ახალი დაპირებებით, რომ საქართველოდან სსრ-დან თბილისის გასვლის შემდეგ, დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი მიიღებდა. ქუთაისში ყოველთვის არსებობდა გარკვეული შური და უკმაყოფილება ამ მხრივ და მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევდა რომ დედაქალაქი სწორედ ქუთაისი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ქუთაისელთა უმრავლესობამ იმ დროს უარი განაცხადა თბილისში წასვლაზე.
ქუთაისი, 1922 წ.


ხალხის ორგანიზება მეტნაკლებად მოხერხდა და ისინი თბილისთან ახლოს შეერთნენ. საერთო რიცხვის განსაზღვრა რთულია, თუმცა, სულ მცირე მილიონამდე მაინც აღწევდა, რაზეც РГАДА-ში მოპოვებული ორი საბუთიც მეტყველებს. ამ დროისთვის თბილისში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, მისი გამოყოფა საქართველოს სსრ-დან არც ისე დიდ სირთულეს წარმოადგენდა. 120 ათას ადამიანს არ შეეძლო თბილისის მიწის დაჭერა, რომ საბჭოთა რუსეთს ცალკე არ წაეღო. მაგრამ ამას 1,200 000 ადამიანი შეძლებდა. 
1922 წლის 22 ნოემბერს, როდესაც საზღვრების მონიშნვნა დაასრულეს და თბილისის მიწა უკვე უნდა გაეტანათ საქართველოს საზღვრებიდან, აღმოჩნდა რომ მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი იყო, თითქოს მიწას ჯაჭვებით იჭერენო. იმდენი გლეხი იყო შეკრებილი, რომ მიწის თითოეული გოჯი ეჭირათ, თანაც, როგორც გზად მომავალნი, ისე თბილისის მიწაზე მდგომნი, ისინი ცნობილი სიმღერის „თბილისოს" ძველ ვერსიას ერთხმად მღეროდნენ (ამ ისტორიული მოვლენის ინსპირაციით დაიწერა „თბილისოს" შემდგომი, ყველასთვის ნაცნობი ვერსია). რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი მოხერხდა. მოსკოვში სასწრაფოდ შეკრებილმა პარტიულმა ყრილობამ 1922 წლის 25 ნოემბერს, ოფიციალურად გააუქმა ტიფლისის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შექმნა მთელ ქართულ გლეხობასთან დაპირისპირებას და ქვეყანაში მასობრივ არეულობას უდრიდა. ამის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს ვლადიმირ ლენინი (1922 წ. 25 ნოემბერი). თბილისი საქართველოს  სსრ-ს შემადგენლობაში დარჩა.
სვანეთიდან თბილისის გადასარჩენად ჩამოსული ქალები, 1922 წ.
თბილისის ფართობის სწრაფი ზრდა 1922 წელს

იმავე წლის ბოლოს, ქალაქის მოსახლეობის უჩვეულო ზრდა დაფიქსირდა, რამაც თბილისი მილიონიან ქალაქთა სიაში მოახვედრა. ეს დეტალი, მიუხედავად იმისა რომ ხშირად აღნიშნულა სხვადასხვა საბუთებში, რატომღაც ყურადღების გარეშე დარჩა და მოსახლეობის ეს განსაკუთრებულად სწრაფი ზრდა არ დაუკავშირებიათ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან. 
წლები         მოსახლეობის რიცხოვნობა  
1795                       21 559
1850                       49 411
1900                       110 322
1922                       120 105
1923                       1 256 663

როგორც ვხედავთ, ყველა ჩამოსული გლეხი ქალაქში დარჩა და ქალაქის ახალი უბნები დაარსა. ხალხს ეშინოდა ქალაქის დატოვების, რადგან მათ მეხსიერებაში რჩებოდა ის პერიოდი, როდესაც თბილისი საქართველოს სსრ-დან უნდა გამოეყოთ. მათი შთამომავლობის უმეტესობას დაავიწყდა ეს მოვლენა, მაგრამ მათ ისტორიულ მეხსიერებაში დარჩენილია, რომ ქალაქის დატოვება რაღაც უარყოფითთან, ცუდთან ასოცირდება, ამიტომ ხალხი თბილისს აღარ ტოვებს და ქალაქის მოსახლეობა მუდმივად იზრდება. ეს კი, პასუხს გვაძლევს მთავარ შეკითხვაზე - თუ რატომ ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ქალაქ თბილისში. 

Комментариев нет:

Отправить комментарий